სლოვენიის სიმბოლო, მთა ტრიგლავი რიგით მეცხრე მთა იქნება, რომელსაც საქართველოს ნაკრები უნდა მიადგეს. მანამდე რვა მთაა გადასალახი. პირველი, კარპატები, 18 აგვისტოს წარმატებით გადაიარა - ვლახებს 80:64 მოუგო.
მეტოქე მთლად "ციცაბო" არ იყო, მაგრამ რუმინული სიმაღლის დაძლევა იოლი მაინც არ გამოდგა. თავად განსაჯეთ: ბოლო 25 წამში ორი სამქულიანი რომ არ ჩაგვეგდო, სხვაობა 10-ს ვერ ასცდებოდა.
მათმა მწვრთნელმა მლადენ ოსტოიჩმა ისიც თქვა, საქართველო ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ კავკასიაში მოსაგებად მივდივართო. მწვრთნელს 221 სმ სიმაღლის დრაგუშინისა და იტალიურ "ბენეტონში" გამოწრთობილი მოლდოვანუს იმედი ჰქონდა.
ფარი
დრაგუშინის მეურვეობა 216 სმ სიმაღლის გიორგი შერმადინმა იკისრა, რომელმაც ზაზა ფაჩულიას არყოფნაში სასტარტო ცენტრობა იკისრა.
სხვათა შორის, სწორედ ასეთი სიტუაცია იყო 2012 წელს - თბილისის საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში რუმინეთის წინააღმდეგ ფაჩულიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ამიტომ შერმადინმა მატჩი ხუთეულში დაიწყო და 17 ქულას 13 მოხსნა მიამატა.
მაშინ გიორგიმ აშკარად დაჩაგრა ტანმაღალი დრაგუშინი და იმედი გვქონდა, რომ შაბათსაც იგივე განმეორდებოდა. არც შევმცდარვართ: რუმინელთა ცენტრმა შერმადინთან ჭიდილში მერვე წუთზე მესამე ფოლი მიიღო და მწვრთელმა იგი დიდი ხნით დასვა სათადარიგოთა სკამზე.
სხვათა შორის, პირველ მეოთხედში ფარქვეშ ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო: სამწამიანიდან 10 ქულა მოვაგროვეთ, რუმინეთმა - 2. შერმადინის საბოლოო მონაგარი 13 ქულა და 7 მოხსნა იყო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით მხოლოდ ვიქტორ სანიკიძეს ჩამორჩა: გიორგის მქკ 16 იყო, ვიქტორისა - 17.
დრაგუშინის გასვლის შემდეგ მისი ადგილი დაბალმა და მოძრავმა ბაჩიუმ დაიკავა, რომლის აქტიურობითაც რუმინელებმა ფარქვეშიდან რეალიზების მაჩვენებელი საგრძნობლად გააუმჯობესეს: მეორე პერიოდში სამწამიანიდან 16 ქულა ჩააგდეს, მაშინ, როცა ქართველთა ანგარიშზე მხოლოდ 6 ქულა იყო...
ქართველთა მწვრთნელი ოქმში, მოხსნების გრაფაში ჩახედვის შემდეგ კმაყოფილი ვერ დარჩებოდა: რუმინეთმა ქართველთა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 18-ჯერ მოხსნა, საერთო მაჩვენებლით კი 46:45 გვაჯობა.
ტემპი
მძიმე ფორვარდად თორნიკე შენგელია ირჯებოდა, რომლის გვარის გამოცხადებას ყველაზე მეტი ოვაცია მოჰყვა.
სწორედ ამიტომ თორნიკემ ძალიან მოინდომა - ზედმეტადაც და ნადრევად მიიღო სამი ჯარიმა, რამაც ცოტა გააბრაზა კიდეც, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თორნიკე ხომ 20 წლისაა... თუმცა მატჩის ბოლოს გაიხსნა და გადამწყვეტი ქულების ავტორიც გახდა (რაზეც ქვემოთ დავწერთ).
საკონტროლო მატჩებში დავინახეთ, რომ მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს სწრაფ კალათბურთს ათამაშებს. ამ კომპონენტში კი ძალიან სასარგებლოა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც ჯერ მატჩის დაწყებიდან 6 წამში ჩატენა ეფექტურად, ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში ზედიზედ ორჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა და ელვის სისწრაფით გადავიდა რუმინელთა ნახევარზე - 2+2 და 52:44 ქართველთა სასარგებლოდ.
ამას შენგელიას სწრაფი 2 ქულა მოჰყვა და როგორც რუმინელთა მწვრთნელმა თქვა, მისი გუნდი მესამე პერიოდში გატყდა.
მაღალი კლასის გუნდისთვის 11-ქულიანი სხვაობის შემოტრიალება არარეალური სულაც არ არის, მაგრამ რუმინელებთან შედარებით, ქართველთა კლასი სწორედ აქ გამოჩნდა: სწრაფი გარღვევებით დაწყებული საქმე სამქულიანებით დაგვირგვინდა... თუმცა სამიანები და უკანახაზელები მომდევნო ქვეთავის საქმეა.
სამიანი
მეოთხე პერიოდის დასაწყისში მარკოიშვილის სამქულიანს შენგელიამ ასევე ზუსტი შორეული ტყორცნა მიაყოლა და სხვაობამაც 16 ქულას მიაღწია (66:50). რუმინეთთან ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
მანუჩარის სამქულიანებზე ცალკე სტატიაში დავწერთ, აქ კი დებიუტანტი (ოფიციალურ შეხვედრებში) ჯეიკობ პულენის შორეულ ტყორცნებს შევეხოთ. მან პერიმეტრიდან 6-დან 3 სროლა გამოიყენა.
თუ გახსოვთ, 3-3 სამიანი ტაირონ ელისის "გეგმა" იყო - საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი 2006-09 წლებში თითო თამაშში მინიმუმ 3 შორეულ ტყორცნას იყენებდა. მისი გამოკლების შემდეგ ვერ ვნახეთ კარგი ამერიკელი სნაიპერი, რომელიც მარკოიშვილს სამქულიანებს მიაშველებდა.
საკონტროლო მატჩებისა და ერთი ოფიციალური შეხვედრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პულენს ელისისგან ესტაფეტის გადაბარება შეუძლია. ჯეიკობი თამაშის ორგანიზებაშიც წაგვადგება, შეუძლია ტემპის რეგულირებაც... რაც მთავარია, იგი მსროლელადაც ისევე სასარგებლოა, როგორც გამთამაშებლად.
როცა ცინცაძეს დასვენება დასჭირდა, მწვრთნელმა გიორგი მსროლელად გადაიყვანა და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცა. გიორგიმ ხომ პირველივე წუთებიდან დიდი ენერგია შეალია მეტოქეთა იერიშების მოედნის ცენტრშივე მოშთობას. უმთავრესად, სწორედ მისი დამსახურება იყო საწყისი სპურტი - 9:0.
დრო
კარგი იქნებოდა, საქართველოს ნაკრებს მატჩის უმეტესი ნაწილი ასევე აგრესიულად რომ ეთამაშა, მაგრამ როცა მთელი სიმძიმე 6 კალათბურთელზე გადადის (დანარჩენი ოთხიდან ყველაზე მეტი ბესიკ ლეჟავამ ითამაშა - 8 წუთი), ძნელია შეხვედრის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება.
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ზემოთ ნახსენებმა ექვსეულმა 35-37 წუთი ითამაშა, მაგრამ მწვრთნელმა დრო ისე გაანაწილა, რომ 30 წუთზე მეტი მოედანზე მხოლოდ ერთმა, შერმადინმა (34) გაატარა.
მატჩისას 10-12 წუთი დასვენება კი კარგად მომზადებული კალათბურთელისთვის საკმარისი უნდა იყოს. თუ მომდევნო მატჩში, ბოსნიასთან ზაზა ფაჩულიამაც ითამაშა, მაშინ იგორ კოკოშკოვს შემადგენლობის მეტად ვარირების საშუალება მიეცემა.
ფავორიტები
ნამატჩევს
მლადენ ოსტოიჩი (რუმინეთის მთავარი მწვრთნელი):
- საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტად ითვლება. მოგების შანსი გვქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. 35 წუთი ვუძლებდით მეტოქეს, თუმცა ბოლომდე ძალა აღარ გვეყო.
მიჰაი სილვასანი:
- ცუდად დავიწყეთ, 0:9 ვაგებდით, თუმცა შემდგომ თამაში სამქულიანებით გამოვასწორეთ. შეხვედრის ბოლო მეოთხედამდე ვინარჩუნებდით შანსს. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად იმარჯვა.
კოტე ტუღუში (ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):
- ჩვენმა გუნდმა კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. შესაბამისად, ველოდით, რომ დღევანდელი მატჩი მარტივი არ იქნებოდა. თუმცა ზაზა კარგად შეცვალა გიორგი შერმადინმა. დამსახურებულად მოვიგეთ.
მანუჩარ მარკოიშვილი:
- მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, საკუთარ კედლებში ვასპარეზობდით და ბუნებრივია, მატჩი ემოციური გამოდგა. ამის გამო ბავშვური შეცდომებიც დავუშვით. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
ვიქტორ სანიკიძე:
- ეს მხოლოდ გზის დასაწყისია. ურთულესი მატჩი გველის ბოსნიასთან, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში ფავორიტად მოიაზრება და შესაბამისად, დიდი სამუშაო გვაქვს. კარგი იქნება, თუ მომავალ შეხვედრაში ზაზა დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ მის გარეშეც არ დავზოგავთ თავს.
ევრობასკეტი 2013. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი.
საქართველო 80:64 რუმინეთი (ფოტორეპორტაჟი)
24-18, 20-21, 16-10, 20-15
18 აგვისტო. თბილისი, სპორტის სასახლე, 6000 მაყურებელი
მსაჯები: ა. დემეტრიუ (კვიპროსი), ზ. რუტესიჩი (ჩერნოგორია), ი. მიჰაელი (ისრაელი)
ევრობასკეტი
სლოვენია 2013
18.08.2012 საქართველო-რუმინეთი 80:64
21.08.2012 ბოსნია-საქართველო 22:00
24.08.2012 საქართველო-ლატვია 19:00
27.08.2012 ჰოლანდია-საქართველო 21:30
02.09.2012 რუმინეთი-საქართველო 19:00
05.09.2012 საქართველო-ბოსნია 19:00
08.09.2012 ლატვია-საქართველო 18:05
11.09.2012 საქართველო-ჰოლანდია 17:30
ციფრები
მარკოიშვილი - 50
მანუს რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მაისურით (ოფიციალურ შეხვედრებში) 46 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული.
ორით ნაკლები, ვიდრე 90-იანი წლების სნაიპერ გია სანაძეს. საკითხავი იყო, მარკოიშვილი ვეტერანს შაბათს გაუსწრებდა თუ შემდეგი თამაშებისთვის გადადებდა...
არ გადადო, პირველ მეოთხედში რეალიზებულ შორეულ ტყორცნას მეოთხე ათწუთეულში სამი მიამატა. 50-ე სამქულიანი მანუჩარმა შეხვედრის ბოლო წამისთვის შემოინახა.
მარკოიშვილსა და სანაძეს შორის "დავა" პირველობისთვის როდი მიმდინარეობდა - საქართველოს ნაკრების კალათბურთელთაგან ყველაზე მეტი, 63 სამიანი ტაირონ ელისს აქვს რეალიზებული. დანარჩენს ცხრილში ნახავთ.
სამქულიანები
მოთამაშე მატჩი სამქულიანი მცდელობა
1. ტაირონ ელისი 18 63 126
2. მანუჩარ მარკოიშვილი 28 50 131
3. გია სანაძე 20 48 125
4. ნიკა ცქიტიშვილი 50 44 137
5. ვლადიმერ ბოისა 45 39 124
6. ვიქტორ სანიკიძე 34 34 91
7. გიორგი ცინცაძე 39 30 113
მეტოქენი
ტელეტოვიჩი: როცა გუნდს უჭირს, მარტოს შემიძლია...
მეორე მატჩია, ვრწმუნდებით, რომ ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი სათადარიგოებს ვერ ენდობა. ისინი, ალბათ, იმ დონისანი არ არიან, რომ სასტარტოები სათანადოდ შეცვალონ (ქულები მხოლოდ ექვს მოთამაშეზე განაწილდა).
ასეა თუ ისე, ბოსნიის ნაკრებში კალათბურთელები არათანაბრად იტვირთებიან. თავად განსაჯეთ: ჰოლანდიაში ტელეტოვიჩმა და რაითმა 33-33 წუთი ითამაშეს, ხოლო დედოვიჩი სულაც არ შეუცვლიათ. არადა, მესამე პერიოდის შემდეგ ბოსნიამ 26-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მეოთხე ათწუთეულს ფორმალური სახე მისცა...
- მესამე პერიოდში ბოსნიელთა ზონური დაცვის (3-2) წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ, შეცდომა შეცდომაზე დავუშვით და ამიტომაც დავმარცხდით, - თქვა ჰოლანდიელთა მწვრთნელმა იან იანსენმა.
33 ქულის ავტორი მირზა ტელეტოვიჩი კმაყოფილი ჩანდა:
- როცა გუნდს არაფერი გამოსდის, შემიძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და მოგება...
18 აგვისტო, ალმერე (ჰოლანდია)
ჰოლანდია-ბოსნია 89:107
24-26, 26-25, 14-39, 25-17
ჰოლანდია: იანსენი (12ქ), დე იონგი (16ქ, 4ჩ), კანინგემი (8ქ), ჰულზებოსი (2ქ), ტეეუვკენსი, სმუელდერსი (13ქ, 7მ), აკერბოომი (3ქ), ელსონი (4ქ, 7მ), ნორელი (17ქ, 9მ), კოენისი, სლაგთერი (14ქ, 6მ, 3პ).
ბოსნია: ალიბეგოვიჩი, მასიჩი, ნალეტილიჩი, რაითი (13ქ, 5პ), მიტროვიჩი, კიკანოვიჩი (11ქ, 6მ), ტელეტოვიჩი (33ქ, 6მ), პერსიჩი (14ქ), დედოვიჩი (28ქ, 7მ, 3პ), სინანოვიჩი (8ქ).
D ჯგუფი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 2 2 0 194/173 4
2. რუმინეთი 2 1 1 154/164 3
3. საქართველო 1 1 0 80/64 2
4. ჰოლანდია 2 0 2 173/197 2
5. ლატვია 1 0 1 84/87 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: გარკვეული შეცდომები გვქონდა, მაგრამ მთავარია მოვიგეთ