საქართველო-შვეიცარია 24:7 - ფავორიტის სტატუსი გავამართლეთ

AutoSharing Option
ევროპის 16 ქვეყნის წყალბურთელები კონტინენტის 2014 წლის პირველობის ფინალური ეტაპის 6 საგზურის მოსაპოვებლად ჯერჯერობით საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ ორი რაუნდის შემდეგ 28-28 ქულით საქართველო, საფრანგეთი და რუსეთი მეწინავეობენ. 7 ნოემბერს სტარტი აიღო მესამე, ბოლო რაუნდმა. სამივე ლიდერმა გათამაშების ცხრილში მორიგი სამ-სამი ქულა ჩაიწერა.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიურ პორტოში ასპარეზობს. 7 ნოემბერს G ჯგუფის 3-ქულიან აუტსაიდერ შვეიცარიას დაუპირისპირდა.

ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს - 2009 წელს ლუგანოში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. მაშინ მასპინძლები 8 ბურთის სხვაობით (10:18) დამარცხდნენ.

7
ნოემბრის პაექრობაშიც ფავორიტებად ქართველ წყალბურთელებს მიიჩნევდნენ და არც შემცდარან:

ჩვენმა ბიჭებმა პირველი წუთებიდან აქტიურად შეუტიეს და რვა წუთის განმავლობაში მეტოქეს ექვსი ბურთი გაუტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ორი მიიღეს. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც ასეთივე ანგარიშით დასრულდა.

ვლადიმერ ისელიძის შეგირდებს არც მესამე-მეოთხე პერიოდებში დაუთმიათ ინიციატივა და საბოლოოდ 24:7 გაიმარჯვეს.

განსაკუთრებით, კონსტანტინე გეგელაშვილმა და მარინო ფრანიჩევიჩმა იყოჩაღეს, რომლებმაც შვეიცარიელთა მეკარეს ხუთ-ხუთჯერ გამოატანინეს ბურთი ბადიდან.

პორტო. 2013 წლის 7 ნოემბერი
ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი
საქართველი 24:7 შვეიცარია
6:2, 6:2, 5:1, 7:2
საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე (2), დამირ ცრეპულია (1), მარკო ელეზი (2), გალაქტიონ ლაითაძე (1), მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი (1), მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (3), კონსტანტინე გეგელაშვილი (5), ტატო ნიკოლეიშვილი (2), მარინო ფრანიჩევიჩი (5), ბექა კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.
შვეიცარია: ფილიპ ფრეი, კევინ მიულერი (1), რიკარდო ლუკატო (2), მარკ ჰერცოგი, ოლივერ ფროჰლი, აზედინ ელ მეჰრეკი (1), ოლივერ გალიასი, შტეფან ველიკოვი (1), ამადეო კასინა (1), პეტარ ბიელაჯაკი (1), მაქსიმ ლემანი, როგერ ფრეი, დომაჯი ოდრლინი.

* * *
ამავე ჯგუფში მალტამ ბელორუსს სძლია - 9:3 (2:2, 1:0, 3:0, 3:1). H ჯგუფში საფრანგეთმა დანიას მოუგო - 21:5 (3:1, 4:1, 8:5, 6:0), უკრაინამ ჩეხეთს აჯობა - 13:10 (4:3, 1:5, 4:0, 4:2). I ჯგუფში რუსეთმა ისრაელი დაჯაბნა - 22:10 (5:2, 7:1, 5:3, 5:4).

8 ნოემბერს G ჯგუფში ითამაშებენ დილით: შვეიცარია-სლოვაკეთი, მალტა-საქართველო, პორტუგალია-ბელორუსი; საღამოს: სლოვაკეთი-მალტა, ბელორუსი-საქართველო, შვეიცარია-პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული