რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში პლეი ოფების ჯერი დადგა. პირველ დივიზიონში პირდაპირ ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია გასული. ორიც ნახევარფინალის შესარჩევ მატჩებს გამართავს.

დღეს, 19 მაისს, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, შალვა მამუკაშვილისა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონი" შინ, "ფელიქს მაიოზე" დაუხვდება "კასტრს". ქართველი მორაგბეებიდან გორგოძე და ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის არიან. მამუკაშვილი და ალხაზიშვილი არ ითამაშებენ.

მატჩში ტრავმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას სამხრეთაფრიკელი ვარსკვლავი ბრაიან ჰაბანა. მის ადგილს ავსტრალიელი დრიუ მიტჩელი დაიკავებს, რომელსაც ასევე ტრავმის გამო ძალიან ბევრი დრო
გაუცდა.

მეორე წყვილში, მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე" ასევე შინ, 20 მაისს ეთამაშება მოქმედ ჩემპიონ "მეტრო რასინგს". ქართველთაგან, სავარაუდოდ, მხოლოდ ნარიაშვილი და მიქაუტაძე ითამაშებენ, ქუბრიაშვილი ტრავმირებულია.

ჩვენებურთა ამ გუნდის მეტოქე საკმაოდ ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ნაკარავა, ტამეიფუნა, კარტერი, მასოე, იმჰოფი, როკოთოკო - ის მორაგბეებია, რომლებსაც ერთ კონკრეტულ მატჩში ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ.

ცხადია, "მონპელიეც" ძალზე ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ჩვენებურების გარდა, აქ ამინდს ქმნიან ბისმარკ და იან დუ პლესები, პაულ ვილემსე, ფრანსუა სტეინი, ნემანი ნადოლო. ერთი სიტყვით, მონპელიეში, შაბათს ძალზე დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩის მომსწრენი ვიქნებით. ხვალვე შესაძლოა გაირკვეს, ეყოლება თუ არა საფრანგეთს ახალი ჩემპიონი.

* * *
მეორე დივიზიონში ერთი აღზევებულის ვინაობა დიდი ხანია გაირკვა. ეს ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსია".

მეორე საგზურისთვის კი, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენი" იბრძვის. მისი მეტოქე "მონტობანია". მატჩი კვირას გაიმართება. ამიტომ გუნდების შემადგენლობები მოგვიანებით დადგინდება.

"აჟენსა" და "მონტობანს" შორის გამარჯვებული მომავალი სეზონიდან პირველ დივიზიონში ითამაშებს.

* * *
ამასობაში გაირკვა კიდევ ერთი ქართველი მორაგბის ახალი გუნდი. "კოლომიემ", რომელიც მეორე დივიზიონში ასპარეზობს, რვა ახალწვეულის ვინაობა დაასახელა. მათ შორისაა შერკინების ქართველი ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ასევე მეორე დივიზიონის "ალბიში" გაატარა.

აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად გუნდს შეუერთდება რუმინელი მეორეხაზელი მარიუს ანტონესკუ და არგენტინელი მგეზავი სებასტიან პოე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მამუკა ბოლომდე ვერ გამოკეთდა ძირითადში რომ არა?
გიორგი
22:04 19-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული