რაგბი. ლეგიონერები: მხოლოდ "კლერმონის" იმედად?

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის ბოლოსწინა შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ხუთი ჯგუფიდან ოთხში გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია. მათ შორისაა ქართველ მორაგბეთა ფრანგული გუნდი "კლერმონი", რომელმაც პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩვენებურთა კიდევ ორი გუნდი, "ტულუზი" და "ტულონი",  მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსს ისევ ინარჩუნებს.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც E ჯგუფში ასპარეზობს, ერთი ტურით ადრე მეტოქეთაგან მიუწვდომელია. "ვულკანებმა" ბოლოსწინა ტურში სტუმრად დაამარცხა "ბორდო" - 9:6 და 21 ქულა დაუგროვდა. ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, ჩვენებურთა გუნდს პირველობას ვერავინ წაართმევს.

საგულისხმოა,
რომ ის, შესაძლოა, ერთადერთი ფრანგული გუნდი გამოდგეს, რომელიც ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. თუმცა, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. "ბორდოსთან" მატჩში ზირაქაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილმა ოთხი წუთით მეტი ითამაშა. ის მე-13 წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა.

პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც B ჯგუფის ბინადარია.

ფრანგული რაგბის გრანდმა ბოლოსწინა ტურში სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტთან, ინგლისურ "ვოსფსთან" - 14:17. ტულუზელები ამ მარცხის შედეგად 14 ქულით მე-3 ადგილზე აღმოჩნდნენ. ბოლო შეხვედრას ეს გუნდი შინ გამართავს ლიდერთან, ირლანდიურ "ქონოთთან" და საპრემიო ქულით გამარჯვების შემთხვევაში გაუსწრებს მას. თუმცა, ეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ იქნება, რადგან "ვოსფსი" შინ მიიღებს აუტსაიდერს, იტალიურ ზებრეს და აუცილებლად დაამარცხებს. შედეგად პირველ ადგილს სწორედ ინგლისური კლუბი დაიკავებს. "ტულუზს" კი შანსი ექნება,  საუკეთესო მეორეადგილოსნის რანგში გავიდეს შემდეგ ეტაპზე.

"ვოსფსთან" დაპირისპირებაში კაკოვინი თადარიგში იყო და თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.

C ჯგუფში, ბოლისწინა ტურში შესანიშნავად ითამაშა მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა", რომელმაც შინ ინგლისური "სეილ შარქსი" დაამარცხა - 27:12. აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე "ტულონი" მხოლოდ 15:12 იგებდა. მასპინძლებმა მთელი თავისი კლასი, მონდომება ჩართო საქმეში და ორი ლელო მიითვალა, რამაც გუნდს საპრემიო ქულა მოუტანა.

ტულონელები პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლას განაგრძობენ. თუმცა, ბოლო ტურში ძალიან რთული ბრძოლა ელით ინგლისში, ჯგუფის ლიდერთან, "სარასენზთან". "სეილ შარქსთან" მატჩში გორგოძე მოედანზე 53-ე წუთიდან გამოჩნდა, ჩილაჩავა თამაშში ორი წუთით გვიან ჩაერთო.

შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა D ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ ნარიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ", რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად სტუმრად, დიდი ანგარიშით წააგო უშუალო კონკურენტთან, ირლანდიურ "ლენსტერთან" - 3:57.

ჩვენებურთა გუნდი მატჩის 27-ე წუთზე მატჩის არბიტრის მიერ მგეზავის, ფრანსუა სტეინის წითელი ბარათით გაძევებამ მთლიანად მოშალა. თუმცა ასეთი დიდი სხვაობით მარცხიც ნამეტანია. ბოლო ტურში "მონპელიე" შინ მიიღებს ინგლისურ "ნორსჰემპთონს". საპრემიო ქულით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ჩვენებურთა გუნდს მხოლოდ 16 ქულა უგროვდება, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ იქნება.

"ლენსტერთან" შეხვედრაში მამუკაშვილი და მიქაუტაძე 41-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა მოედანი 53-ე წუთზე დატოვა, იმავდროულად,  თამაშში ქუბრიაშვილი ჩაერთო, ბაზაძე განაცხადში არ იყო.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
გლაზგო-მანსტერი 12:14, მეტრო რასინგი-ლესტერ ტაიგერზი 34:3

სატურნირო მდგომარეობა
1. მანსტერი - 20 ქულა, 2. გლაზგო - 14, 3. ლესტერ ტაიგერზი - 14, 4. მეტრო რასინგი - 5

VI ტური
მანსტერი-მეტრო რასინგი, ლესტერ ტაიგერზი-გლაზგო

B ჯგუფი
ქონოთი-ზებრე 66:21, ვოსფსი-ტულუზი 17:14

სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 18 ქულა, 2. ვოსფსი - 17, 3. ტულუზი - 14, 4. ზებრე - 0.

VI ტური
ტულუზი-ქონოთი, ზებრე-ვოსფსი

C ჯგუფი
ჰლანეჰლი-სარასენზი 22:22, ტულონი-სეილ შარქსი 27:12

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 20 ქულა, 2. ტულონი - 15, 3. ჰლანეჰლი - 10, 4. სეილ შარქსი - 0

VI ტური
სეილ შაქრსი-ჰლანეჰლი, სარასენზი-ტულონი

D ჯგუფი
ლენსტერი-მონპელიე 57:3, ნორსჰემპთონი-კასტრი 28:21

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 21 ქულა, 2. მონპელიე - 11, 3. კასტრი - 10, 4. ნორსჰემპთონი - 9

VI ტური
კასტრი-ლენსტერი, მონპელიე-ნორსჰემპთონი

E ჯგუფი
ბორდო-კლერმონი 6:9, ექსეტერი-ალსტერი 31:19

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 21 ქულა, 2. ბორდო - 10, 3. ალსტერი - 9, 4. ექსეტერი - 6

VI ტური
კლერმონი-ექსეტერი, ალსტერი-ბორდო

ჩელენჯ კაპის გათამაშებაში კი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ოთხს, "კარდიფს", "ბრივს", "ლა როშელს" და "სტად ფრანსეს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, მომდევნო ეტაპზე გააღწიოს.

A ჯგუფში წარმატებით ასპარეზობს შერკინების ქართველი ბურჯის, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელმაც ბოლოსწინა ტურში სტუმრად დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 24:14. ლაროშელელები შედეგად ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე არიან და ინგლისური "გლოსტერი" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

გლოსტერელებმა სტუმრად მშრალი ანგარიშით დაამარცხეს იტალიური "ბენეტონი" - 41:0. ბოლო ტურში "ლა როშელი" სწორედ იტალიურ კლუბს უმასპინძლებს.

"ბაიონთან" მატჩში ყაულაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

C ჯგუფში ლიდერი კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივია". ბოლოსწინა ტურში ჩვენებურთა ეს ფრანგული კლუბი ინგლისურ, ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერს" დაუპირისპირდა და 17:14 დაამარცხა. ბეკოშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, ლობჟანიძემ 70 წუთი ითამაშა, ასეიშვილი და ბრეგვაძე განაცხადში არ იყვნენ.

ამ ჯგუფში მესამე ადგილზეა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის კრასნოიარსკის "ენისეი", რომელიც სტუმრად დამარცხდა უელსში "ნიუპორტთან" - 10:34. გაჩეჩილაძემ სრულად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კაჭარავა ტრავმირებულია.

ამ ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი "ბრივს" აქვს, რომელიც ბოლო ტურში შინ მიიღებს "ნიუპორტს".

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი თამაშობს, "კარდიფი" და "ბრისტოლი". ამათგან უკეთესი მდგომარეობა ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფს" აქვს, რომელმაც სტუმრად დაამარცხა ფრანგული "პო" - 22:21. კარდიფელებს 17 ქულა დაუგროვდათ და მეორე ადგილზე არიან. მას ერთი ქულით უსწრებს "ბასი", რომელმაც სტუმრად სძლია გიორგი ნემსაძის "ბრისტოლს" - 57:22.

ფეიქრიშვილი მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა, ნემსაძემ 30 წუთი ითამაშა.

E ჯგუფში პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს ზურაბ ჟვანისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეს", რომლის შეხვედრაც სტუმრად, აუტსაიდერ რუმინულ "ტიმიშოარასთან" ცუდი ამინდის გამო გადაიდო.

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ბაიონი-ლა როშელი 14:24, ბენეტონი-გლოსტერი 0:41

სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 20 ქულა, 2. ლა როშელი - 19, 3. ბენეტონი - 8, 4. ბაიონი - 1.

VI ტური
გლოსტერი-ბაიონი, ლა როშელი-ბენეტონი

B ჯგუფი
გრენობლი-ნიუკასლი 31:27, ოსფრიზი-ლიონი

სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 25 ქულა, 2. ლიონი - 11, 3. ნიუკასლი - 11, 4. გრენობლი - 5

VI ტური
ლიონი-გრენობლი, ნიუკასლი-ოსფრიზი

C ჯგუფი
ნიუპორტი-ენისეი 34:10, ბრივი-ვორსტერი 17:14

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 18 ქულა, 2. ნიუპორტი - 14, 3. ენისეი - 9, 4. ვორსტერი - 8

VI ტური
ბრივი-ნიუპორტი, ვორსტერი-ენისეი

D ჯგუფი
ბრისტოლი-ბასი 22:57, პო-კარდიფი 21:22

სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 18 ქულა, 2. კარდიფი - 17, 3. ბრისტოლი - 10, 4. პო - 4.

VI ტური
ბასი-პო, კარდიფი-ბრისტოლი

E ჯგუფი
ტიმიშოარა-სტად ფრანსე (გადაიდო), ჰარლიქვინზი-ედინბურგი 18:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 19 ქულა, 2. ჰარლიქვინზი - 18, 3. სტად ფრანსე - 11, 4. ტიმიშოარა - 0

VI ტური
ედინბურგი-ტიმიშოარა, სტად ფრანსე-ჰარლიქვინზი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული