გასულ უქმეებზე, კიმი რაიკონენმა პირველი პოული მოიპოვა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. ეს მოხდა მონაკოში, სადაც პირველი ადგილი სტარტზე - უკვე ნახევარი საქმეა. რაიკონენმა შეინარჩუნა ლიდერობა პირველ მოსახვევში და პიტსტოპების სერიამდე პირველ ადგილზე იყო - თითქოს, ვეტერანს მოგება ჯიბეში ედო. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ სებასტიან ფეტელის ტაქტიკა უფრო მომგებიანი ყოფილა და კიმის მოგება ხელებიდან გაუსხლტა.
"ფერარიმ" შეგნებულად მოახვედრა რაიკონენი ტრეფიკში თუ ეს გარემოებებით იყო გამოწვეული? ამაზე
ეს არ იყო შემთხვევითობა
"იქამდე, სანამ დაჯილდოების ცერემონიისას იტალიის ჰიმნი აჟღერდებოდა, კიმიმ უღიმღამოდ ასწია თავს ზემოთ თასი, შემდეგ კი შამპანურის ბოთლს ისე შეხება, თითქოს ის საწამლავი ყოფილიყოს. ჩვეულებრივ, კიმი იმდენ ემოციას გამოხატავს, რამდენსაც ყინულის ნატეხი, მაგრამ, ამჯერად, მის სახეზე მრისხანება იყო აღბეჭდილი, - წერს The Telegraph-ის კორესპონდენტი ოლივერ ბრაუნი. - მთელი უქმეები ფინელი შესანიშნავ ფორმასა და ტემპს აჩვენებდა, მაგრამ "ფერარიში" დაუბრუნდნენ პრაგმატიზმის უკიდურეს ფორმას - აჩუქეს ფეტელს რამდენიმე წამი, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. რაიკონენი დიპლომატიურად გაექცა უხერხულ კითხვებს და პირდაპირ არ დაუდანაშაულებია გუნდი ფავორიტიზმში, მაგრამ უკმაფილების დამალვა ვერ შეძლო".მონაკოს რბოლაში კიმი რაიკონენისა და სებასტიან ფეტელის მიერ ადგილების გაცვლა, რა თქმა უნდა, პრესის მთავარი განსახილველი თემა გახდა. და თუ კიმის ადრეული პიტსტოპი შეიძლებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებად მიგვეჩნია, მისმა სახემ რბოლის შემდეგ და ფეტელის არადამაჯერებელი მცდელობებმა - არ დაედასტურებინა გუნდური ტაქტიკის გამოყენება, გადამწყვეტი ეფექტი მოახდინა.
"ყველაფერი ნათქვამი იყო კიმი რაიკონენის გაყინული მზერით, არადა, ის ცნობილია თავისი უემოციურობით, - წერს The Guardian-ის ჟურნალისტი ჟილ რიჩარდსი. - ეს იყო "ფერარის" პირველი დუბლი 2010 წლის გერმანიის გრანპრის შემდეგ. მარანელოში არ უყვართ მაშინდელი რბოლის გახსენება, რადგან გუნდს დიდი კრიტიკა შეხვდა გუნდური ტაქტიკის გამოყენების გამო, როცა მასასთან მიმართებაში უპირატესობა ალონსოს მიანიჭეს. ამჯერად, რბოლის შედეგებით მანიპულირება ისეთი აშკარა არ იყო და ფეტელთან მიმართებაში ფავორიტიზმის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია".
"ეჭვგარეშეა, რომ ეს არ იყო უბრალო შემთხვევითობა", - აცხადებს ფრანგული პორტალი F1i.
კიმი გახარებული უნდა იყოს
მაგრამ ყველა არ აღიარებს, რომ "ფერარიმ" შეგნებულად დაუძახა რაიკონენს ბოქსებში ადრე, რათა ფეტელი წინ გაეყვანა. ერთ-ერთმა პირველმა ამის შესახებ ტოტო ვოლფმა განაცხადა. "იმ მომენტში არავინ იცოდა, როგორ იმუშავებდა საბურავები, მათ ეს უნდა შეემოწმებინათ. "სუპერსოფტი" უფრო ნელი აღმოჩნდა და ფეტელმა შეძლო ჩამორჩენის გაბათილება, - განაცხადა "მერსედესის" შეფმა. - არ მგონია, მათ წინასწარ სცოდნოდათ, რა მოხდებოდა. ეს არ ყოფილა დაგეგმილი".იგივე აზრზეა ცნობილი მიმომხილველი ადამ კუპერი. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ თავისი როლი ითამაშა ტრეფიკმა, რომელშიც პიტსტოპის შემდეგ მოხვდა რაიკონენი, ხოლო გაჩერების დრო ვალტერი ბოტასისგან და "რედ ბულის" პილოტებისგან თავდაცვისთვის იყო ნაკარნახევი.
იტალიურ La Gazzetta dello Sport-ს მიაჩნია, რომ შეთქმულება რაიკონენისს წინააღმდეგ არ ყოფილა, ხოლო მსგავსი დისკუსიები - ეს არის ლუის ჰემილტონის მცდელობა, შეარყიოს ნავი მარანელოში. "აზრი იმის შესახებ, რომ "ფერარიმ" გუნდური ტაქტიკა გამოიყენა, ლუის ჰემილტონმა წამოიწყო თავისი შესაბამისი განცხადებით. მას სურს ტიტულისთვის ბრძოლა ტრასიდან მის მიღმა გადაიტანოს. ცხადია, ჰემილტონის მიზანია - მოახდინოს მტრობის პროვოცირება "სკუდერიას" პილოტებს შორის და მიანიშნოს თავის გუნდს იმაზე, რომ დროა ბოტასი თავის თანაგუნდელს დაეხმაროს. ბაჰრეინსა და ესპანეთში ფინელმა უკვე ითამაშა მეორე ვიოლინოს როლი და შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს მომავალში", - ამტკიცებს გაზეთის მუდმივი ავტორი მასიმო ბრიცი.
კიდევ უფრო საინტერესოდ მსჯელობს მეორე იტალიური გამოცემა Corriere della Sera. ჯორჯო ტერუცი არ უარყოფს, რომ რბოლის შედეგი მართლაც გადაწყდა "სკუდერიას" ხელმძღვანელობას შორის, ამასთან, კიმი რაიკონენს უნდა უხაროდეს თავისი გუნდის გამო.
"ფეტელის სიხარული და რაიკონენის იმედგაცრუება - მონაკოს გრანპრის პოდიუმმა "ფერარის" გულშემატკივრები ორ ბანაკად გაყო. მაგრამ, როცა ფსონი ასეთი მაღალია - პრიორიტეტები იცვლება. და სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრავენ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, - ამტკიცებს ტერუცი. - "ფერარის" ჩემპიონატში 2007 წლის შემდეგ არ მოუგია და ახლა, გამოჩნდა ამის გამოსწორების შანსი. და მოცემულ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფიგურაა სებასტიან ფეტელი. სწორედ ის ლიდერობს ჩემპიონატში, სანამ რაიკონენს მეოთხე ადგილი უკავია - ასეთია იერარქია ამ მომენტში. კიმის იმედგაცრუება გასაგებია, რადგან მას შეეძლო მონაკოს გრანპრის მოგება. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის გახარებული უნდა იყოს თავისი გუნდის გამო, რომელმაც, როგორც იქნა, იპოვნა ლიდერი".
ლუის ჰემილტონის ამოცანა რთულდება
"ფერარის" დუბლმა და ლუის ჰემილტონის წარუმატებელმა უქმეებმა გამოიწვია ის, რომ ფეტელის უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში 25 ქულამდე გაიზარდა. ლუისი აშკარა აუთსაიდერი გახდა და ბრიტანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ "მერსედესი" კარგავს კონტროლს სიტუაციაზე."მერსედესისთვის" აუცილებელია, რაც შეიძლება დაიბრუნოს ძველი სიტუაცია. გავიდა ექვსი რბოლა, წინ არის 14 ეტაპი, ჰემილტონი კი უკვე 25 ქულით ჩამორჩება ფეტელს. ჯერჯერობით, სხვაობა ძალიან დიდი არ არის - ერთი მოგების ტოლფასი - მაგრამ "ფერარი" არ ავლენს სისუსტეს და ლუისის ამოცანა ძალიან რთულდება", - აღნიშნავს The Times-ში რებეკა კლენსი.
"შექმნილ გარემოებებში მეშვიდე ადგილი - არც ისე ცუდი შედეგია, მაგრამ იმაში, რაშიც ის არ იყო საუკეთესო, ჰემილტონმა თავის თავს უნდა დააბრალოს, - წერს BBC Sport-ის რედაქტორი ენდრიუ ბენსონი. - დიახ, მონაკოში ორივე "მერსედესს" ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ბოტასმა კვალიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა 0.045 წამის ჩამორჩენით, ლუისმა კი კინაღამ დაამტვრია მანქანა და მე-13 ადგილიდან აიღო სტარტი. შეიძლება გავიხსენოთ, რომ მას ხელი შეუშალა ვანდორნის ავარიამ, მაგრამ ჰემილტონმა თავად დაარღვია ოქროს წესი: ჯერ დააფიქსირე საბაზო დრო და შემდეგ შეუტიე ზღვარზე. ის რომ ასე მოქცეულიყო, გადავიდოდა მესამე სეგმენტში".
"მთელი სეზონის განმავლობაში "მერსედესს" პრობლემები აქვს, მანქანას უჭირს, - აგრძელებს ბენსონი. - ჯერ არც ერთხელ სეზონის განმავლობაში, გუნდმა ვერ შეძლო ორივე ბოლიდი ერთნაირად ემუშავებინა საბურავებთან მიმართებაში. ვხედავთ თუ არა სისტემას "მერსედესის" ჩავარდნებში? სოჭში და მონაკოში - მოჭიდების მხრივ, დაბალი დონის ტრასებია და იქ ბევრი ნელი მოსახვევია. სწორედ ასეთი ტრასები გველოდება მომდევნო სამ რბოლაში - კანადაში, აზერბაიჯანსა და ავსტრიაში. და თუ იქ პრობლემები გაგრძელდება, ბრიტანეთის გრანპრისთვის ფეტელს უდიდესი უპირატესობა ექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"