საქართველოს ხუთი მოხმალავე მონაწილეობდა მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ლაიფციგმა უმასპინძლა. ჩვენებურთაგან სხვებზე უკეთ საქართველოს ოლიმპიურმა იმედმა ბექა ბაზაძემ იასპარეზა. ჯგუფურ ტურნირში მან ხუთივე შეხვედრა მოიგო და პირდაპირ მეთექვსმეტედფინალში გავიდა. იქ კი პოლონელი ადამ გროცკი დაუპირისპირდა. თავიდან ბაზაძე 10:7 დაწინაურდა. ეტყობა, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და დაისაჯა კიდეც - 10:15 დამარცხდა, მე-20 ადგილზე გავიდა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის 8 სალიცენზიო ქულა დაიმსახურა. საერთოდ კი, დღეისთვის ბექას 30 სალიცენზიო ქულა აქვს და რეიტინგშიც 98-ედან 68-ე ადგილზე გადაინაცვლა. თავი გამოიჩინა მიხეილ მარდალეიშვილმა. იგი
კადეტია, თუმცა უფროსებთან პაექრობაში ჯგუფურ ეტაპზე სამ მეტოქეს დააყრევინა ფარ-ხმალი, მათ შორის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულსა და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს იტალიელ ალდო მონტანოს. ოცდამეთორმეტედფინალში უკრაინელ დიმიტრი ბოიკოსთან დამარცხდა _ 8:15 და საბოლოოდ 37-ე ადგილით 4 სალიცენზიო ქულას დასჯერდა. ამდენივე ქულა ხვდა იუნიორ სანდრო ბაზაძეს, რომელმაც ჯგუფში ორ მეტოქეს სძლია, მერე კი გერმანელ ჰიუბნერთან წააგო _ 6:15. ევროპის ჩემპიონატზე ქალებში თათია აფციაურმა და თეოდორა კახიანმაც იასპარეზეს, მაგრამ ჯგუფურ ტურნირში ყველა შეხვედრა დათმეს.
საგულისხმოა, რომ შეჯიბრებაზე არბიტრად იყო მიწვეული საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლებიც იმსაჯა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.
ქართველი მოფარიკავეები ცოტას დაისვენებენ და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. სექტემბერში ეროვნულ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს. 4-12 ნოემბერს ბექა ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა პარიზში, მანამდე კი სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი 4-12 ოქტომბერს ლობნიაში (რუსეთი) იუნიორთა ევროპის პირველობაზე დაუპირისპირდებიან თანატოლებს.