საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თორნიკე შენგელია შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში გადის საწვრთნელ შეკრებას, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი საიმისოდ, რომ გუნდი მაღალი დონის ტურნირისთვის მოემზადოს.

ჩვენს ნაკრებს 17 ივნისს შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელიც ბოლონიიდან მანქანით ჩამოვიდა და მწვრთნელ-მოთამაშეები მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე მოინახულა. მოგეხსენებათ, შენგელიამ მომქანცველი სეზონი 2 დღის წინ დაასრულა და აქტიური ვარჯიშების დაწყებამდე მცირეოდენი დასვენება ესაჭიროება. ის მთელი ვარჯიშის პერიოდში დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა საწვრთნელ პროცესში არ ჩართულა. შენგელია ინდივიდუალურად ივარჯიშებს სამშაბათს, როცა ჩვენს ნაკრებს
დასვენების დღე ექნება.

ეროვნულ ნაკრებს 2 დღის წინ შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც კლუბ "მონაკოსთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ნაკრებს 18 ივნისს შეუერთდება ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი ჯო ტომასონი, რითაც გუნდის კალათბურთელებით შევსება დასრულდება და უკვე 3 დღეში შემადგენლობა 3 კალათბურთელით შემცირდება. მოგეხსენებათ, ტრევიზოდან ჩვენი ნაკრები 2 საათის სავალი გზით დაშორებულ ქალაქ ტრენტოში მიემგზავრება, სადაც პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიის ეროვნულ გუნდთან. ტრენტოში ნაკრები 15 კალათბურთელით გაემგზავრება, ხოლო 3 მოთამაშე, მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, ნაკრებს დატოვებს და თბილისში გამოემგზავრება.

იტალიასთან მატჩი 23 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება და საწვრთნელ პროცესს ქალაქ იურმალაში გააგრძელებს, სადაც 26 და 28 ივნისს მორიგ სპარინგ-მატჩებს გამართავს, შესაბამისად, კამერუნისა და ეგვიპტის ნაკრებებთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული