არადა, უმაღლეს ლიგაში თამაშობენ...

AutoSharing Option
ზოგჯერ დიდი საქმე ენთუზიაზმიდან იღებს სათავეს. ასეა სპორტშიც. მით უფრო, თუ სპორტის ახალი ან უკვე ნაცნობი სახეობა დამკვიდრებას იქ ლამობს, სადაც მანამდე ტრადიციები არ გააჩნდათ. მცხეთა ნიჩბოსნობის ტრადიციული კერაა საქართველოში და ახლა აქ ფრენბურთის ცენტრად გადაქცევისთვისაც იდგმება სერიოზული ნაბიჯები. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

_ 2004 წელს მცხეთობაზე ცნობილი ვეტერანი ფრენბურთელები, ოლიმპიური ჩემპიონი ვაჟა კაჭარავა და სლავა ბუინოვი ჩამოვიდნენ თბილისიდან. საღამოს ჩემს ოჯახში გადაწყდა, მცხეთაში ფრენბურთის დანერგვისთვის სერიოზულად მოგვეკიდა ხელი _ გვეუბნება ზურაბ მიქაია.

ცნობისათვის: ზურაბ მიქაია ვეტერანი ნიჩბოსანია, მაგრამ სიტყვა
ვერ გატეხა და ფრენბურთის პირველი ჯგუფი იმავე 2004 წელს გახსნა მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში. მერე სამხარეო ფედერაციაც ჩამოყალიბდა, ზურაბ მიქაია კი ფედერაციის თავკაცად აირჩიეს.

_ რამდენადაც გვახსოვს, მცხეთის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი უკვე 2005 წელს საქართველოს განახლებული ჩემპიონატის მონაწილეთა შორის გამოჩნდა...
_ დიახ, _ დაგვიდასტურა ბატონმა ზურაბმა. _ მწვრთნელად თბილისიდან ვეტერანი ფრენბურთელი, ქალბატონი მაია ხორიაშვილი მოვიწვიეთ.

_ საქართველოს ჩემპიონატში როგორ მოხვდით?
_ ერთადერთი მოტივი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ჩვენი უსაზღვრო ენთუზიაზმი იყო.
2006 წელს მეოთხე ადგილზე გავედით, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2007 წლიდან ჩამოყალიბებულ უმაღლეს ლიგაში გვეასპარეზა. იმ და მომდევნო წლებშიც სტაბილურად მეოთხე ადგილს ვინარჩუნებდით 10 გუნდში. წლეულს მეორე ადგილზე გასვლის შანსიც გაგვიჩნდა, მაგრამ საბოლოდ ისევ მეოთხეზე დავრჩით. შარშან თბილისის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. ასე რომ, ვიზრდებით...

_ ახალი ჩემპიონატი როდის იწყება?
_ 25 ოქტომბრიდან. ეს უკვე 2011 წლის პირველობაა, ჩვენთვის მეხუთე უმაღლეს ლიგაში.

_ ბავშვთა სექციები თუ მუშაობს?
_ რა თქმა უნდა. მოზარდებში ბევრნი რიან დევნილთა ოჯახების შვილები წეროვნიდან და ახალგორელთა ახალი დასახლებიდან. ფრენბურთი ძალიან პოპულარული გახდა, იმდენად, რომ მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე საპლაჟო ფრენბურთის მოედნის მოწყობაში მოსახლეობა დაგვიდგა მხარში, ზოგი რით შეგვეწია, ზოგი _ რით. მოედანიც საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი გამოგვივიდა.

_ განსაკუთრებით ვის ემადლიერებით...
_ მეორე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანა ბოხუას, რომელმაც დარბაზიც დაგვითმო, ტერიტორიაც ახალი ბაზის გასაშენებლად და საკუთარი ფულიც შეგვაწია. ზრუნვას არ გვაკლებს პოლიციის უფროსი ალექსანდრე ნებიერიძე. ყველას ვერ ჩამოვთვლი...

_ განათლების სამინისტროს ახალი პროექტით სკოლებში სპორტის სწავლება ინერგება. ძირითადი ალბათ ფრენბურთი იქნება.
_ ეს უკვე გადაწყვეტილია. მე ფიზაღზრდის მასწავლებლად დავინიშნე. დიდი გეგმები გვაქვს.
ზურაბ მიქაიასთან საუბარისას სხვა საკითხებითაც დავინტერესდით. შევიტყვეთ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აღმავლობის გზას ფრენბურთი დღემდე თურმე ე.წ. საზოგადოებრივ საწყისებზე მიუყვება. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არავინ ხელფასს არ იღებს, თვით უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელიც კი. არადა, მწვრთნელი ამდენი წელიწადია, მცხეთაში თბილისიდან დადის. ყოველთვის დგას გუნდის სხვა ქალაქში მივლინების პრობლემა. ახალი ჩემპიონატი ყვარელში იწყება და გაურკვეელია, ვინ გაიღებს საჭირო ხარჯებს. თუმცა, შეიძლება, საქმე აქამდე არც მივიდეს _ ჯერ ათასი ლარია შესატანი ჩემპიონატის მოსაკრებელი. აქამდე თანხას მცხეთის მუნიციპალიტეტი იხდიდა და იმედს იტოვებენ, რომ წლეულს დამოკიდებულება არათუ შეიცვლება, მეტ ყურადღებას დაიმსახურებენ. გუნდი ხომ წელში გაიმართა, რეზერვიც უდგას კვალში და საფუძველი ნაოცნებარის რეალობად ქცევისთვის გარანტირებულია.

თენგიზ თომაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული