დოპინგი: ჯერ ქრთამი, შემდეგ მედლები

AutoSharing Option
რვა რუსმა მძლეოსანმა გადაიხადა ქრთამი იმისთვის, რომ დოპინგის გამოყენების ფაქტი დაემალა და თავიდან აეცილებინა დისკვალიფიკაცია 2012 წლის ოლიმპიადის წინ, - ამტკიცებს ბრიტანული გამოცემა The Sunday Times.

გაზეთის ინფორმაციით, ქრთამს იღებდნენ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ლამინ დიაკი და ორგანიზაციის ანტისადოპინგო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გაბრიელ დოლე. ქრთამის საერთო ოდენობამ 1.2 მილიონი ევრო შეადგინა.

The Sunday Times არ ასახელებს რუსი მძლეოსნების გვარებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მათგან რამდენიმე, მოგვიანებით, ლონდონის თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, არადა, დისკვალიფიკაციას იმსახურებდნენ ოლიმპიადის წინ, დადებითი
დოპინგ-ტესტების გამო.

შეგახსენებთ, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში კორუპციას ფრანგული პოლიცია იძიებს, რომელმაც უკვე დააპატიმრა დიაკი, დოლე და მათი იურისტი ჰაბიბ სისე.

* * *
ამასობაში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ, შესაძლოა, ოთხი წლით მოკვეთოს საერთაშორისო ტურნირებიდან კენიელი მძლეოსნები. სავარაუდო სანქციები უკავშირდება დიდი რაოდენობით დადებით დოპინგ-სინჯებს, რომელსაც ამ ქვეყნის სპორტსმენები აბარებენ.

"ეს უბრალოდ მუქარა არ არის, - მოჰყავს სააგენტო "როიტერს" კენიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კიპჩოგე კეინოს სიტყვები. - ისინი ფიქრობენ, რომ კენიამ დაუმალა მძლეოსნობის სამყაროს დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები. კენიის ანტისადოპინგო სააგენტო, ქვეყნის მძლეოსნობის ფედერაცია და მთავრობა უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და სერიოზულად განიხილონ ეს საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი უსიამოვნებები გველოდება. ყველაფერი ძალიან ცუდადაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული