ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

"ასე უნდა ფიქრობდეს ნაკრების ყველა კალათბურთელი ევრობასკეტის წინ"

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე კარიერაში სამჯერ გახდა ამა თუ იმ ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი.

პირველად ჟურნალისტებმა 2003 წელს საქართველოში ვაღიარეთ, მეორედ ესტონეთის პირველობის MVP გახდა (2009 წელს), საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო მესამედ გასულ კვირას მიიღო - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით, 2014-15 წლების სუპერლიგის N1 მოთამაშედ დასახელდა.

როგორც წესი, საუკეთესოებად გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლებს ირჩევენ, თუმცა გიორგიმ ვერც 2003 წელს მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ვერც 2009 წელს - ესტონეთისა. ორივე შემთხვევაში ფინალში დამარცხდა. წლეულს კი ჩემპიონობაც მოიპოვა ("შსს აკადემიასთან" ერთად), MVP-ის ტიტულიც და ჩაროზად სუპერთასიც
მიაყოლა.

მეტს არ განვაგრძობთ, მოვუსმინოთ გიორგი ცინცაძეს. საინტერესოა, რას ნიშნავს მისთვის სეზონის საუკეთესოდ აღიარება.

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოკითხვაში ხმა მომცა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ შრომა გიფასდება. პირველად, 17 წლისა ვიყავი, საქართველოში საუკეთესოდ რომ დამასახელეს. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, არაერთ ქვეყანაში ვითამაშე და წლეულს საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცი.

- სეზონის დასაწყისში მითხარი, საქართველოში საჩემპიონოდ ჩამოვედიო...
- ეს რომ ვთქვი, არ მიგულისხმია, რომ უეჭველად საქართველოს ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი. მქონდა გუნდთან ერთად პირველობის მოგების სურვილი, პრეტენზია. საბედნიეროდ, ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულეთ. იოლად არაფრისთვის მიგვიღწევია, სერიოზული ბრძოლები გადავიტანეთ. რაც მთავარია: შეიძლება მეტოქეთა თავგადაკლულმა ქომაგმაც არ თქვას, რომ დაუმსახურებლად გავხდით ჩემპიონები.

- როცა "შსს აკადემიის" მატჩებს ვიხსენებთ, არ შეიძლება "სოხუმთან" მეოთხედფინალური დაპირისპირებები მხედველობიდან გამოგვრჩეს. ძალიან გაგიჭირდათ...
- ფაქტს ვერსად გავექცევით, მართლაც გაგვიჭირდა, თუმცა ამის მიზეზი ისევ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. სწორედ ჩვენ მივეცით მეტოქეს კარგად თამაშის უფლება. მაგრამ არც "სოხუმის" გარჯის დაუფასებლობა იქნება გამართლებული. ასეა თუ ისე, მეოთხედფინალში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

- მეოთხედფინალის შემდეგ რვიდან მხოლოდ ერთი მატჩი წააგეთ. არადა, საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალებსა და ფინალებს თამაშობდით...
- მაისამდე საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი ისე იყო აწყობილი, საშუალოდ ორ კვირაში ერთი მატჩის ჩატარება გვიწევდა. როცა დიდი შესვენების შემდეგ თამაშობ, შეიძლება რაღაცა დაგაკლდეს და წააგო.

ამიტომაც იყო, რეგულარულ ეტაპზე რამდენიმე მარცხი რომ მოგვიგროვდა, რეგულარულის ბოლო შეხვედრაც უკანასკნელ წამზე მოვიგეთ: "ქუთაისთან" ჩვენ მიერ ჩაგდებული ბურთის ჩათვლა-არჩათვლაზე მსჯელობას მატჩის დასრულების შემდეგაც დიდი დრო დასჭირდა. საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ქუთათურებს გადავასწარით.

შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა კიდეც, რადგან მათთან ნახევარფინალში თამაში ნამდვილად არ იყო სასურველი, მით უმეტეს, თუ მოედნის უპირატესობა "ქუთაისის" მხარეს იქნებოდა. მანამდე ამ გუნდთან სამი მატჩი გვქონდა წაგებული.

თუმცაღა, "შსს აკადემია" სეზონის დასაწყისში ცოტა განსხვავებული შემადგენლობით თამაშობდა, ხოლო მას მერე, რაც შემადგენლობა საბოლოოდ შეიკრიბა, რომელ ტურნირშიც ვითამაშეთ, ყველა მოვიგეთ.

- "აკადემიასთან" კონტრაქტი ამოგეწურა. სად განაგრძობ კარიერას, ალბათ, ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი...
- საქართველოზე ჯერ ლაპარაკი არ არის, უცხოურ ვარიანტებზე მენეჯერი მუშაობს, მაგრამ აჩქარებას არ ვაპირებ. არა მგონია, კლუბის საკითხი უახლოეს მომავალში გადავწყვიტო.

ევროთასები
- ჯერ არც ის გადაწყვეტილა, ითამაშებს თუ არა "შსს აკადემია" ევროთასებზე. 2008 წელს, შენი დიდი დამსახურებით, ესტონეთის "ტარტუ როკი" ევროჩელენჯის ფინალურ ოთხეულში გავიდა. საერთოდ, რას ნიშნავს გუნდის ევროსარბიელზე თამაში ქვეყნისთვის?
- ძალიან მნიშვნელოვანია კალათბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ვიცი, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში ბევრს უყვარს, მაგრამ მიკვირს, აქამდე რატომ ვერ ხერხდება ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, მუდმივად რომ ითამაშებს ევროსარბიელზე.

თბილისი ის ქალაქია, აქ თუ პოპულარული გახდი, შენი თამაშის საყურებლად დარბაზი ბოლომდე გაივსება. ერთი რომ მოვა კალათბურთზე, მეორესაც გაუჩნდება სურვილი... მით უმეტეს, თუ მცირე წარმატება დაინახა, გულშემატკივარში კალათბურთი ერთიორად პოპულარული გახდება.

უმაღლესი დონის გუნდები ევროლიგასა და ევროთასზე თამაშობენ, თუმცა ევროჩელენჯზეც არიან ასეთები. მაგალითიც გვაქვს - სამიოდე წლის წინათ ქართულმა "არმიამ" "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც NBA-ს ვარსკვლავი დერონ უილიამსი გამოდიოდა. მომდევნო სეზონში ის "ბეშიქთაში" ევროლიგაზე ღირსეულად გამოდიოდა.

არ ვიცი, ვისი კომპეტენციაა, კანონმდებლობაშია შესატანი ცვლილება თუ სხვა რამაა საჭირო, მაგრამ ფაქტია, ნაბიჯი გადასადგმელია, ქართულმა გუნდებმა ისევე უნდა ითამაშონ ევროპის საკლუბო ტურნირებში, როგორც სხვა ევროპული კლუბები გამოდიან.

- როგორც მახსოვს, 2008 წელს ევროჩელენჯის ნახევარფინალში რომ გავიდა, "ტარტუ როკს" მაღალი ბიუჯეტი არ ჰქონდა, 2 მილიონ დოლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო...
- არა, 2-მილიონიანი ბიუჯეტი ნამდვილად არ ჰქონია - 1.2 მილიონ ევროს არ აღემატებოდა. ესტონელები სულ ასეთი ხარჯით გადიან ევროპაზე, თუმცა სწორი მენეჯმენტით ისეთ გუნდს კრებენ, რომ არავისთვის ხელწამოსაკრავნი არ არიან.

მაგალითად, 2008 წელს ევროჩელენჯის გათამაშებაში ერთმანეთის მიყოლებით დავამარცხეთ რუსული გუნდები "სამარა" და "ურალ გრეიტი". ნახევარფინალში ლატვიის "ბარონსს" დავუპირისპირდით. თავიდან 20 ქულის სხვაობითაც დავწინაურდით, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდით.

ვფიქრობ, საქართველოშიც შეიძლება არცთუ დიდი დანახარჯით ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, ევროტურნირებში რეგულარულად რომ ითამაშებს და ერთგვარ ბრენდადაც იქცევა.

ნაკრები
- საქართველოს ნაკრების შეკრება როდის იწყება?
- შეკრების თბილისურ ეტაპს 13 ივლისს დავიწყებთ, შემდეგ კი მზადებას სლოვენიაში განვაგრძობთ. ივლისამდე დრო არის და ცოტას დავისვენებ. ეს აუცილებელია, რადგან წინ სერიოზული შეკრება და მატჩები გველის.

- ტელევიზიის ეთერში თქვი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. საპრიზო ადგილები იგულისხმე?
- რომელი შეჯიბრებისთვისაც უნდა ემზადებოდე, მიზნად მაქსიმუმი უნდა დაისახო, სწორედ მაღალი ადგილებისთვის უნდა იბრძოლო. ასე უნდა ფიქრობდეს ნებისმიერი კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატის წინ.

მიმაჩნია, არც რეალობას ვწყდებით, რადგან აქამდეც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ბევრი შეგვიძლია. 2013 წელს ამხანაგურ მატჩში სერბეთი დავამარცხეთ, ლიტვასთან ოვერტაიმი ვითამაშეთ, სლოვენიაში მედლისთვის ჩამოსულ პოლონეთს დიდი სხვაობით ვაჯობეთ.

სხვათა შორის, იმ წელს ლიტვამ ევრობასკეტის ფინალში იასპარეზა. თუმცა ისიც გვესმის, რომ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ - საწყის ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფური ეტაპის ბარიერის გადალახვაა.

- ჯგუფის ექვსი გუნდიდან მერვედფინალში ოთხი გადის. წინა ევრობასკეტთან შედარებით ამოცანა ცოტა იოლია, მაშინ სამი გუნდი გადიოდა...
- გასვლაცაა და გასვლაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჯგუფიდან გასულები ლიტვას არ შევხვდეთ. მოგეხსენებათ, D ჯგუფში სწორედ ლიტველები არიან, რომლებიც ლატვიასთან, ბელგიასთან, ჩეხეთთან, ესტონეთთან და უკრაინასთან ჭიდილში პირველობას, ალბათ, არ დათმობენ. D ჯგუფის პირველი გუნდი კი ჩვენი ჯგუფის მეოთხეს ხვდება.

- თუნდაც შემადგენლობების მიხედვით, შეიძლება საქართველოს ნაკრების ჯგუფის ფავორიტთა შორის ჩაწერა?
- შემადგენლობის მიხედვით მსჯელობა არ მიმაჩნია გამართლებულად. კალათბურთს გვარები არ თამაშობენ. აგერ, შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიამ ჩერნოგორია მოიტოვა უკან.

მართალია, ჰოლანდიელებს ვარსკვლავები არ ჰყავთ, მაგრამ მათთან თუ მაქსიმალურად მობილიზებულები არ გავედით, ბოლომდე არ დავიხარჯეთ, ძალიან არ მოვინდომეთ, შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება. გავიხსენოთ 2012 წელი, სწორედ ამ გუნდთან დავმარცხდით ჰოლანდიაში. არც მაშინ ჰყავდათ ევროპის მასშტაბით სახელოვანი კალათბურთელები, მაგრამ...

- სეზონი მაკედონიაში დაიწყე. მათი ნაკრების წევრებიც იქნებოდნენ "სკოპიეს" შემადგენლობაში...
- "სკოპიეში" მაკედონიის ნაკრების ხუთეულის წევრი სიმონოვსკი თამაშობდა. კარგი კალათბურთელია. საერთოდ, მაკედონიელებს ახალგაზრდული, მონდომებული და მოძრავი გუნდი ჰყავთ, ყველა ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეები იქნებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისინი პერიმეტრიდან ძალიან კარგად სტყორცნიან.

მაკედონიის კიდევ ერთი პლუსი მათი მწვრთნელია, ძალიან კარგი დამრიგებელი ჰყავთ - ალექსანდრ ჯიკიჩი.

- სხვათა შორის, წლეულს მთავარი მწვრთნელი შეცვალა ჩვენმა ერთ-ერთმა მეტოქე ხორვატიამ. გუნდს იასმინ რეპეშა აღარ წვრთნის...
- დღეს რთული სათქმელია, რა შეიცვლება გუნდში, მაგრამ ერთი კი ცხადია, ხორვატებს ჩვენს ჯგუფშიც და საერთოდაც, ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ. მათი პლუსი ისიც იქნება, რომ შინ ითამაშებენ. თუმცა 2013 წელსაც დავინახეთ, რომ ხორვატიის დამარცხება შეგვიძლია, ძალიან ცოტა დაგვაკლდა სასურველ მიზნამდე, მინიმალური სხვაობით წავაგეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ