"ჩვენი გუნდი, ძირითადად, 23-24 წლის კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არაერთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და ესპანეთის ჩემპიონატის ვერცხლის ლიგაში რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დავასრულეთ.
გავედით პლეი ოფში, თუმცა იქ უწინდელი წარმატებით ვერ ვითამაშეთ", - გვითხრა ლევან მასხულიამ და დასძინა, რომ ბოლო შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიზეზი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები
თუმცა ეს მხოლოდ დროებითი ამბავი იყო. იგი მომავალ სეზონშიც ესპანეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას. ვიდრე მის მომავალ კლუბს შევეხებოდეთ, "ალბასეტეზე" საუბარი მოვამთავროთ. საინტერესოა, რა პოზიციაზე თამაშობდა და რა ფუნქციები ჰქონდა ქართველ უკანახაზელს ესპანურ კლუბში.
"ძირითადად, ორ ამპლუაში მიწევდა გამოსვლა - გამთამაშებლად და მსროლელად. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო სათამაშო სქემასა და კონკრეტულ სიტუაციაზე.
რაც შეეხება ფუნქციებს, გუნდში ყველას თავისი საქმე ჰქონდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი, როგორც ყველა გამთამაშებელსა და მსროლელს, კომბინაციების წამოწყება მევალებოდა და ხშირად ვტყორცნიდი სამქულიანს".
დარჩება თუ არა ლევან მასხულია "ალბასეტეში"?
"ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ესპანეთში დავბრუნდები, თუმცა, თუ "ალბასეტეზე" უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა, კარიერას იქ გავაგრძელებ. ბევრი რამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ გაირკვევა".
როგორც მოგახსენეთ, ლევანი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და გუნდთან ერთად ამჟამად ლუქსემბურგში გადის შეკრებას.
როგორც თავად გვითხრა, სანაკრებოდ მზადება 3 ივნისიდან დაიწყო. თავიდან გუნდთან ერთად ფიზმომზადებაზე მუშაობდა, შემდეგ ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა, დილას - ტრენაჟორების დარბაზში, საღამოს - კომბინაციებსა და ტაქტიკაზე.
"ფორმაში ნელ-ნელა შევდივართ, რაშიც ამხანაგური მატჩებიც გვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ ოფიციალური შეხვედრებისთვის სათანადო კონდიციებში ვიქნებით. დანარჩენს უშუალოდ შესარჩევი ეტაპი გვიჩვენებს".
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები B დივიზიონის (ევროპის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ) მატჩებს 9 ივლისიდან შეუდგება.
ჩვენს ჯგუფში, ქართველთა გარდა, ითამაშებენ ჩერნოგორია, პორტუგალია, კოსოვო და ლუქსემბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"