წყვილის ფავორიტად თავიდანვე "ქუთაისი" მოიაზრებოდა, მაგრამ მალხაზ კოხრეიძის შეგირდები სტუმრად 3 ქულის სხვაობით დამარცხდნენ და ნახევარფინალში გასასვლელად საკუთარ დარბაზში მეტოქისთვის მინიმუმ 4 ქულის სხვაობით უნდა ეჯობნათ.
პერიშ ბრაუნის ორი ზუსტი შეტევის შემდეგ სტუმრები 4:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის მერე "აიწყვიტა" დავით ბარბაქაძემ, რომლის შეჩერებას სტუმრები ვერაფრით ახერხებდნენ. "ველურამ" ზუსტ სამქულიანს ორქულიანი სროლაც მიაყოლა და მასპინძლები წინ გაიყვანა - 5:4. ქუთაისელთა ლიდერი
ბარბაქაძესთან ერთად პირველ ათწუთეულში ქუთაისელთა ლიდერობა აკაკი დვალიშვილმაც ითავა, რომელიც ფარქვეშაც კარგად მოქმედებდა და საშუალო დისტანციიდანაც არ ერიდებოდა სროლებს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათგან ბრაუნი და ბექა ჩიკვილაძე გამოირჩეოდნენ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სამქულიანებს ისროდა კარგად, მაგრამ ქუთაისელთა შესაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მალხაზ კოხრეიძის გუნდმა პირველი მეოთხედი 8 ქულის სხვაობით მოიგო (28:20).
მეორე პერიოდში მწვრთნელმა შესანიშნავად მოთამაშე დავით ბარბაქაძე დაასვენა. ვერ გეტყვით, ამით ისარგებლეს აკადემიელებმა თუ სხვა რამ იყო მიზეზი, მასპინძლებს 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრეს, ბრაუნისა და ლომოურის ზუსტი სროლების შემდეგ კი შსს წინ გაიჭრა - 36:34.
ამ რთულ მომენტში მასპინძლებს მხსნელად აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი მოევლინათ, რომელმაც ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო (2 სამქულიანი, 2 ორქულიანი) და მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა - 44:38. საბოლოოდ კი ქუთათურებმა დიდ შესვენებამდე 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.
მესამე მეოთხედი მასპინძლების სრული უპირატესობით წარიმართა. ძმები ბარბაქაძეების, ცეკვავას და დვალიშვილის ძალისხმევით, "ქუთაისი" 16 ქულით დაწინაურდა - 73:57.
ბოლო პერიოდში მასპინძლებმა 19 ქულამდეც გაზარდეს სხვაობა, მაგრამ თბილისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა შემდეგ შეტევაში დაკარგეს ბურთი, ცეკვავამ ბრაუნს ჩაუჭრა. ამ ეპიზოდში აკადემიელთა მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა სტუმრები დასაჯა, ორ საჯარიმოს ქუთათურებმა ზუსტი შეტევაც მიაყოლეს, ბოლოს კი ლომინაშვილმა "ალეი უპით" საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 102:91.
ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი, 24 ქულა დავით ბარბაქაძემ მიითვალა, 21 ქულითა და 8 პასით შეეწია გუნდს ზაურ ფაშაევი, 18 ქულა ჩააგდო გიგი ბარბაქაძემ, აკაკი დვალიშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
სტუმართაგან 24 ქულა მიითვალა ბექა ჩიკვილაძემ, 23 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა - ბრაუნმა, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი 15 ქულითა და 18 მოხსნით ილია ლონდარიძემ შეასრულა.
ქუთაისი-შსს აკადემია 102:91
28:20, 21:21, 24:16, 29:34
ქუთაისი: ფაშაევი (21ქ, 8პ), დიდია (2ქ), ცეკვავა (19ქ, 8პ), ლომინაშვილი (6ქ), გ. ბარბაქაძე (18ქ), გრძელიძე, ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (24ქ, 6მ), ა. დვალიშვილი (12ქ, 9მ)
შსს აკადემია: ჩიკვილაძე (24ქ), ლონდარიძე (15ქ, 18მ), ლომოური (14ქ), ბრაუნი (23ქ, 7მ), როგავა (3ქ), ბოქოლიშვილი (10ქ), ილიჩი (2ქ, 7მ)
არჩილ ჟღენტი ("შსს აკადემიას" მწვრთნელი):
- დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ზაზა მაჩალაძის არაობიექტური მსაჯობა, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი მხრიდან. ტრავმის გამო სასურველად ვერ ითამაშა ილიჩმა. სამწუხაროდ, თასს გამოვეთიშეთ, მაგრამ ჩემპიონატისთვის უფრო კარგად მომზადებულნი ვიქნებით.
მალხაზ კოხრეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- კარგად გავისარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მადლობას ვუხდი ბიჭებს მონდომებისა და გუნდური თამაშისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"