‘ბათუმმა’ ‘როვიგოს’ 4 ლელოც გაუტანა და ჯამში ორ გასვლით შეხვედრაში 3 სატურნირო ქულა აიღო. შინ ბათუმის ‘რაგბი არენაზე’ მასპინძლებმა ორივე თამაში მოიგეს
აღსანიშნავია, რომ მეორე ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე ბათუმელთა მიერ ძლეული გუნდები - ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ და ‘ჰაიდელბერგი’ გავიდნენ. რუმინელებმა და გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ თითო თამაში წააგეს და მათი ძლევა სწორედ ქართველებმა მოახერხეს. რადგან „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ერგო, ფლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ‘ბათუმის’ მეტოქე სწორედ რუმინული კლუბი იქნება. მეორე წყვილი ‘ჰაიდელბერგმა’ და ‘კალვიზანომ’ შეადგინა.
ფლეი ოფის გზა
‘კონტინენტის ფარისა’ და ჩელენჯ ქაფის საგზურისთვის ექვსი გუნდიღა იბრძვის და როგორც ზევით ვახსენეთ, მეოთხედფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხი ითამაშებს. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ორ-ორი თამაში, მიმოსვლით გაიმართება და 13 იანვარს ‘ბათუმი’ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ბათუმში კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება. ერთი კვირის თავზე, 20 იანვარს განმეორებითი შეხვედრაა და რუმინეთის ჩემპიონი არა მშობლიურ ქალაქ ტიმიშოარაში, არამედ კლუჟში გვიმასპინძლებს. განმეორებითი თამაში ადგილობრივი დროით 14 საათზე იწყება.
მეოთხედფინალში გამარჯვებულები ნახევარფინალში გადიან და ერთმანეთს ეთამაშებიან, ანუ წარმატების შემთხვევაში ‘ბათუმის’ მეტოქე ‘ჰაიდელბერგისა’ და ‘კალვიზანოს’ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ციმბირული კლუბები - ‘ენისეი’ და ‘კრასნი იარი’ შეხვდებიან, როლებიც წელს ჩელენჯ ქაფზე თამაშობენ. ნახევარფინალებიც ორ-რაუნდიანია და თამაშები სავარაუდოდ 31 მარტსა და 21 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალში გამარჯვებულები 2018/2019 წლების სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. გარდა ამისა, ისინი გადიან ‘კონტინენტის ფარის’ ფინალში, რომელსაც 12 მაისს ესპანეთი, ბილბაო უმასპინძლებს. საგულისხმოა, რომ იმავე უქმეებზე ბილბაოში ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალებიც გაიმართება.
რა მოხდება ფრის შემთხვევაში
დებულების 2.5.3 და 2.5.4 მუხლების, ასევე მე-2 და მე-3 დანართების თანახმად:
ფლეი ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში ბონუსი (4 ლელოს გატანისა და 7 და ნაკლები ქულის სახვაობით მარცხისთვის) არ გაიცემა და გამარჯვებული გამოვლინდება ორი მატჩის ჯამური ანგარიშით;
თუ ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდება, მეორე შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებიდან 5 წუთში დაიწყება დამატებითი დრო – ორჯერ 10 წუთი 1-წუთიანი შესვენებით;
თუ ამის შემდეგაც ფრეა, შედარდება ორივე მატჩის 180 წუთში (80+80+20) გატანილი ლელოები;
თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია, მოეწყობა შუთაუთი:
გუნდი გამოჰყოფს სამ მოთამაშეს, რომლებიც კარში 22 და 40 მეტრიდან, სამი პოზიციიდან - კარის პირდაპირ და ორივე კიდიდან 15 მეტრზე - რიგრიგობით დაარტყამენ;
თუ საწყისი 6-დარტყმიანი სერიაც ფრედ დასრულდა, შეჯიბრი გამარჯვებულის გამოვლენამდე გაგრძელდება თითო დარტყმით - 40 მეტრიდან, კარის პირდაპირ.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით