მძლეოსნობა: ჩემპიონებიც გასვრილები არიან

AutoSharing Option
რუსული სპორტი, კერძოდ, მძლეოსნობა, მორიგ დოპინგ-სკანდალში გაეხვა. ამჯერად, საქმეში ფიგურირებენ ოლიმპიური ჩემპიონები.

სპორტულ სიარულში ზაფხულის თამაშების გამარჯვებულები - ვალერი ბორჩინი, სერგეი კირდიაპკინი და ოლგა კანისკინა, აგრეთვე, მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი სერგეი ბაკულინი დამნაშავედ სცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი.

სპორტსმენებმა სხვადასხვა ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია მიიღეს. კანისკინა და კირდიაპკინი სამი წლითა და ორი თვით დაისაჯნენ, ბაკულინი - სამი წლით, ხოლო ბორჩინი - რვა წლით. დისკვალიფიკაციის ათვლა 2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. კიდევ ერთი მძლეოსანი ვლადიმირ კანაიკინი სამუდამოდ
არის დისკვალიფიცირებული.

სპორტსმენების დასჯის მიზეზია ანომალიური გადახრები მათ სისხლსა და ბიოლოგიურ პასპორტებში.

რაც შეეხება ამ მძლეოსნების მიერ მოპოვებულ მედლებს, მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ.

ბორჩინი და კანისკინა ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ პეკინში. ბორჩინი მეორედ გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში და რვაწლიანი სასჯელი ამით არის განპირობებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული