მაიამის "მასტერსი": ორი გასეირნება მეოთხედფინალში

AutoSharing Option
გუშინ, მაიამის "მასტერსზე" პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ორივე მეოთხედფინალმა იოლ ბრძოლაში ჩაიარა.

რაფაელ ნადალმა დაახლოებით საათნახევარში დაამარცხა ამერიკელი ჯეკ სოკი - 6:2, 6:3. პირველ სეტში ესპანელი დომინირებდა - ორი ბრეიკი შეასრულა და მეტოქისთვის არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ გაიმეტა.

რაფას გარკვეული პრობლემები მეორე სეტის სტარტზე შეექმნა. სოკმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, 2:0-ზე კი ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო უპირატესობის განვრცობა. ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი პარტიაში - ნადალმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და მალე ნახევარფინალში გასვლა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ სოკს უფრო
მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე ნადალს - შვიდი ხუთის წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკელმა მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა, ესპანელმა - ოთხი.

* * *
მეორე შეხვედრაში ფაბიო ფონინიმ მეორე ნომრად განთესილი კეი ნიშიკორი დაამარცხა. იტალიელი პერიოდულად ახერხებს პროფესიული ტურის ვარსკვლავების გამწარებას, მაგრამ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ფაბიო საათსა და ცხრა წუთში გაანადგურებდა აზიელს.

29 წლის ფონინიმ ორივე სეტი კარგად დაიწყო. პირველი პარტიის პირველ გეიმში აპენინელმა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რის შემდეგაც, მეოთხე გეიმში ბრეიკი თავად შეასრულა და დიდი ხანი ლიდერობდა. მაშინ, როცა ფონინი 5:3-ზე სეტზე აწვდიდა, ნიშიკორიმ საპასუხო ბრეიკი გააკეთა და მატჩი დაიძაბა, თუმცა, მომდევნო გეიმში ფაბიომ მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი 34 წუთში მოიგო.

მეორე სეტი ფონინიმ კიდევ უფრო იოლად აიღო: ჯერ 3:0 დაწინაურდა, მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და იქვე კიდევ ერთხელ აიღო იაპონელის მოწოდება - 5:1.

ნიშიოკრიმ გაიბრძოლა და ერთი დაკარგული გეიმი დაიბრუნა, თუმცა, ფონინიმ მეორე სეტიც ბრეიკით დაასრულა - 6:4, 6:2.

ფონინის ეს მოგება ისტორიული იყო, რადგან მაიამის "მასტერსის" ნახევარფინალში პირველად გავიდა იტალიელი ჩოგბურთელი.

***
ფედერერი და ნადალი TOP5-ში ბრუნდებიან
უკვე ცნობილია, რომ მაიამის "მასტერსის" შემდეგ, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაბრუნდებიან ATP-ის რეიტინგის ტოპ-ხუთეულში. როგორ გაიყოფენ ისინი მეოთხე და მეხუთე ადგილებს, ეს მაიამიში გაირკვევა. მაგრამ მეოთხე ადგილზე ზემოთ ვერც ერთი ვერ აიწევს.

1/4 ფინალი
ნადალი (ესპ, 5)-სოკი (აშშ, 13) 6:2, 6:3
ფონინი (იტა)-ნიშიკორი (იაპ, 2) 6:4, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული