შარშან ტურინში წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა სინქრონულ ხტომებში მე-9 ადგილი დაიკავეს - მცირედი დააკლდათ ფინალში შესასვლელად. მაშინ ნაკრების მწვრთნელმა, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ გვითხრა, რომ საკმაოდ ნიჭიერი ბიჭები გვყავს და მათ ამგვარი ასპარეზობის არა მარტო ფინალში მოხვედრა, არამედ ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებაც ხელეწიფებათო. ჭანტურიამ და კორახაშვილმა მწვრთნელის ვარაუდი ორიოდე დღის წინათ 2010 წლის გრან-პრის სერიების მე-5 ეტაპზე დაადასტურეს.
შეჯიბრებას იტალიელი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - კლაუს დიბიასის მშობლიურმა ქალაქმა
- შეგირდების გამოსვლით კმაყოფილი ვარ, - მითხრა ირაკლი ბართაიამ. - იმის მიუხედავად, რომ თითქმის ორი თვე გაუცდათ, ბოლო ვარჯიშებსა და გრან-პრის გათამაშებაზე შესაშური მონდომება გამოიჩინეს. შარშან ევროპის ჩემპიონატზე სინქრონულ ხტომებში 353 ქულა მოაგროვეს, ბოლცანოში კი 365,2 ქულით გავიდნენ მეექვსე ადგილზე. გაუსწრეს ბერძნებს, შვედებს, პოლონელებს, რომლებმაც კონტინენტის პირველობაზე გვაჯობეს. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 6-14 აგვისტოს ბუდაპეშტი უმასპინძლებს, სავარაუდოდ, 370-დან 380-მდე ქულას მოვაგროვებთ და ფინალში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. ერთიც მინდა დავძინო: ბოლცანოში ასპარეზობის შემდეგ ჩვენთან მოვიდა კლაუს დიბიასი და ბიჭები შეაქო - თქვენი ასპარეზობა წელიწადია, არ მინახავს, ამ ხნის განმავლობაში ოსტატობა დაგიხვეწიათ და წინ წასულხართო...
ჭანტურიამ და კორახაშვილმა სამმეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებშიც იასპარეზეს. ჭოლამ მე-13, შოთამ კი მე-17 ადგილი დაიკავა. ჭანტურიას ბოლო ხტომა რომ არ გაეფუჭებინა, ფინალშიც მოსინჯავდა ძალებს.
გრან-პრის გათამაშებაზე არბიტრად იყო მიწვეული ირაკლი ბართაია, რომელმაც 10-დან 6 ფინალში იმსაჯა და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.
ქართველი წყალმხტომელები 13-19 ივლისს მადრიში გრან-პრის VI ეტაპზე გამოვლენ, შემდეგ თბილისში გაივლიან ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას და ბუდაპეშტს გაემგზავრებიან.
უფრო ადრე ჩაებმებიან შეჯიბრებაში ახალგაზრდა წყალმხტომელები - 6 ივლისს ჰელსინკში ევროპის პირველობა დაიწყება. ქართველთაგან იქ 16-წლიანებში 15 წლის ალექსანდრე გუჯაბიძე გამოვა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან და 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში, ხოლო თანატოლ აკაკი ივანიშვილთან ერთად 19-წლიანებში მოსინჯავს ძალებს 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში. ამავე ასაკში იასპარეზებს თეონა ყაჭეიშვილიც.
ქართველი წყალმხტომელების გრან-პრის მე-5 ეტაპზე გასამგზავრებელი ხარჯები ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაიღო, ახალგაზრდა სპორტსმენებს კი ჰელსინკში საასპარეზოდ სპორტის დეპარტამენტი დააფინანსებს.
ვაჟა დანელია