სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე პეტიცია მომზადდა

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების მიერ პეტიცია მომზადდა.

პეტიციაში მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს მიმართავენ და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ.

"გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, შეცვალონ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ
თამაშებში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას.

ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო შეურაცხყოფას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომის ე.წ. გმირი აანთებს ოლიმპიურ ჩირაღდანს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ.

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას",
- ნათქვამია პეტიციაში.

აღსანიშნავია, რომ პეტიციას, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა, ხელს უკვე აწერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები (ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი; ეკა როსტომაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების მენეჯერი; ზურაბ გველესიანი, იურისტი;).

ხელმოწერები გრძელდება და ყველა მოქალაქეს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ემხრობა, შეუძლია, პეტიციის ქვემოთ მოცემულ შესაბამის ველში საკუთარი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსიროს.
იხილეთ ბმული

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული