რაგბი

ეროვნული ნაკრები

მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის შემადგენლობა გამოაცხადა - მამუკა გორგოძე ოფიციალურად დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ის 31 "ბორჯღალოსანი" დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – "ბორჯღალოსნების" ყველა დროის მელელოვისა და გამორჩეული კაპიტნისთვის, მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა, რადგან გუნდს დასჭირდა, იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.

იაპონია 2019 მე-5 მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის
გამო გამოაკლდა გუნდს.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იმავეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, "ბორჯღალოსნების" თხოვნას - ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანხმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს-მაჟორში შეუერთდება (თუ "ტულონის" ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე "ნათლობას" მიიღებს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახან შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, "ბორჯღალოსნები" ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან "მარიფილდზე" დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით