ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდამ როდ ლეივერმა აღიარა, რომ ამჟამინდელი ვარსკვლავების წინააღმდეგ წარმატების მინიმალური შანსი ექნებოდა.

"მომიწევდა თანამედროვე ჩოგნებით თამაშის სწავლა და კიდევ ბევრი რამის გარკვევა. დღეს, იმისთვის, რომ კარგი მოთამაშე გახდე, ბავშვობიდან უნდა ისწავლო, უნდა აითვისო მოკლე დარტყმები, გამოიყენო ბურთის ზემოდან მოჭრა.

შევძლებდი თუ არა ბევრი მატჩის მოგებას ფედერერისა და ნადალის წინააღმდეგ? ალბათ, არა. მათ სხვადასხვა სათამაშო სტილი აქვთ. გრუნტზე ნადალზე ძლიერი არავინაა. როჯერს კორტზე ყველაფერი შეუძლია. მან კარგად იცის ჰარდზე და ბალახზე თამაში.

დღეს კარგ მოთამაშედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლები,
თუ ყველა საფარზე შეგიძლია თამაში.

ვინ არის ყველა დროის უდიადესი მოთამაშე? ვფიქრობ, ასეთი არ არსებობს. შენ შეიძლება იყო პირველი ერთ კონკრეტულ ეპოქაში", - განაცხადა Tennis World USA-სთან კომენტარში ლეივერმა.

როდ ლეივერი ერთადერთი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელსაც ორჯერ აქვს აღებული კალენდარული "დიდი სლემი". ავსტრალიელმა ამის გაკეთება შეძლო სამოყვარულო ერაში (1962) და ღია ერაში (1969).

ლეივერის ეპოქაში ავსტრალიისა და აშშ-ის ღია პირველობები ბალახზე იმართებოდა. მაშინ არ არსებობდა "დიდი სლემის" ტურნირები ჰარდის საფარზე. ავსტრალიელის შემდეგ, მამაკაცებს შორის, მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო ზედიზედ ოთხჯერ "დიდი სლემის" ტურნირის მოგება, ოღონდ სერბს ეს არ გაუკეთებია ერთ კალენდარულ წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული