ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა

AutoSharing Option
ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთაგან ყველაზე დიდი სიურპრიზი ადამ ოქრუაშვილმა (+100) შემოგვთავაზა, ვინც მესამე ცდაზე აისრულა საწადელი და ევროპის ჩემპიონი გახდა.


მოგეხსენებათ, ის აქამდე ორჯერ დამარცხდა კონტინენტის პირველობის ფინალში, ახლა კი ერთბაშად ორი ოქრო მიიღო - ევროპის ჩემპიონისა და ევროპული თამაშების გამარჯვებულისა.

ბოლო პერიოდში მას წონა მნიშვნელოვნად გაექცა, ამ შეჯიბრებისთვის კი გვარიანად დაუკლია, რაც ეგრევე აისახა მის საჭიდაო ფორმაზეც და შედეგზეც: ილეთებიც ბლომად აკეთა, ლამის ყველა შეხვედრა გდებით მოიგო, ხოლო სადაც ეს
არ გაუვიდა, იქ მეტოქეები შებოჭვით დააჭედა ტატამს.

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერად იჭიდავა, ისევ იმ ძველ ადამად წარმოჩინდა, ფრანგი ტედი რინერის მეტი წინ რომ ვერავინ უდგებოდა...

- ბოლო პერიოდში ზედმეტ წონას ებრძოდით, ძნელბედობის პერიოდი გქონდათ, ახლა კი ასე წარმატებით დაბრუნდით...
- დეკემბერში ტრავმა მივიღე, რაც ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრებაში ხდება. ამის გამო წონა მომემატა, რადგან ფიზიკურად ვერ ვვარჯიშობდი, ფორმიდანაც ამოვვარდი და შეჯიბრებებს ვერ ვიგებდი.

ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ძიუდოში გარკვეული ადამიანებიც კი მიიჩნევდნენ, თითქოს რიგი მიზეზების გამო აღარ ვიყავი სასურველი და პერსპექტიული სპორტსმენი, მაგრამ ჩემი სიძლიერე დავამტკიცე.

ჯერ კიდევ არა ვარ სასურველ ფორმაში, თუმცა უახლოეს მომავალში სრულად აღვიდგენ და შევეცდები, ქართველი ხალხი, ჩემი ქომაგი სრულად გავახარო.

- ოპტიმალური ფორმის დაბრუნებაში წონის დაკლებაც იგულისხმება? კიდევ რამდენი უნდა დაიკლოთ?
- დიახ, მართლაც ეს იგულისხმება. ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში მჭირდება. საბედნიეროდ, ტრავმის პრობლემა კი მოგვარდა, რაც ექიმების დიდი დამსახურებაა. ზოგადად, ამ წონის დაკლებაში მათ რამხელა წვლილი შეიტანეს, ამას სრულად ვერ მოვყვები. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩემს მიღწევაში დიდი როლი მედიცინამ ითამაშა, რისთვისაც დიდი მადლობა ზურაბ კახაბრიშვილსა და მის გუნდს.

- ალბათ, ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენთვის...
- ეს პირველი ევროპული თამაშებია და აქ გამარჯვება ძალიან მინდოდა. კახაბრიშვილი ხშირად გვეუბნება, რომ ჩვენი წარმატება უბრალოდ შედეგი კი არა, საქართველოს ისტორიაა. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას პირველი თამაშების ოქრო მოვუტანე.

- ფინალურ შეხვედრაზე რას იტყვით, ელოდით ასეთ იოლ მოგებას?
- მას კარგად ვიცნობ, რადგან ბევრჯერ გვიჭიდავია და ჩემთვის რამდენჯერმე მოუგია კიდეც. თუმცა ახლა ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ამ შეჯიბრებას წავაგებდი. ჰიმნის აჟღერებისა და დროშის აწევის სურვილით მთელი ძალა, შემართება ჩავდე ამ შეხვედრაში. მისი სტილი კარგად ვიცი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი, მთავარი იყო, მე ჩემი ჭიდაობა ბოლომდე გამომევლინა.

- თავიდან ვის მიიჩნევდით მთავარ კონკურენტებად?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ არასოდეს, ყოველთვის ვჭიდაობ ერთი შეხვედრის მოსაგებად. აქედან გამომდინარე, არც იმაზე ვფიქრობ, ვინ ფავორიტია და ვინ - არა, ყველა პაექრობა მოსაგებია.

- მატიაშვილთან შეხვედრის წინ როგორი განწყობა იყო მოსათელ დარბაზში?
- ჩემი მეგობრის, ძმაკაცის, თანაგუნდელის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით ძნელია. ახლაც მერჩივნა, ის უფრო გვიან ეტაპზე შემხვედროდა და არა ასე ადრე. ცხადია, ცუდი შეგრძნება იყო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
2014 წლის სეზონი სულ ჩაუვარდა-სადაც იჭიდავა, ყველგან წააგო და რა გასაკვირია, რომ გულშემატკივარსაც და სხვებსაც გული გაუტყდათ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რა გმირობებიც ახსოვდათ ადამასაგან 2013 წელს.. კარგია, რომ თავადაც კარგად აცნობიერებს, რა და როგორ არის საჭირო..წარმარტებას ვუსურვებ შემდეგშიც-სამისოდ ყველაფერი ხელს უწყობს, მთავარია, წონა არ მოიმატოს...

ექიმებს კი ყოჩაღ, რომ დაეხმარნენ ფორმაში ჩადგომაში...
ფრანიო
20:02 01-07-2015
0
წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები 2013-ში რინერს მსაჯებმა აჩუქეს გამარჯვება! ისე ადამ შენ რომ რინერს მოუგო ევროპაზე ან მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე შენი სახელი მსოფლიო ისტორიაში შევა ოქროს ასოებით! წარმატებები!
guga
18:57 30-06-2015
0

სიახლეები პოპულარული