დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
(იხილეთ დასაწყისი #160,161)

მაშ ასე, წამოდგა გარისონი და განაცხადა, რომ მე ვარ "დამნაშავე, ბრალდებული გაუპატიურებაში, ძალადობისკენ მიდრეკილების მქონე, რომელმაც შეიძლება ხელმეორედ ჩაიდინოს დანაშაული. თუ არ მოხერხდება ბრალდებულის გადაყვანა თავისუფლების აღკვეთის ადგილზე, ამით ჩვენ დანაშაულის სერიოზულობას ჩრდილს მივაყენებთ, მოვახდენთ სამართალდამცველთა საქმიანობის დისკრედიტებას, საფრთხეში ჩავაგდებთ სხვა უდანაშაულო ადამიანებს და საშუალებას მივცემთ ბრალდებულს, გააგრძელოს თავისი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი".

მოსამართლე გიფორდი დაეთანხმა - არანაირი თავდებში გათავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ციხეში მივდივარ. გიფორდი უკვე მზად იყო, ჩაქუჩი დაერტყა საქმის დასრულების აღსანიშნავად, როცა სასამართლოს დარბაზში
მცირე არეულობა შეიქმნა. დერშოვიცმა ხმაურით დახურა თავისი პორტფელი და ამ სიტყვებით გავარდა სასამართლო დარბაზიდან: "მე მაინც ვიზრუნებ იმაზე, რომ ნამდვილი სამართალი აღსრულდეს".

მცირე აურზაურის შემდეგ მოსამართლემ მაგიდას ჩაქუჩი დაარტყა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ოლქის შერიფი დასაპატიმრებლად მომიახლოვდა. ავდექი, საათი და ქამარი მოვიხსენი და ფულერს მივაწოდე საფულესთან ერთად.

პირველ რიგში, ჩემი ორი მეგობარი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა. "გვიყვარხარ, მაიკ", - ქვითინებდნენ ისინი. კამილა ადგა და დაცვის მაგიდისკენ გამოემართა. დასამშვიდობებლად ერთმანეთს გადავეხვიეთ. შემდეგ შერიფმა მე და ვოილესი სასამართლო დარბაზის უკანა კარიდან გაგვიყვანა.

ქვემოთ ჩამიყვანეს - დაპატიმრებულთა რეგისტრაციის განყოფილებაში. იქ გამჩხრიკეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს და ფოტო გადამიღეს. გარეთ რეპორტიორთა ბრბო გველოდა. ისინი იმ მანქანასთან იყვნენ ჩასაფრებულნი, რომლითაც საპატიმროში გადამიყვანდნენ.

- როდესაც გარეთ გავალთ, მოსასხამით დაიფარეთ ხელბორკილები, - მირჩია ვოილესმა.

სერიოზულად ამბობს? თანდათანობით ჩემი გაკვირვება მრისხანებამ შეცვალა. ნუთუ უნდა მრცხვენოდეს ხელბორკილებით გამოჩენის? პირიქით, ეს ხომ პატივია!

თუ ჩემს სამაჯურებს დავმალავდი, უკანასკნელი ნაძირალა ვიქნებოდი. ჯიმი ფიქრობდა, რომ ხელბორკილების დამალვით სირცხვილს ავიცილებდი თავიდან, მაგრამ სწორედ ასეთი საქციელი იქნებოდა სამარცხვინო. ამ რკინებით ყველამ უნდა დამინახოს. ყველა დანარჩენის დედაც...! მათ, ვისაც ჩემი ესმით, სწორედ ამ ხელბორკილებით უნდა მნახონ. მამაცობის სკოლის გავლას ვაპირებდი.

სასამართლოს შენობიდან გავედით და მანქანისკენ გავემართეთ. ამაყად ავწიე ხელბორკილები ზემოთ და თითქოს ამ სიტყვებით ჩავიცინე: "თქვენ გჯერათ ამ სისაძაგლის?" ეს ფოტო მსოფლიოს ყველა გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. პოლიციის მანქანაში ჩავჯექი და ჯიმი ჩემ გვერდით მოკალათდა უკანა სავარძელზე.

- აი, ასე, სოფლელო, ახლა მხოლოდ მე და შენ დავრჩით, - გავიხუმრე მე.

დიაგნოსტიკის ცენტრში მიგვიყვანეს, სადაც უნდა გაერკვიათ - რა დონის უსაფრთხოების ციხეში უნდა მოვეთავსებინეთ (აშშ-ში პენიტენციალურ დაწესებულებებს უსაფრთხოების დონეები აქვს - ერთიდან ოთხამდე). ბოლომდე გამაშიშვლეს, დახრა მაიძულეს და სხეული სრულად გამოიკვლიეს. მომცეს საშინელი პიჟამა და ჩუსტები და გამიშვეს ინდიანას შტატის ქალაქ პლეინფილდის ახალგაზრდულ ცენტრში - მეორე და მესამე დონის დამნაშავეებისთვის განკუთვნილ საპატიმროში.

როცა დანიშნულების ადგილას მივედით, უბრალოდ, განრისხებული ვიყავი. მინდოდა ამ დამპლებისთვის მეჩვენებინა - როგორ უნდა სასჯელის მოხდა. დაგეგმილი მქონდა, ეს ჩემებურად გამეკეთებინა. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ამ პატარა თეთრმა ქალმა-მოსამართლემ, რომელმაც ციხეში გამიშვა, შესაძლოა, სიცოცხლე გადამირჩინა.

I თავი
ჩვენ გვქონდა გარჩევები ბიჭებთან, რომლებიც საკუთარ თავს "პუმებს" უწოდებდნენ. 1976 წელი მიდიოდა. ბრაუნსვილში (ბრუკლინი) ვცხოვრობდი, ეს ბიჭები კი მეზობელ რაიონში. იმ დროს ახლოს ვიყავი რატლენდ-როდის ქუჩის ჯგუფთან, რომელსაც "კეტსი" ერქვა - ლათინური წარმოშობის ბიჭების ბანდა რაიონ კრაუნ-ჰაითსიდან.

ჩვენი საქმიანობა ქურდობა იყო. ზოგიერთ კრიმინალ მეგობარს კონფლიქტი ჰქონდა "პუმებთან", ამიტომაც პარკში წავედით მათ მხარდასაჭერად. ჩვეულებრივ, იარაღთან საქმე არ გვქონდა, მაგრამ ესენი ჩვენი მეგობრები იყვნენ. ასე რომ, უამრავი სისულელე მოვიპარეთ: პისტოლეტები, 357-ე "მაგნუმი" და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შაშხანა M1.

არასოდეს იცი, რას მიაგნებ რომელიმე სახლის გაძარცვისას.

მაშ, ასე, მივდიოდით ქუჩაში ჩვენი იარაღით და არავინ გვაწუხებდა, არც პოლიციელები ჩანდნენ, რომ გავეჩერებინეთ. ჩანთებიც კი არ გვქონდა, შაშხანა რომ დაგვემალა. მას მორიგეობით დავატარებდით.

- აი, მოდის! - დაიყვირა ჩემმა მეგობარმა, ჰაიტელმა რონიმ. - ბიჭი "პუმას" წითელი ფეხსაცმელებით და წითელი საყელოთი.

რონიმ შეამჩნია ბიჭი, რომელიც ჩვენ წინ იდგა. როცა გავიქეცით, დიდი ბრბო პარკში გვერდზე გადგა - თითქოს წითელი ზღვა მოსეს წინ. და კარგია, რომ ასე მოიქცნენ, რადგან უცებ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა გაისროლა.

წინსვლას ვაგრძელებდით. მივხვდი, რომ ზოგიერთი "პუმა" ქუჩის პირას დაყენებულ მანქანებს ამოეფარა. შაშხანა სწორედ მე მეჭირა. უცებ შემოვბრუნდი და დავინახე გიგანტი ჩემკენ მოშვერილი პისტოლეტით.

- შენი დედაც... აქ რას აკეთებ? - მკითხა მან. ეს იყო ჩემი უფროსი ძმა როდნი. - აქედან დაიკარგე!

და მეც გავიქეცი. პარკიდან გავედი და სახლისკენ გავემართე. მაშინ 10 წლის ვიყავი. ხშირად მითქვამს, რომ ოჯახში აუტანელი ტიპი ვიყავი, მაგრამ, როცა ვფიქრობ ამის შესახებ, ვხვდები, რომ სინამდვილეში, საკმაოდ თვინიერი ბავშვი ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი.

დავიბადე ნიუ იორკში, 1966 წლის 30 ივნისს, ბრუკლინის რაიონის ფორტ-გრინის საავადმყოფო "კამბერლენდში". ჩემი ადრეული მოგონებები სწორედ საავადმყოფოებს უკავშირდება: სუსტი ფილტვების გამო მუდმივად ავად ვიყავი. ერთხელ, ყურადღება რომ მიმექცია, თითი კანალიზაციის მილში ჩავყავი და ავლოკე. რა თქმა უნდა, საავადმყოფოში გამაქანეს.

არც ისე ბევრი რამ ვიცი საკუთარი ოჯახური ფესვების შესახებ. დედაჩემი - ლორნა მეი ნიუ იორკის მოქალაქე იყო, მაგრამ სამხრეთში, ვირჯინიის შტატში დაიბადა.

ერთხელ ჩემმა ძმამ იმოგზაურა სამხრეთით იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც დედა გაიზარდა. მან მითხრა, რომ იქ არ იყო არაფერი, გარდა საცხოვრებელი ავტომისაბმელების გასაჩერებელი ადგილებისა. გამოდის, რომ მე ვარ ზანგი საცხოვრებელი ავტომისაბმელების პარკინგიდან. ბებიაჩემი ბერტა და მისი და ერთ თეთრ ლედისთან მუშაობდნენ ჯერ კიდევ 30-იან წლებში, როცა თეთრების უმრავლესობა სამუშაოდ შავებს არ იღებდა. ბერტა და მისი და იმდენად მადლიერნი იყვნენ ამ ქალის, რომ საკუთარ ქალიშვილებს ლორნა დაარქვეს - იმ თეთრი ლედის საპატივცემულოდ. ამ სამუშაოსგან მიღებული ფულით, ბერტამ შეძლო თავისი შვილების კოლეჯში სასწავლებლად გაშვება.

შესაძლოა, ნოკაუტის გენი ბებიასგან მერგო. დედაჩემის დეიდაშვილი ლორნა მიყვებოდა, რომ იმ ოჯახში, სადაც ბერტა მუშაობდა, ქმარი ხშირად სცემდა თავის ცოლს და ბებიას ეს არ მოსწონდა. ბერტა მსხვილი ქალი იყო.

- არ გაბედო მისი შეხება, - უთხრა ერთხელ იმ კაცს.

მან ეს ხუმრობად აღიქვა. მაშინ ბებიამ სახეში ისე სთხლიშა, რომ მამაკაცი უკანალზე დავარდა. მომდევნო დღეს, როცა ბერტას შეეჩეხა, დაინტერესდა: "როგორ არის მის პრაისი?" ის აღარ სცემდა ცოლს და სხვა ადამიანი გახდა.

დედაჩემი ყველას ძალიან მოსწონდა. როცა მე დავიბადე, ის მანჰეტენზე ქალთა საგამოძიებო იზოლატორში მეთეთრეულედ მუშაობდა და ამავდროულად, მასწავლებლის კურსებზე სწავლობდა. კოლეჯში მესამე წელს ამთავრდება, როცა მამაჩემი გაიცნო. მამა ავად გახდა და დედას მის მოსავლელად სწავლის მიტოვება მოუწია.

მამაჩემის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. უფრო სწორად, პრაქტიკულად, არაფერი ვიცოდი იმ ადამიანზე, რომელზეც მითხრეს, რომ მამაჩემია. ჩემს დაბადების მოწმობაში წერია, რომ მამა არის პერსელ ტაისონი. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ჩემს ძმას, დას და მე არასოდეს გვინახავს ეს ბიჭი.

გვითხრეს, რომ ჩვენი ბიოლოგიური მამა იყო ჯიმი "ხუჭუჭა" კირკპატრიკ-უმცროსი, მაგრამ თავად, ალბათ, არც იყო საქმის კურსში. დროთა განმავლობაში, ჩემამდე მოაღწია ჭორებმა, რომ "ხუჭუჭა" სუტენიორი იყო და ხშირად აიძულებდა ქალებს შესაბამის საქმიანობას. შემდეგ, მოულოდნელად, საკუთარ თავს ეკლესიის დიაკვანი უწოდა. ამიტომაც ყოველ ჯერზე, როცა ვინმე საკუთარ თავს ღირს მამას უწოდებს, მე ვამბობ: "მამაო ტირე სუტენიორი". თუ ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით, ცხადი გახდება, რომ ღვთისმსახურებს მართლაც სუტენიორის ყნოსვა აქვთ. მათ შეუძლიათ ეკლესიაში ნებისმიერს აიძულონ, რაც სურთ, ის გააკეთებინონ. ამიტომაც ჩემთვის ამ ტიპის ადამიანები ყოველთვის არიან: "ეპისკოპოსი ტირე სუტენიორი" ან "ღირსი მამა ტირე სუტენიორი"...

პერიოდულად, "ხუჭუჭა" ჩვენთან სახლში მოდიოდა. ის და დედაჩემი არასოდეს ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. უბრალოდ, სიგნალს აძლევდა, ჩვენ ქვემოთ ჩავდიოდით და ვხვდებოდით "მამას". ვსხდებოდით მის "კადილაკში" და ვფიქრობდით, რომ წავიდოდით ექსკურსიაზე კონი-აილენდზე ან ბრაიტონ-ბიჩში, მაგრამ რამდენიმე წუთით ჩვენს რაიონს მოგვატარებდა და სახლში ვბრუნდებოდით. ცოტა ფულს მოგვცემდა, ჩემს დას აკოცებდა, მე და ჩემს ძმას ხელს ჩამოგვართმევდა - და ამით ყველაფერი მთავრდებოდა. შემდეგ ჯერზე მას მომდევნო წელს ვნახავდით.

თავდაპირველად, ბრუკლინში ბედ-სტაის რაიონში (ბედფორდ-სტაივესენტის შემოკლებული დასახელება) ვცხოვრობდით. მაშინ ეს სავსებით ნორმალური მუშათა უბანი იყო. ყველა ერთმანეთს იცნობდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სიმშვიდე არ არსებობდა.

ყოველ პარასკევს და შაბათს ჩვენი სახლი ლას ვეგასს ემსგავსებოდა. დედა ბანქოს თამაშის საღამოებს აწყობდა და ყველა თავის მეგობარ ქალს ეპატიჟებოდა. ბევრი მათგანი სხვადასხვა არალეგალურ ბიზნესზე ფიქრობდა. დედა თავის მეგობარ ედის ერთი ყუთი სპირტიანი სასმლის შესაძენად უშვებდა, ისინი სასმელს წყლით აზავებდნენ და ჭიქობით ყიდდნენ. ყოველი მეოთხე პარტიიდან მოგება საერთო ბანკში იდებოდა.

აი, ასე ჩნდებოდა ფული ჩვენს სახლში. დედა ქათმის ფრთებს ამზადებდა. ძმა იხსენებდა, რომ მეძავების გარდა, ჩვენთან მოდიოდნენ ბანდიტები, დეტექტივები... ვინ აღარ მოდიოდა.

დედაჩემი დიადი ორგანიზატორი იყო და ყოველთვის უამრავი დაქალი ჰყავდა, აგრეთვე, მამაკაცი. და ყველა გაუთავებლად სვამდა. ის არ ეწეოდა მარიხუანას, მაგრამ მისი მეგობრები აკეთებდნენ ამას და დედას მათთვის ნარკოტიკი მოჰქონდა. ის მხოლოდ გრძელ მენთოლიან სიგარეტებს ეწეოდა.

დედაჩემის მეგობრები მეძავები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში, ის ქალები, რომლებიც კაცებთან ფულის გამო წვებოდნენ, ქუჩის მეძავებზე დაბალი დონის მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. იქამდე, სანამ თავიანთ კაცებთან წავიდოდნენ, შვილებს ჩვენთან ტოვებდნენ და, როცა მათ წასაყვანად ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ ტანსაცმელი სისხლში ჰქონდათ დასვრილი.

დედა მათ გაწმენდაში ეხმარებოდა. ერთხელ სახლში დავბრუნდი და იქ თეთრი ბავშვი დავინახე. "რა უბედურება ხდება?" - გავიფიქრე მე. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება.

(გაგრძელება იქნება)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული