მსოფლიო ჩოგბურთში მალე რევოლუცია დაიწყება

AutoSharing Option
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) დირექტორთა საბჭომ მოიწონა პროფესიული ჩოგბურთის რესტრუქტურიზაციის პროექტი.

რეფორმების პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალი ჩოგბურთელების რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირებას და 2019 წელს, ახალი გარდამავალი ტურის (ITF Transition Tour) შემოღებას. მან უნდა შექმნას ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა მოთამაშეთა პროფესიული განვითარებისთვის.

პროგრამა შემუშავდა პროფესიული და იუნიორთა ტურების ანალიზის შემდეგ. ინფორმაცია აიღეს 2001-13 წლების პერიოდიდან - ტურნირებისა და მოთამაშეების მონაცემებზე დაყრდნობით. საბოლოოდ, გაკეთდა დასკვნა, რომ ამ მომენტისთვის ჩოგბურთში ძალიან ბევრი პროფესიონალი მოთამაშეა, ძალიან ცოტა მოთამაშე ახერხებს ფინანსურად მოგებაზე გასვლას და ასეთი სპორტსმენების ასაკი იზრდება.

დღეისთვის, პროფესიულ ტურნირებში დაახლოებით 14 ათასი ადამიანი თამაშობს, აქედან ნახევარი საპრიზო თანხებს ვერ იღებს.

გარდა ამისა, ანალიზმა აჩვენა, რომ პროფესიული ჩოგბურთის მწვერვალებამდე გზა გრძელია და ბევრი ნიჭიერი იუნიორი სერიოზულ სირთულეებს აწყდება პროფესიულ ჩოგბურთში გადასვლის დროს.

იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, დირექტორთა საბჭომ მოიწონა ITF Transition Tour-ის შემოღება. მასში შევა გარდამავალი ტურნირები, რომლებიც დაეხმარება მოთამაშეებს - იუნიორთა დონიდან პროფესიულ დონეზე გადავიდნენ. ეს ტურნირები გაიმართება ლოკალიზებული ტურების ფორმატში, რაც შეამცირებს მოთამაშეებისა და ორგანიზატორების ხარჯებს.

ეს ტურნირები შეცვლის ITF-ის შეჯიბრებებს 15 ათასი დოლარის საპრიზო ფონდით. იქ გათამაშდება არა ATP-ის ან WTA-ის ქულები, არამედ სპეციალური ITF Entry Points. მოხდება ორი სარეიტინგო სისტემის ინტეგრირება, რათა გარდამავალი ტურის ყველაზე წარმატებულმა მოთამაშეებმა შეძლონ პროფესიულ ტურნირებში მონაწილეობა.

ასე რომ, მნიშვნელოვნად შემცირდება პროფესიონალი მოთამაშეების რაოდენობა, რომლებიც იბრძვიან ATP-სა და WTA-ის ქულებისთვის. საერთაშორისო ფედერაცია იბრძვის იმისთვის, რომ პროფესიულ ჩოგბურთში იყოს არა უმეტეს 750 მამაკაცი და 750 ქალი ჩოგბურთელი.

ახალმა მიდგომამ პროფესიული ჩოგბურთი უფრო ეფექტური უნდა გახადოს და მოხდეს საპრიზო თანხების უფრო ეფექტურად გადანაწილება. ეს იმისთვის უნდა მოხდეს, რომ უფრო ბევრმა მოთამაშემ გამოიმუშავოს საარსებო ფული ჩოგბურთით.

ITF უახლოეს ხანში დაიწყებს გარდამავალი ტურის სტრუქტურის შემუშავებას. ამ საკითხში ფედერაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მამაკაცთა და ქალთა პროფესიულ ტურებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული