წვიმა, ავარიები და სილამაზე მონაკოში - ფორმულა 1-ის ჭადრაკული ტრასა მონტე-კარლოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფორმულა 1-ში მორიგი გრანდ-პრი მონაკოში გაიმართა. გამარჯვება სერხიო პერესმა იზეიმა, მექსიკის ჰიმნის დროს კი ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.

მონტე-კარლოში ყველაფერი წვიმამ შეცვალა. რეალურად, ამ ტრასაზე რბოლა ისედაც რთულია, რადგან ვიწრო გზაა და მრბოლელებს ერთმანეთზე გადასწრება დიდი წვალების შემდეგ უწევთ. რა თქმა უნდა, ამინდის ცვლილებამ რიგი პრობლემები მოიტანა...

საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ხუთეული ასე გადანაწილდა:

1. შარლ ლეკლერი ("ფერარი") - 1:11:376

2. კარლოს საინსი ("ფერარი") - 1:11:601

3. სერხიო პერესი ("რედ ბული") - 1:11:629

4. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული") -
1:11:666

5. ლანდო ნორისი ("მაკლარენი") - 1:11:829

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, გზა სველი იყო, რის გამოც მრბოლელებს უჭირდათ ავტომობილის მართვა. მაგალითად, ნიკოლას ლატიფი ("უილიამსი") და ლენს სტროლი ("ასტონ მარტინი") ბარიერს უწყინარ სიტუაციაში დაეჯახნენ.

22-ე წრეზე "ფერარის" პიტ-სტოპში შეცდომა დაუშვეს, რის გამოც ლეკლერს მნიშვნელოვანი წამები დააკარგვინეს და რბოლის მესამეადგილოსნობიდან მეხუთე პოზიციაზე დააქვეითეს. არადა, უნდა ითქვას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე "მონეგასკმა" ბრწყინვალედ იასპარეზა.

26-ე წრეზე "ჰაასის" მრბოლელი მიკ შუმახერი ბარიერს მძიმედ შეეჯახა, რის გამოც ბოლიდი შუაზე გაიყო და კევინ მაგნუსენთან ერთად მიკმაც ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა. ამერიკული ბრენდისთვის მონტე-კარლოს ვოიაჟი წარუმატებელი გამოდგა.

თუ მონაკოს გრანდ-პრის ტრასას გავითვალისწინებთ, მაშინ დიდ გადასწრებებს არ უნდა ველოდოთ. ამიტომაც აქ უფრო მეტად ჭადრაკული თამაში წავიდა. საბოლოოდ, როგორც უკვე გითხარით, გამარჯვება "ჩეკო" პერესმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კარლოს საინსი გავიდა, მესამე პოზიცია კი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, მეოთხე-მეხუთე ადგილები შარლ ლეკლერმა და ჯორჯ რასელმა შეავსეს.

ამრიგად, საერთო ჩათვლაში პირველ პოზიციაზე მაქს ფერსტაპენი იმყოფება, ნიდერლანდელ მსოფლიოს ჩემპიონს 125 ქულა აქვს; მეორე ადგილს შარლ ლეკლერი 116 ქულით იკავებს, მესამე პოზიცია კი სერხიო პერესს 110 ქულით მყარად უჭირავს.

მომდევნო გრანდ-პრი აზერბაიჯანში, 12 ივნისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული