ასეთი გუნდის წინააღმდეგ 82 ქულის მოგროვება ხუმრობა როდია?! თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შეტევაში კარგი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.
არადა, სტატისტიკაც პოზიტიური იყო: არმიელებმა 47-დან 27 ორქულიანი (57.4 პროცენტი), 27-დან 8 სამიანი ჩააგდეს. ეს, პირველ რიგში, "არმიას" კალათბურთელთა მაღალი კლასის შედეგია. ბეშიქთაშელთა კლასს არ იკითხავთ - 43-დან 30 ორქულიანი და 23-დან 9 სამქულიანი გამოიყენეს, საერთოდ კი 103 ქულამდე ავიდნენ. ამერიკელმა
ფარქვეშ სემიჰ ერდენს უილიამ ტომასი და იოაკიმ შელბომი ებრძოდნენ. თურქმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო "არმიას" მეფარეთა დუეტმა ჯამში 32 ქულა მიითვალა. მესამე პერიოდში ტომასმა ჩატენვა ჩატენვას მიაყოლა და 17-ქულიანი ჩამორჩენა შვიდამდე დაიყვანა. უილიამმა ერთ ეპიზოდში მონდომებით ჩატენა, შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და მსაჯებისგან ტექნიკური შენიშვნა დაიმსახურა.
პერიმეტრიდან ჯერემი რიჩარდსონი ისროდა ზუსტად - 8-დან 4 სამქულიანი, ხოლო შეტევათა წარმართვა სანდიატა გეინსს როგორ გამოსდის, ამას მის მიერ მოგროვილი პასების რაოდენობით მიხვდებით - 8.
აქამდე მხოლოდ შეტევაზე ვლაპარაკობდით. წაგება კი დაცვაში სუსტი თამაშის ბრალია. ისევე როგორც "არმია", ასევე "ბეშიქთაში" ძირითადად ხუთი კალათბურთელის იმედადაა და ორივე გუნდი ხისტ თამაშს ერიდებოდა, რათა რომელიმე ლიდერს ხუთი ჯარიმა არ მიეღო და მოედანი ნაადრევად არ დაეტოვებინა.
ასეა თუ ისე, სენსაცია არ შედგა - "ბეშიქთაშმა" დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერა და ჯგუფში პირველი ადგილი განიმტკიცა. თავის მხრივ ჰოლანდიურმა ლეიდენმა გერმანიაში "გოტინგენი" დაამარცხა და "არმიას" დარად თითო მოგება წაგება მოუგროვდა. მომდევნო ტურში სწორედ ჰოლანდიელები გვეწვევიან. მატჩი 22 ნოემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"