შოტლანდიასთან მატჩის წინ კომენტარები მაისაშვილმა, დოკმა და ჭყონიამ გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. "ბორჯღალოსნები" საფრანგეთიდან ედინბურგში გუშინ ჩავიდნენ. დღეს კაპიტნის ვარჯიში აქვთ, ხვალ, 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე კი, „მარიფილდზე“ თამაში იწყება.

მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესაა მოსამზადებელი მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ და შოტლანდიურ მხარეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა:

„შოტლანდიასთან მატჩი „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდი მადლობა შოტლანდიის რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის. ჩვენ მათგან მუდამ ვგრძნობთ პატივისცემას და მხარდაჭერას“.

„ამ ტურნირში მონაწილეობა ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა, დროის
მცირე მონაკვეთში რეგულარულად ვეთამაშოთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიცაა შოტლანდია, ინგლისი, უელსი და ირლანდია. ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს და ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები და ვითამაშოთ კარგი რაგბი“.

შოტლანდიასთან გასამართი მატჩისა და „შემოდგომის ერთა თასის“ მოლოდინებზე ისაუბრა შეტევის ირლანდიელმა მწვრთნელმა ნილ დოკმა, რომელიც გუნდს გასულ კვირაში, ფრანგულ შეკრებაზე შეუერთდა:

„მანდელიუში ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. ერთად უკვე 6 თვეა არ გვითამაშია და მნიშვნელოვანია, კარგად შევასრულოთ მარტივი დავალებები და ვიყოთ ცივსისხლიანები. გველის დაძაბული, საერთაშორისო მატჩები, განსაკუთრებით, შოტლანდიასთან, რომელიც ცდილობს ხელდახელ, მაღალ ტემპში ითამაშოს და კარგად იყენებს ფეხს“.

„კონცენტრირებულნი ვართ საკუთარ თამაშზე და ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რაზეც შეკრების განმავლობაში ვიმუშავეთ. ვიმედოვნებთ, რომ შოტლანდია მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ გვეყოლება. ეს თამაში დაგვეხმარება შეთამაშებაში და სისტემებში მცირე ცვლილებების ათვისებაში. მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესება გვქონდეს“.

"ბორჯღალოსანთა" ფიზმომზადების მწვრთნელი ირაკლი ჭყონია იმედოვნებს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, გუნდი ხარისხიან რაგბის ითამაშებს:

„როგორც მორაგბეებმა, ასევე შტაბმა, ბევრი ვიშრომეთ ამ თამაშისა და „შემოდგომის ერთა თასისთვის მოსამზადებლად“. ვიმედოვნებთ, რომ ხარისხიან რაგბის ვაჩვენებთ. უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში პირველად ვთამაშობთ, რაც პრობლემაა, თუმცა ვცდილობთ პოზიტიურები ვიყოთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატება ლომებო, თქვენი იმედი ყოველთვის გვაქვს. აგებთ თუ იგებთ ბოლომდე იხარჯებით, სწორედ ეს უნდა და ახარებს მაყურებელს.
ჟორა
11:11 23-10-2020
0
წარმატებები ბიჭებო,ღმერთი თქვენთან!
gurulo
20:28 22-10-2020
0

სიახლეები პოპულარული