თბილისი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველთა მონაგარი სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა

AutoSharing Option
სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულეს ქართველებმა 2015 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

პარასკევს ფიცარნაგზე ჩვენებურთაგან ნიკა ნანაძე გავიდა. მან, მართალია, ექვსივე ცდა გამოიყენა და ორჭიდის ჯამში 335 ქულით B ჯგუფში მეოთხე იყო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მე-12 ადგილით დაკმაყოფილდა.

ასპარეზობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე ოთხმა ქართველმა მოსინჯა ძალები. ჯერ 105 კილოგრამი კატეგორიის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. გია მაჭავარიანმა ატაცის პირველსავე ცდაზე ტრავმა მიიღო და საწყისი წონა ვერ დაძლია, აკვრაში კი არ გასულა საპაექროდ და საბოლოოდ შეუფასებელი დარჩა.

დავით გოგიას, რომელიც ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ფიცარნაგს, ატაცში პირველი ცდა გაუცუდდა, მეორე-მესამეზე კი, შესაბამისად, 177 და 181 კილო აიტაცა, ანუ იმდენი, რამდენიც სიმონ მარტიროსიანმა, მაგრამ ჩვენებური მეტოქეზე მსუბუქი იყო და ბრინჯაოს მცირე მედალიც მას ერგო.

ამ მოძრაობაში ოქრო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორ ბართლომეი ბონკს (პოლონეთი) ერგო, ვერცხლი - რუს გენადი მურატოვს.

გოგიამ 210 კილოგრამი იოლად აკრა, მაგრამ შემდეგ 216-კილოგრამიან შტანგას ვერ მოერია და საბოლოოდ მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა. პოლონელ ბონკს აკვრაშიც ტოლი არ ჰყავდა და ორჭიდის ჯამშიც ჩემპიონობა მოიპოვა.

ქართველ სპეციალისტებსა და ქომაგებს მძიმე წონაში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი ირაკლი თურმანიძე (მაშინ მან ატაცში ოქროს მედალი დაიმსახურა) ეიმედებოდათ (ამ წონაში გამოდიოდა 18 წლის გიორგი ჩხეიძე, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენი 367 კილოგრამით მე-12 ადგილს დაყაბულდა). თურმანიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (192-197-201) და ვერცხლის მედალი ხვდა; ქართველ ძალოსანს კილოგრამით აჯობა 190-კილოგრამიანმა რუსმა გოლიათმა ჩინგიზ მოგუშკოვმა.

ირაკლიმ აკვრაშიც იყოჩაღა - მესამე ცდაზე იოლად დაძლია 234 კილოგრამი, რაც ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. უკრაინელმა ოლეგ პროშაკმა 235-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა, მცირე ოქროს მედალი (რუს მოგუშკოვს ორი ცდა გაუცუდდა - 235 კილო ვერ დაიმორჩილა) და ევროპის ჩემპიონობა დაიმსახურა. მართალია, უკრაინელმაც ორჭიდში, ირაკლი თურმანიძის მსგავსად, 435 კილოს მოუყარა თავი, მაგრამ ქართველ მეტოქეზე 840 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა. 432 კილოთი ბრინჯაო მოგუშკოვს ერგო.

- სამი წლის წინათ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 201 კილო ავიტაცე და 232 კილო ავკარი, რაც შეჯიბრებებზე ჩემი საუკეთესო მაჩვენებელი იყო, - გვითხრა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ. - ამჯერად ეს შედეგი გავაუმჯობესე. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ტრავმა მაწუხებდა, მაგრამ მე-6 ადგილზე მაინც გავედი და საქართველოს ნაკრებს 20 სალიცენზიო ქულა მოვუტანე.

ევროპის ჩემპიონატამდე განვლილ პერიოდში ტრავმების მოშუშება და სათანადო მომზადებაც შევძელი. მართალი გითხრათ, თბილისში მწვრთნელთან ერთად მედალს ვგეგმავდი, ოღონდ არ ვიცოდით, რომელი სინჯის იქნებოდა.

- ბოლო ცდისთვის 337 კილო გქონდათ შეკვეთილი. 334-ზე რატომ ჩამოხვედით?
- საერთოდ, შეჯიბრებებზე როცა ვარ, ნერვიულობა არ მჩვევია, მაგრამ თბილისის ტურნირი ამ მხრივ ჩემთვის გამორჩეული იყო. ქომაგები შენგან მედალს ელიან და ცდილობ, მათ იმედები არ გაუცრუო, რაც სპორტსმენისთვის დამატებითი წნეხია. ყოველივეს მიუხედავად, ექვსივე ცდა გამოვიყენე. ატაცში 202 კილოზე გვინდოდა მისვლა, მაგრამ 201 უფრო რეალურად მივიჩნიეთ, რადგან ლონდონის ოლიმპიადაზე მქონდა დაძლეული. რაც შეეხება აკვრას, 231-კილოგრამიანი შტანგის დაძლევის შემდეგ ბრინჯაო გავინაღდე, 337-ს თუ ვერ ავკრავდი, მესამე ადგილზე დავრჩებოდი, 334-ის შემთხვევაში ვერცხლი რეალური ჩანდა და გარკვეულწილად, ოქროს შანსიც მრჩებოდა.

- ამიტომ უფრო გამართლებული სვლა ავირჩიეთ, - ჩაერია საუბარში ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, - ზედმეტ რისკს მოვერიდეთ, მით უმეტეს, რომ თურმანიძემ 231 კილო მძიმედ აკრა.

იმ წამებში, მართალი გითხრათ, ისე ვიყავი დაძაბული, დამავიწყდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვარ და რისკზე წასვლა ჩემი მოვალეობაა; არადა, ირაკლის ბოლომდე ვენდობი. ყოველივეს მიუხედავად, ჩემი შეგირდის მადლობელი ვარ, ასევე, იმათი, ვინც მთელი მომზადების პერიოდში გვერდში მედგა. ესენი არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე, მწვრთნელები - ავთანდილ გახოკიძე, ზურაბ ანთაური, მალხაზ ლომთაძე, ჩვენი სამედიცინო ჯგუფის წევრები - ზურაბ კახაბრიშვილი და გიორგი ჭინჭარაული, მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე.

ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც ნოემბერში ამერიკა უმასპინძლებს. იმ შეჯიბრებისთვის ლაშა ტალახაძე, რაულ ცირეკიძე, შოთა მიშველაძე და, სავარაუდოდ, ალბერტ კუზილოვიც შემოგვიერთდებიან და ერთობლივი ძალით ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ რიოს ოლიმპიური თამაშების 3-4 საგზური მოვიპოვოთ.


შეჯიბრების დამთავრების შემდეგ სტუმარ-მასპინძლებს გავესაუბრეთ:

ილია ილინი (ყაზახეთი), ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი: "საქართველომ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება თავად ტურნირს, პირდაპირ გეტყვით: "ევროპელებმა კარგად იციან ამ დონის ფორუმების ორგანიზება, თუმცა ქართველებმა განსაკუთრებით გამოიჩინეთ თავი".

ტამაშ აიანი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი: "მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ერს, პირადად კახი კახიაშვილსა და ზურაბ ბოქოლიშვილს. ევროპის ჩემპიონატი ფანტასტიკურადაა ორგანიზებული. ასეთი დონის ტურნირის ორგანიზება მხოლოდ მშვენიერ დარბაზში შემოსვლა როდია. აქ არის უამრავი ნიუანსი, რომლებიც იდეალურად გახლავთ მოწესრიგებული. დიდი მადლობა საორგანიზაციო ჯგუფს ასეთი ბრწყინვალე ჩემპიონატისთვის. საქართველოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის დიდი შანსი აქვს".

კახი კახიაშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი: "ყველაფერი ვიღონეთ შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ჩემპიონებს ვულოცავ წარმატებას. თითოეულმა მათგანმა ხელი მოაწერა ერთგვარ "ოქროს საწმისს". სამი მათგანი საქართველოში დარჩება, თითო კი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებს გადავეცით.

წარმატებას ვულოცავთ ირაკლი თურმანიძეს, რომელმაც სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა; ასევე - ატაცში ბრინჯაოს მფლობელ დავით გოგიას. ახლა მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატისთვის მოვემზადებით. რადგანაც ევროპულ ბატალიებს თავი კარგად გავართვით, ვაპირებთ, 2018 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობაზე თბილისის კანდიდატურა წარვადგინოთ. იმედია, მიზანსაც მივაღწევთ".

კვარცხლბეკი
ქალები
75 კგ
1. ლიდია ვალენტინი (ესპანეთი)-263 (118+145),
2. გაელ კეჩან ნაიო (საფრანგეთი)-248 (111+137),
3. დარია პაჩაბუტი (ბელორუსი)-247 (117+130).

+75 კგ
1. ტატიანა კაშირინა (რუსეთი)-322 (142+180),
2. ანასტასია ლისენკო (უკრაინა)-280 (126+154),
3. ანდრეა აანეი (რუმინეთი)-261 (120+141).

ვაჟები
94 კგ
1. აურიმას დიდბალისი (ლიტვა)-403 (182+221),
2. ხეტაგ ხუგაევი (რუსეთი)-399 (180+219),
3. ალიაქსანდრ ვენსკელი (ბელორ.)-386 (177+209).
12. ნიკა ნანაძე (საქართველო)-335 (151+184).

105 კგ
1. ბართლომეი ბონკი (პოლონეთი)-408 (185+223),
2. ანდრიან ზბირნეა (მოლდოვა)-399 (177+222),
3. არკადიუშ მიხალსკი (პოლონეთი)-399 (172+227).
9. დავით გოგია (საქართველო)-391 (181+210).

გია მაჭავარიანმა საწყისი წონა ვერ დაძლია და შეუფასებელი დარჩა.

+105 კგ
1. ოლეგ პროშაკი (უკრაინა)-435 (200+235),
2. ირაკლი თურმანიძე (საქართველო)-435 (201+234),
3. ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი)-342 (202+230).
12. გიორგი ჩხეიძე (საქართველო)-367 (163+204).

გუნდური
ქალები. 1. უკრაინა, 2. რუსეთი, 3. თურქეთი.
ვაჟები. 1. მოლდოვა, 2. რუსეთი, 3. პოლონეთი.

ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსან ქალად აზერბაიჯანელი ბოიანკა კოსტოვა აღიარეს, რომელმაც ევროპის ხუთი რეკორდი დაამყარა (ორი - უფროსებში, სამი - ახალგაზრდებში).

ვაჟებში საუკეთესოდ ლიტველი აურიმას დიდბალისი ცნეს, ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად რუსი ტატიანა კაშირინა დაასახელეს; ტურნირის საზეიმო დახურვისას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს, პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილს სპეციალური პრიზი გადაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული