მეტოქე | უელსი - ექვს წელიწადში მეოთხედ

AutoSharing Option
უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში "ბორჯღალოსნები" „დრაკონებს“ მეექვსედ ერკინება. 2022 წლის შემოდგომის ტესტებს საქართველო 19 ნოემბერს, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ასრულებს. შეხვედრა ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

უელსში რაგბის თამაში 172 წლის წინ (1850 წელს) დაიწყეს, ნაკრები კი პირველად 1881 წელს შეკრიბეს და ინგლისს ეთამაშნენ. „დრაკონებმა“ ყველაზე დიდი სხვაობით 2004 წელს იაპონია დაამარცხა 98:0, თავად კი სარეკორდო მარცხი სამხრეთ აფრიკისგან 1998 წელს იწვნია – 13:96.

ირლანდიასთან და შოტლანდიასთან ერთად, უელსს ექვს ერსა და მის წინამორბედ ტურნირებში ყველაზე მეტჯერ – 127-ჯერ აქვს ნათამაშები და
28-ჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ბოლოს 2021 წელს.

1987 წლიდან დღემდე, „დრაკონებმა“ 9-ვე მსოფლიო თასზე ითამაშა და საუკეთესო შედეგი პირველ გათამაშებაში ჰქონდათ, როდესაც მესამე ადგილი დაიკავეს, 2011 და 2019 წლებში კი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. 2023 წლის მსოფლიო თასზე ის „გ“ ჯგუფში ავსტრალიის, ფიჯის, საქართველოსა და პორტუგალია/აშშ-ს შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

ნოემბერში „დრაკონები“ 23:55 დამარცხდა „ოლ ბლექსთან“, ხოლო გასულ შაბათს არგენტინას 20:13 სძლია. უელსს 81,26 ქულა აქვს და მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზეა.

ჩვენ და უელსი

საქართველოსა და უელსს შორის პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, „ფრინიციფალითიზე“ შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. "ბორჯღალოსნებს" ჰქონდა შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან ფრედ ეთამაშა, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.

2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში შევხვდით და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე „დრაკონებს“ ლიანელში, „პარკ სკარლეტზე“ ვერკინეთ, მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 18:0 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ უელსს მეხუთედაც შევხვდებით, რადგან საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე, უელსი და საქართველო "გ" ჯგუფში ითამაშებენ. შესაბამისად, წლევანდელი თამაში მომავალი დაპირისპირების წინ ერთგვარ გახურებად მოიაზრება.

უელსის მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა უკვე დაასახელა ის შემადგენლობა, რომლითაც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშებს. მან შეინარჩუნა ის ბირთვი, რომლითაც გასულ შაბათს არგენტინა დაამარცხა. მეტოქის შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა. პივაკი ამბობს:

„ყურადღებით შევისწავლეთ საქართველო და ის უწინდელზე მეტს ბურთაობს. მათ ჰყავთ ძალიან კარგი ფრთის მოთამაშეები და შედეგიანად იყენებენ ფეხს. გუნდს შენარჩუნებული აქვს ფიზიკური სიძლიერე, რისი მომსწრენიც სამოასთან თამაშისას გავხდით. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ მთელი 80 წუთის განმავლობაში და გამოვასწოროთ დისციპლინა. შემადგენლობიდანაც ჩანს, რომ საქართველოს პატივისცემით ვეპყრობით, რადგან ის უკეთესი გუნდია და სრულფასოვანი ტესტის მოლოდინი გვაქვს“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაისაშვილს გრიპი თუ შეეყარა, უელსში ვერ ჩავა. ეს თუ უშველის ბიჭებს, რომ უკეთესი თამში მონახონ.
გულშემატკივარი
03:05 19-11-2022
1
წარმატება ბიჭებს! მაგარი მორაგბეები გვყავს და ახლებიც ლომებივითაა. უელსთან უმწვრთნელოდ თამაში კი ძალიან ძნელი იქნება.
გიორგი
02:56 19-11-2022
1

სიახლეები პოპულარული