ცოტა ხნის წინათ ქართულმა ხელბურთმა შიდაპირველობები დაასრულა. საინტერესოდ ჩატარდა ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა. სამწრიანი რეგულარული პირველობის შემდეგ მედლები ფინალურ კვარტეტში გათამაშდა. განსაკუთრებით, თავი გამოიჩინა თელავის "იმედმა", რომელმაც ზედიზედ სძლია ბათუმის "შავი ზღვის ბიჭებსა" და სტუ-"ქარიშხალას", რითაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილებზე სტუ და "ბათუმი" გავიდნენ.
12 წლის შემდეგ აღორძინებულ ქალთა ჩემპიონატში მედლებისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. უდანაკარგოდ ოქროს მედალი "ყვარელმა" დაისაკუთრა. ვერცხლი და ბრინჯაო თბილისის "მამულმა" და "პეგასმა" გაინაწილეს.
2000-01 წლებში დაბადებულ ხელბურთელ
- ხელბურთელთა წლევანდელი სეზონი საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით - ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი მინდა გამოვარჩიო, - გვითხრა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ. - დაძაბულობის კულმინაციამ რეგულარული პირველობის მიწურულსა და პლეი ოფში მიაღწია.
მისასალმებელია, რომ ჩემპიონატის ფინიშისთვის საკმაოდ გაიზარდა ხელბურთელთა ოსტატობა. ფინალურ მატჩში როგორც თელავის "იმედის", ისე სტუ-"ქარიშხალას" შემადგენლობაში მეტწილად ახალგაზრდები თამაშობდნენ, უმთავრესად - 20-წლამდელი ხელბურთელები. ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეების ტალღა წამოვიდა. მართალი გითხრათ, წარმატებას უფრო გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდებისგან მოველოდით, მაგრამ ახალგაზრდებს ფინიშისკენ მეტი ენერგია და მოტივაცია აღმოაჩნდათ, რითაც გამოცდილებს აჯობეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეჯიბრებაში თბილისის მხოლოდ ორი გუნდი მონაწილეობდა - სტუ-"ქარიშხალა" და "პეგასი", დანარჩენი ექვსი გუნდი რეგიონებიდან იყო: თელავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, სამტრედია, წყალტუბო. მართალია, ხელბურთის განვითარების გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან სამუშაო საკმაოდ ბევრია, გასაძლიერებელია საწვრთნელი პროცესები, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სამტრედიაში ამ მხრივ კატასტროფული ვითარებაა. თბილისშიც საკმაოდაა ხარვეზები.
სასპორტო კომპლექს "არენის" დარბაზები ჩვენს განკარგულებაშია და გუნდებს საშუალება აქვთ, სრულფასოვნად ივარჯიშონ. მალე გლდანის დარბაზში გათბობის დამონტაჟება დასრულდება და წლის ბოლოსთვის აქაც სრულფასოვანი ვარჯიშის შესაძლებლობა იქნება, რაც ოსტატობის დონეს გაზრდის და თამაშის ხარისხსაც გააუმჯობესებს.
როგორც აღვნიშნე, ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის, მათ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და თაობათა ცვლის პროცესიც უმტკივნეულოდ ჩაივლის.
- თელაველთა ჩემპიონობას თუ ელოდით?
- "იმედმა" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში შეძლო ფინალურ ოთხეულში მოხვედრა ერთპიროვნული ლიდერის - "ქუთაისის" ძლევით. შემდეგ "ბათუმსა" და სტუ-"ქარიშხალას" აჯობა. ამდენად, ჩემპიონობა შემთხვევითი არ ყოფილა. საგულისხმოა, რომ გუნდში უმთავრესად ის ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში იასპარეზებენ. ეს ბიჭები ინტენსიურ მზადებას გადიან ახალგაზრდულ ნაკრებში. ეტყობა, დიდმა მოტივაციამ და საფუძვლიანმა ფიზიკურმა წრთობამ შეაძლებინა მათ ფავორიტების დამარცხება და ჩემპიონობის მოპოვება.
- ქალთა ეროვნულ ჩემპიონატსა და 18-წლამდელთა პირველობებზე რას იტყვით?
- სამივე ტურნირში შეჯიბრებები დაძაბულად წარიმართა. 2005 წლის შემდეგ ქალთა ეროვნული ჩემპიონატი წლეულს პირველად გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილე გუნდების ძირითადი მოთამაშეები, უმთავრესად, 19 წლის გოგონები იყვნენ. იასპარეზეს 2000 წელს დაბადებულებმაც. მართალია, ჩემპიონატი ახალგაზრდული გამოგვივიდა, მაგრამ მთავარია, ტურნირი სტაბილურად წარიმართა. მომდევნო წლებში ის უფრო სოლიდური გახდება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, თუ ახლა ხელბურთელებს, რომლებიც კლუბებში წამყვან როლებს ასრულებენ, უმთავრესად, ნაკრებ გუნდებში ვამზადებთ, მომავლიდან მოთამაშეთა მომზადების სიმძიმე ძირითადად კლუბებზე გადავა - ეს ეხება როგორც ქალთა, ისე ვაჟთა გუნდებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდების პირველობებიც საინტერესო და დაძაბული გამოდგა. სწორედ ამ შეჯიბრებებში შევარჩიეთ ხელბურთელები ეროვნული ნაკრები გუნდებისთვის. უმცროს ასაკში რეგულარული პირველობები ვერ ჩავატარეთ, თუმცა ერთგვარი ძვრები აქაც გვაქვს, რადგან მათთვის ფესტივალები მოვაწყვეთ, მომავალი სეზონიდან კი ასაკობრივი პირველობების გამართვაც გვაქვს განზრახული, რაც მოზარდებში მოტივაციას გაზრდის. მართალია, კლუბებს ფინანსური, ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ 2-3 წელიწადში მათ მოგვარებას შევძლებთ. აუცილებელია საერთაშორისო შეჯიბრებებში უფრო ინტენსიური მონაწილეობა. ხელბურთი დღეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით - ევროპაში, განვითარებული სპორტის სახეობაა. ეტაპები უნდა გავიაროთ, თორემ ეროვნული ჩემპიონატიდან პირდაპირ დიდ სარბიელზე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.
- ჩვენს ნაკრებ გუნდებს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებები ელით...
- უმთავრესი, ცხადია, 19-წლამდელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, რომელსაც 8-20 აგვისტოს თბილისი უმასპინძლებს. სათამაშო სახეობებში მსგავსი ასპარეზობა ჩვენთან არ ჩატარებულა. ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მატჩები 14 დღის განმავლობაში გაიმართება, რაც საქართველოში ხელბურთის განვითარებას დიდ სტიმულს მისცემს. 600-მდე სპორტსმენი და 100-ზე მეტი ოფიციალური პირი გვეწვევა, ცხადია, გულშემატკივრებს არ ვგულისხმობ. 24-ვე ქვეყანაში იქნება მატჩების პირდაპირი ჩვენება, ზოგიერთი შეხვედრა ტელევიზიითაც გადაიცემა.
საორგანიზაციო საკითხები მოგვარებულია. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ სტუმარ-მასპინძლები კმაყოფილნი დარჩნენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების პერსპექტივას, ჯგუფში საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს - გერმანია, ისლანდია, ალჟირი, იაპონია და ჩილე. ცხადია, ამ ეტაპზე მედლებისთვის ბრძოლის შანსი არ გვაქვს, მაგრამ მერვედფინალში გასვლა კი ნამდვილად შეგვიძლია და საამისოდ ქომაგების დახმარებით არაფერს დავიშურებთ.
8-10 ივნისს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებს, 1994 წლის შემდეგ ეს ჩვენი ქალების ევროპულ სარბიელზე პირველი გამოჩენა იქნება. გუნდი უმთავრესად 19-წლამდელი ხელბურთელებით დაკომპლექტდება.
მწვრთნელების - გიორგი გვაზავას და ლანა მარგიანის ხელმძღვანელობით, კოსოვოში ჩვენს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ქრისტინე ჯავახია, ანა ვარდიშვილი, თინათინ ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, ჯულია ჩირგაძე, მედეა ჩოხელი, ქეთევან ვენეცკი, ანა ყველაშვილი, ინა ჭკუასელი, ნენო ჯგერენაია, მარიამ გვათუა, ლანა გოგია და ანა დოლიძე. 9 ივნისს კოსოვოს, ათში კი ისრაელს ვეთამაშებით. გამარჯვებული მეორე შესარჩევ ეტაპზე გადის.
12-18 ივნისს ვაჟთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთში IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში იასპარეზებს ევრო 2020-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად. დებულებით, ნაკრებში 24-წლამდელი ხელბურთელები ითამაშებენ. საქართველოს ნაკრებში, რომელიც B ჯგუფში ლუქსემბურგს, მალტასა და დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდება, უმთავრესად ის ხელბურთელები იქნებიან, რომლებიც თბილისში 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოცდიან ძალებს.
2-7 ივლისს გეტებორგში (შვედეთი) 2000 წელს და უფრო გვიან დაბადებულ ხელბურთელ ვაჟთა ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება. მედლებისთვის ნორვეგია, შვედეთი, რუმინეთი, ისლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელორუსი, სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, საქართველო, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ფინეთი, ისრაელი და ფარერის კუნძულები იბრძოლებენ.
თბილისში გასამართავი ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, კლაიპედაში (ლიტვა) 17-წლამდელ გოგონათა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს. A ჯგუფში ჩვენი გოგონები პორტუგალიას, ბელორუსს, თურქეთსა და იტალიას გაუწევენ მეტოქეობას. B ჯგუფში უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი ითამაშებენ.
როგორც ხედავთ, ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის და ქომაგების გასახარებლად არაფერს დავიშურებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"