24 ივნისიდან ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასპარეზობაში პლანეტის უძლიერესი ახალგაზრდა ძალოსნები ჩაებმებიან, რაც ქართული ძალოსნობის კიდევ ერთი აღიარება იქნება.
ხუმრობა როდია, თბილისმა შარშან ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობის მასპინძელია, სამომავლოდ კი სალიცენზიო ტურნირების თუ სხვა მაღალი რანგის შეჯიბრებათა მასპინძელიც შეიძლება გახდეს. ამგვარი წინსვლა აშკარად მეტყველებს იმ დიდ სამუშაოზე, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ წლების მანძილზე გასწია.
ლეგენდარული კახი კახიაშვილის ძალოსნობის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ ბევრი რ
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებმა საფუძვლიანი მომზადება გაიარა. ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელს 8 ვაჟი და 4 გოგონა დაიცავს. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატებიც არიან. ამის შესახებ გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე.
- მსოფლიო ჩემპიონატისთვის რამდენიმე შეკრება გავიარეთ. გაერთიანებული შეკრება გვქონდა ბაკურიანში, შემდეგ დუშეთში, ამჟამად კი ბაზალეთზე ვიმყოფებით. აქ 22 ივნისამდე დავრჩებით და შემდეგ მზადებას თბილისში დავასრულებთ. ამჟამად, შეკრებაზე 12 სპორტსმენი იმყოფება. აქ არიან როგორც ახალგაზრდული, ისე ეროვნული ნაკრების წევრებიც.
- ბატონო მალხაზ, თქვენი შეფასებით, არიან გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის კანდიდატები?
- ასეთი შეკრება, როგორც წელს გვქონდა, არასოდეს გაგვივლია. საერთოდ, კახი კახიაშვილის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. აღჭურვილობითაც და ინფრასტრუქტურითაც კმაყოფილები ვართ და მინდა მადლობა მოვახსენო ამისთვის ძალოსნობის ფედერაციას. შესაბამისად, შედეგებიც გვაქვს.
დღესდღეობით გუნდში არის ძალოსანი, რომელიც ოქროს მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია. მხედველობაში მყავს 105 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხეიძე. ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრება. არ არის გამორიცხული, მან რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღოს მონაწილეობა.
- შეიძლება იგივე ითქვას ნაკრების დანარჩენ წევრებზეც?
- ამავე წონაში გვყავს მეორე პერსპექტიული სპორტსმენი დავით ხეცურიანი. მასზეც დიდ იმედებს ვამყარებთ და მომავალში შესაძლოა, დავითი დიდ სპორტსმენად ჩამოყალიბდეს. გუნდში ვარჯიშობს ირაკლი ჩხეიძეც, რომელიც აგვისტოში კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. 62 კგ წონით კატეგორიაში გვყავს გოდერძი ბერძელიძე, რომელსაც ასევე დიდი მომავალი აქვს.
69 კგ წონაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. მან შარშან, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 77 კგ წონით კატეგორიაში გამოდიან ნოდარ კაკაბაძე და ირაკლი ჩხეიძე, რომელიც აგვისტოში გასამართი კადეტთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. 85 კგ წონით კატეგორიაში კი რეზო დავითაძე იასპარეზებს.
გუნდში არის 2-3 ისეთი ძალოსანი, ვინც საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ მსოფლიო პირველობაზე აღმოჩნდა. მათთვის ეს ტურნირი გამოცდილების თვალსაზრისით დიდი შენაძენი იქნება.
- ვაჟების გარდა, თბილისურ ფიცარნაგზე გოგონებიც გამოვლენ. რა შეგიძლიათ თქვათ მათი მომზადების დონეზე?
- 4 გოგონა გვეყოლება, რომლებიც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავენ ძალებს. მათ შორის - სოფო მუქათარიძე, თეონა ჟიჟიაშვილი, მარი საროევა. გვყავს ძალიან პერსპექტიული ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე, მაგრამ ის ახალგაზრდულ ასაკს გადასცდა და ჩვენთან სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. კარგი ის არის, რომ ადრე გოგონათა გუნდი საერთოდ არ გვყავდა და ახლა ისინიც გამოჩნდნენ.
კიდევ ვიმეორებ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, პირობები გაუმჯობესდა და შედეგებიც გვაქვს, როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებში. სათქმელად ისიც კმარა, რომ წელიწადში, თითქმის 300 დღე შეკრებებზე ვიმყოფებით და ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
გიორგი ჩხეიძე: საუკეთესო ფორმაში ვარ
თბილისურ ფიცარნაგზე, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, ქართველთა მთავარი იმედი გიორგი ჩხეიძე იქნება. 19 წლის ქართველი ძალოსანი, როგორც თავად ამბობს, საუკეთესო ფორმაშია და შეეცდება, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ამჟამად, გიორგი ნაკრებთან ერთად ბაზალეთის ძალოსნობის ბაზაზე ემზადება. მან ძალოსნობაში ვარჯიში ზუგდიდში, 10 წლის ასაკში, ბეჟან ჭიჭინაძესთან დაიწყო. თავიდანვე მიიქცია ყურადღება და მალე საქართველოს კადეტთა ნაკრებშიც აღმოჩნდა.
გიორგის აღმასვლა 2014 წელს დაიწყო, როცა კვიპროსის ევროპის ჩემპიონატზე, აკვრაში მესამე ადგილი მოიპოვა. 2015 წელს გიორგი ჩხეიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც მოიგო. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავს ძალებს.
- შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმა მაწუხებდა და მეოთხე ადგილს დავჯერდი. ვფიქრობ, უიღბლობამაც ითამაშა გარკვეული როლი ამ საქმეში. წელს საუკეთესო ფორმაში ვარ. რამდენიმე შეკრება სრულფასოვნად გავიარე. თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევ.
- ანუ 2015 წელს იღბლიანს ვერ დაარქმევდი?
- არა, მთლად ასე თქმაც არ შეიძლება. წარმატებებიც იყო. ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე. მონაწილეობა მივიღე მსოფლიო სალიცენზიო ტურნირშიც, სადაც გუნდს 16 ქულა მოვუტანე.
- გიორგი, როგორ ფიქრობ, ვინ იქნება წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე შენი უმთავრესი მეტოქე?
- ასეთებად შეიძლება 3 მეტოქე დავასახელო - რუსი, რუმინელი და ირანელი. რუსი ძალოსანი ძლიერია, მაგრამ შარშან პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს. ამჟამად როგორ ფორმაშია, ვერ გეტყვით, რუმინელი კი ვფიქრობ, იმ ძალ-ღონის არ არის, რომ დღეს რეალური კონკურენცია გამიწიოს.
- ირანელზე რას იტყვი?
- სწორედ მან მომიგო შარშან მესამე ადგილი. მე მეოთხეზე გავედი, მაგრამ მაშინ ფორმაში არ ვიყავი. ვერც კი შევადარებ ჩემს მაშინდელ და ამჟამინდელ მდგომარეობას. ვფიქრობ, ამჯერად მოვახერხებ მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებას.
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ კიდევ ერთი კონკურენტი მყავს - დავით ხეცურიანი. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ, ერთად ვემზადებით და ორივეს დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ.
კახა ფაჩუაშვილი
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია