თიბიესი-ლელო 10:59. გიორგი ლომთაძის პირველი პოკერი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო" მეორე წრის პირველ ტურში გათამაშების აუტსაიდერს, თბილისის "თიბიესს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 59:10 დაამარცხა.

ძნელი სათქმელია, დაიბრუნა თუ არა "ლელომ" თავისი თამაში. მეტოქე აუტსაიდერი იყო და ადვილი შესაძლებელია, გუნდს სწორედ ამიტომ გამოსდიოდა ყველაფერი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სხვა მატჩებთან შედარებით, ლელოელები უფრო სწრაფად და ორგანიზებულად ირჯებოდნენ.

გამორიცხული არ არის, ამაზე გავლენა ლონდონის "სარასენზის" სარაგბო აკადემიის ხელმძღვანელის, დონალდ ბარელის სტუმრობამაც იქონია, რომელიც ლელოელებთან კვირის დასაწყისიდან მუშაობდა და მატჩსაც ესწრებოდა. ლელოელები ხელდახელ ბურთაობით გამოირჩეოდნენ, უკანა ხაზი და შერკინება
შეთანხმებულად, ჰარმონიულად ირჯებოდა.

ერთი სიტყვით, "ლელომ" შთამბეჭდავად კი მოიგო, მაგრამ ანგარიში მატჩში "თიბიესის" მგეზავმა, ყოფილმა ლელოელმა უჩა მჭედლიშვილმა არეკნით გახსნა - 3:0. მომდევნო 25 წუთში კი "ლელოს" შერკინების კვაჭის, გიორგი ლომთაძის ბენეფისი შედგა. დროის ამ მონაკვეთში ჩემპიონებმა ხუთი ლელო გაიტანეს. აქედან ოთხი სწორედ ლომთაძემ მიითვალა. ერთიც გარემარბ ლექსო გუგავას ანგარიშზეა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ხუთიდან ოთხი გარდასახა და "ლელო" 33:3 დაწინაურდა.

პირველ ტაიმში ყველაფერი ამით არ დასრულებულა. "ლელოს" მორიგი იერიშისას ტაიმის ბოლო წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში პირველხაზელმა გიორგი სანიკიძემ შეაღწია. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 38:3.

ეს, ცხადია, გამარჯვებაა. თუმცა წინ კიდევ მთელი 40 წუთი იყო. "თიბიესს" დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და შესვენების შემდეგ უფრო თავისუფლად, ლაღად ათამაშდა. 46-ე წუთზე "ლელო" კიდევ ერთმა ყოფილმა ლელოელმა, გიგა კორკელიამ დაალელოვა. გარდასახვა გარემაბმა როლანდ ჩაჩავამ მიითვალა - 10:38.

ეს ანგარიში 70-ე წუთამდე უცვლელი იყო. დასკვნით ათ წუთში ჩემპიონებმა სამი უპასუხო ლელო მიითვალეს. მეტოქის ჩათვლის მოედანში სანდრო ნიჟარაძემ, ზურაბ ხორბალაძემ და შეცვლაზე შესულმა რატი შანიძემ შეაღწიეს. ყიასაშვილმა სამივე ლელო გარდასახა - 59:10.

საქართველოს ჩემპიონატი. X ტური
თიბიესი-ლელო 10:59
თიბიესი (15-9) ლაზარიშვილი, ნასრულაევი, კორკელია, მოლოდინაშვილი (ჟვანია 68), ჩაჩავა, მჭედლიშვილი (ჯინაშვილი 45), ღამბაშიძე, (1-8) ორაგველიძე, თედორაძე (ყირიმლიშვილი 56), გაგნიძე (ფსუტური 65), ტრაპაიძე (მახარაძე 60), ნიშნიანიძე, გოგლიძე, ხიზანიშვილი (არველაძე 45), ქუთათელაძე (სუთიძე 56).
ლ: კორკელია. ა: მჭედლიშვილი. გ: ჩაჩავა.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ნიჟარაძე, თოდუა, ცერცვაძე, გუგავა, ხმალაძე (შანიძე 70), მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე (სუჯაშვილი 41), ლომთაძე (სარჯველაძე 58), სანიკიძე (სვიმონიშვილი 68), ხორბალაძე, ქოიავა (გოგოლაშვილი 65), კოლელიშვილი, სურგულაძე (კოპაძე 60), მაისურაძე.
9ლ: ლომთაძე (4), გუგავა, სანიკიძე, ნიჟარაძე, ხორბალაძე, შანიძე. 7გ: ყიასაშვილი.
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

* * *
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "ბათუმის" მორიგი გამარჯვება შინ "არმიასთან" - 23:7. შედეგად, ზღვისპირელები მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბათუმი" მიმდინარე გათამაშების ფავორიტი გახდა. თავად განსაჯეთ, ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ლიდერ "ყოჩებს" ქულები დააკარგვინა.

რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით დამთავრდა მატჩი რუსთავში, სადაც "ხარები" თბილისის "ლოკომოტივს" დაუზავდა - 3:3. ნელ-ნელა იმყარებს პოზიციას ქუთაისის "აიაც", რომელმაც სტუმრად შეძლო ამბიციური თბილისის "ჯიქის" დამარცხება - 25:17.

X ტური
ხარები-ლოკომოტივი 3:3
ჯიქი-აია 17:25
ბათუმი-არმია 23:7

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 10 9 1 0 +114 40
2. ლელო 10 6 2 2 +61 29
3. ბათუმი 10 5 1 4 +27 26
4. ხარები 10 5 2 3 +30 26
5. აია 10 5 0 5 +4 19
6. ჯიქი 9 4 1 4 0 23
7. არმია 10 4 0 6 -48 19
8. ლოკომოტივი 9 3 1 5 -14 18
9. არმაზი 8 3 0 5 -19 14
10. თიბიესი 10 0 0 10 -155 3

XI ტური
თიბიესი-აია, ლოკომოტივი-არმაზი, არმია-ხარები, ლელო-ბათუმი, ყოჩები-ჯიქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული