საქართველოს თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს თასის საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა. ვინ ვის შეხვდა და ვინ ვის აჯობა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, აქ თასის გათამაშების სტრუქტურას გაგაცნობთ. საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის შედეგების მიხედვით შვიდი საუკეთესო გუნდი ავტომატურად მოხვდა მეოთხედფინალში. დარჩენილი ერთი ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულმა უნდა შეავსოს, რომელიც მეოთხედფინალში "არმიას" დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციოში ოთხი გუნდი ჩაერთო, გუშინ თსუ-მ "რუსთავს" სძლია, "სამედიცინომ" - "ბათუმს". ასე რომ, დღეს კვალიფიკაციის "ფინალში" სტუდენტურ დერბის ვიხილავთ.

23 იანვარი, თბილისი. აკადემიის დარბაზი
სამედიცინო-ბათუმი 88:72
19:26, 29:14, 18:20, 22:12
სამედიცინო: ტომარაძე
(16ქ, 7მ), კვეტენაძე (3ქ), პირველაშვილი (8ქ, 4პ), გაბისონია, აბაიშვილი (9ქ, 7, 6პ, 3ჩ), შვანგირაძე (2ქ), ჭოჭუა (12ქ, 4პ), ილიჩი (25ქ, 7მ, 3პ), დვალიშვილი (13ქ, 16მ, 7პ, 2დ), ფერიაშვილი, სამოილოვიჩი.
ბათუმი: რამიშვილი (12ქ, 6მ, 6პ, 4ჩ), მიქელაძე (21ქ, 9მ, 3პ), ელიაშვილი (16ქ, 3პ), ემირიძე, კეშელავა (21ქ, 6მ, 4პ), ნინუა, კოკბინაძე, ელიაძე (2ქ, 5მ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

"ბათუმს" ფინანსურად არ ულხინს. მაშინ, როცა სუპერლიგის თითქმის ყველა დანარჩენი გუნდი გაძლიერებაზე ზრუნავს, ზღვისპირელებს, ფაქტობრივად, 6 კალათბურთელით უწევთ თამაში. ასე კი მაღალი დონის ქართული კლუბების წინააღმდეგ ღირსეულად ბრძოლა (მოგებას ვინ ჩივის) რთული იქნება. ამიტომ, დროა, აჭარაშიც ჩამოყალიბდეს ძლიერი (თუნდაც საქართველოს კვალობაზე) გუნდი.

მითუმეტეს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის: ორი კალათბურთელი 18 წლამდელთა ნაკრების წევრია, ერთიც - ახალგაზრდულის. ჭაბუკებმა, ირაკლი მიქელაძემ და ნიკა რამიშვილმა გუშინ ერთობლივად 33 ქულა ჩააგდეს, შედარებით თანაბრად დაკომპლექტებულ სამედიცინოს მეოთხე პერიოდამდე კარგად ეპაექრნენ, მაგრამ მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა - გაიმარჯვა თურქულ შეკრებამოვლილმა "სამედიცინომ".

თვალშისაცემი იყო თბილისელთა უპირატესობა ფარქვეშ: "მედიკოსებმა" 53-ჯერ მოხსნეს, ბათუმელებმა - 29-ჯერ. მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში აჭარელთა ფარქვეშ შეუჩერებელი იყო ნემანია ილიჩი, რომელმაც ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო. აკაკი დვალიშვილმა კი 16-ჯერ მოხსნა.

თსუ-რუსთავი 96:89
24:32, 24:17, 21:20, 27:20
თსუ: კოხრეიძე (7ქ, 4პ, 11მ), თავამაიშვილი, ნინიაშვილი (24ქ, 7მ, 4ჩ), ჩიტაშვილი (6ქ, 9პ, 5ჩ), ხიზანიშვილი (5ქ), შერმადინი (5ქ), მაისურაძე (16ქ), ჩქარეული (4ქ), ბაქრაძე (2ქ, 4პ), ჩიკვილაძე (18ქ, 7მ, 6პ, 4ჩ), ვ. ბერუაშვილი (9ქ).
რუსთავი: მაჭავარიანი (5ქ, 6პ, 4ჩ), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი (1ქ), ბააკაშვილი (11ქ), ჩაჩანიძე (29ქ, 5მ), ჯ. არაბული (5ქ, 6მ), ხმელიძე (33ქ, 8მ, 4პ), გუგავა (5ქ, 6მ, 3პ), ლორთქიფანიძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.

თსუ-"რუსთავის" შეხვედრაც მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანდა. ვინც მატჩი იხილა, დაგვეთანხმება, რომ "რუსთავს"'თსუ-ზე არანაკლებად ეკუთვნოდა გამარჯვება.

ქვემოქართლელთა სასტარტო ხუთეულის წევრებმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს: რატი ბააკაშვილი განსაკუთრებით კარგად დაცვაში ირჯებოდა, ზურაბ მაჭავარიანი მექულეთა დახმარებით იყო დაკავებული, თსუ-ს კალათს კი რევაზ ჩაჩანიძე და ლევან ხმელიძე უტევდნენ შედეგიანად. პირველმა 29 ქულა ჩააგდო, მეორემ - 33. სწორედ მათი დამსახურებაა, მეოთხე პერიოდის შუაში "რუსთავი" 85:81 რომ დაწინაურდა, მაგრამ...

- გადამწყვეტ მომენტში გამოცდილების ხარჯზე ინიციატივა ხელთ ვიგდეთ და თასის გათამაშებაში ბრძოლას ვაგრძელებთ. რუსთაველებს პერსპექტიული, ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ და მათი ძლევა რთული აღმოჩნდა, - თქვა მატჩის შემდეგ თსუ-ს თავკაცმა ნუგზარ ჭეიშვილმა.

შეტევაში მის გუნდს დიდი დახმარება გაუწიეს ბექა ჩიკვილაძემ და თორნიკე ნინიაშვილმა. ბექამ მეოთხე პერიოდის გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო (სულ 18 ქულა), თორნიკემ კი მატჩი 24 ქულით დაასრულა.

დღეს
16:00 თსუ-სამედიცინო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული