ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად ჰარდენის "ჰიუსტონი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
29 მარტს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ჰიუსტონში "როკეტსი" დაამარცხა, რითაც რეგულარული ჩემპიონატის მოგების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

"ჰიუსტონი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შესაბამისად, ლიდერი ოკლენდელების დამარცხების სოლიდური ამბიციაც ჰქონდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და მასპინძელი 113:106 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე ბოლო ხანებში სტანდარტულად ქცეული - 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. ზაზამ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

"გოლდენ სტეიტს" 32 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, კლეი ტომპსონმა კი სტუმრებს 25 ქულა შეაშველა. ოკლენდურმა გუნდმა პირველი პერიოდი 37:20 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობა აღარ დაუთმია და გამარჯვებამდეც ღირსეულად მივიდა. ჰიუსტონელებმა რამდენჯერმე 2 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ სტუმრებმა მეტის საშუალება აღარ მისცეს.

ეს გახლდათ "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის მე-200 კარიერული გამარჯვება, რომელიც მან 238-ე მატჩში მიაღწია. ეს კი NBA-ს აბსოლუტური რეკორდია. ერთი, რომ კერი ერთადერთია, რომელსაც NBA-ში 200 გამარჯვება მოუპოვებია, მეორეც, ასე მცირე მატჩებში ამდენი მოგებაც ვერავის მოუხერხებია. მაგალითად, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა პირადი მე-200 გამარჯვება 270-ე მატჩში იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 106:113
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტმა" თავისებური რეკორდი მიითვალა, რაც ზედიზედ 3 სეზონში მინიმუმ 60 გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს. ოკლენდელებს 60 მოგების წილ 14 მარცხი აქვთ და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 8 მატჩიდან 6 მოგება ჰყოფნით, პირველობა რომ მოიპოვონ.

მორიგ მატჩში, 30 მარტს, "გოლდენ სტეიტი" უშუალო კონკურენტსა და მდევარ "სან ანტონიოს" შინაურ არენაზე ხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ