ტონგას ნაკრებთან ქართველი მორაგბეების ნაცნობობა გასული საუკუნის მიწურულს შედგა. 1999 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბორჯღალოსნები" ტონგელებს რეპეშაჟში დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა ტონგაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით, 37:6 დასრულდა.
იმ დროს ქართულ რაგბის დიდად არ ულხინდა და ტონგაში ვოიაჟი ერთი გახმაურებული ინციდენტით აღინიშნა: მატჩის წინ მოსამზადებლად ჩვენი ეროვნული გუნდი ფიჯიზე ჩავიდა და როცა ტონგაში გამგზავრების დრო დადგა,
ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, გირაოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აწგარდაცვლილი გურამ მოდებაძე დაეტოვებინათ. ცხადია, მოგვიანებით თანხა გადაიხადეს. ნაკრების თავკაცი ტონგაში გუნდთან ერთად იყო.
განმეორებითი შეხვედრა თბილისში ორი კვირის თავზე გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური სხვაობით - 28:27 მოიგო. მას შემდეგ ტონგის ეროვნულ ნაკრებს აღარსად გადავყრივართ.
ლონდონში გამართული წილისწყრის შემდეგ ტონგას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ეპელი ტაიონემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ვფიქრობ, წილისყრა ჩვენთვის იდეალურია. ძალიან მიხარია, ჯგუფში მეტოქეებად მეზობელი ფიჯი და სამოა რომ არ გვერგო.
ახლა ჩვენ მთლიანად ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებებთან თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებულები. მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ორი წელიწადია დარჩენილი და, ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში ჩვენი გუნდის თამაში კიდევ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება.
ასე რომ, ბობოლებთან ღირსეულად თამაშს აუცილებლად შევძლებთ".
ტაიონე არაფერს ამბობს შესაძლო მეტოქეებზე ევროპისა და აფრიკის კონტინენტების შესარჩევი ტურნირების გამარჯვებულებზე.
ეს ძალიან კარგია, რადგან საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მომავალ შესაძლო მეტოქესთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს. აი, რა გვითხრა "ბორჯღალოსანთა" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა:
"ტონგას ნაკრები კარგი გუნდია, თუმცა მე, როგორც ახალზელანდიელს, მაქვს ამბიცია, ჩვენი ნაკრები ისე მოვამზადო, რომ ტონგელთა დამარცხება შევძლოთ".
გაამართლებს თუ არა ჰეიგის ჩანაფიქრი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ახლა კი ტონგელთა გარდასულ დღეებს გადავავლოთ თვალი.
ტონგას ნაკრები თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე არასტაბილურ გუნდად. ასე მაგალითად, 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფურ ტურნირზე ტონგელებმა კანადის ნაკრებთან 20:25 წააგეს, მერე კი ტურნირის მომავალ ფინალისტს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს - 19:14.
თითქმის მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები წლეულს გამართულ ნოემბრის ტესტებზე. ტონგას ნაკრებმა იტალიაში 23:28 წააგო, მერე კი სენსაციურად დაამარცხა სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდი - 21:15, რის გამოც "სკოტების" მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონი გადადგა.
ასე რომ, ტონგას შეუძლია შედარებით სუსტთან წააგოს და თავისზე ძლიერს მოუგოს. ეს ფაქტორი "ბორჯღალოსნებმა" აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ამასთან, ისიც გასახსენებელია, რომ ტონგამ ახალ ზელანდიაში იაპონიის ნაკრებს 31:18 მოუგო. ასე რომ, "თეთრი მტრედები" ხელწამოსაკრავები სულაც არ არიან.
თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. ტონგას რაგბის ისტორიაში იყო კატასტროფული პერიოდებიც. მსოფლიოს პირველ თასზე "თეთრმა მტრედებმა" სამივე მატჩი წააგეს ირლანდიის, უელსისა და კანადის ნაკრებებთან. ოთხი წლის შემდეგ კი ამ გათამაშებაში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
1995 წელს კი ჯგუფში მხოლოდ მაჩანჩალა კოტ დიუვარს მოუგეს, რომელმაც მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე პირველად და უკანასკნელად ითამაშა.
1999 წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტონგამ რეპეშაჟის გავლით შეძლო უძლიერესთა მარაქაში გარევა. აქ ტონგელები ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებთან ვერას გახდნენ, თუმცა მერე იტალიის დამარცხება შეძლეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.
2003 წელს ავსტრალიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება ტონგელებისთვის კატასტროფული გამოდგა. მათ ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგეს.
ოთხი წლის შემდეგ "თეთრმა მტრედებმა" მსოფლიოში მიმოფანტული ყველა საუკეთესო ტონგელი მორაგბის შეგროვება შეძლეს და ჯგუფურ ტურნირში ოთხი თამაშიდან ორი მოიგეს. შედეგად მესამე ადგილი და მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
2015 წლის მსოფლიო თასის წილი ნაყარია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები