საბედნიეროდ, ალღომ არც მას უმტყუნა და არც იმ სპეციალისტებს, ვისაც ამ ბიჭისა სჯეროდათ - რიო დე ჟანეიროში ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ბერძენ-რომაელთა ნაკრების ერთადერთი წარმატებული ათლეტი გახდა.
22 წლის ბიჭი, ვისი კერპიც რუსთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონი რომან ვლასოვია (ეს - ჭიდაობაში, თორემ სპორტში
მასთან ინტერვიუც ახალ შეგრძნებაზე საუბრით დავიწყეთ.
- მედლები თქვენთვის უცხო არაა, მაგრამ ოლიმპიური მედალი როგორი შეგრძნებაა?
- რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავდება დანარჩენებისგან. 2014 წელს, როცა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, მას შემდეგ ვოცნებობდი, რომ ამ ოლიმპიადაზე მეჭიდავა. იმ წარმატებისთანავე ეროვნულ ნაკრებში გადმოვედი უფროსებში, მაგრამ თავიდან გამიჭირდა. მსოფლიოს ჩემპიონატშიც ვიასპარეზე, თუმცა მედალი ვერ მოვიპოვე.
წლეულს საქართველოს ჩემპიონი გავხდი და მთავარი გათვლა ისევ ოლიმპიადაზე მოხვედრაზე მქონდა. ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოვედი და ბრინჯაო მოვიპოვე. იქ რუს ალბიევთან წავაგე, ვინც ძლიერი სპორტსმენია, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა მსაჯები მიემხრნენ. ოღონდ მესამეზე მაინც გავედი და ეს მედალი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რწმენა შემმატა. დავრწმუნდი, რომ ყველასთან შეიძლებოდა თანაბრად ბრძოლა და რეალურად შეიძლებოდა პირველობის მოპოვება.
ამ ერთი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად გავძლიერდი. ახალგაზრდებიდან ახალ გადმოსულს მაინც მქონდა განცდა, რომ უფროსები ჩემზე გამოცდილები იყვნენ, თუმცა მერე დიდი გამოცდილება მივიღე და ფსიქოლოგიურად მოვემზადე.
ამის შემდეგ დავიწყე სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადება და პირველივე ცდაზე მოვიპოვე საგზური სერბეთში. არც კი გამჭირვებია, ისე ავიღე ლიცენზია. ფინალში ისე გავედი, ქულა არ დამიკარგავს, იქ კი წინა ოლიმპიადის ფინალისტთან, უნგრელ ტამაშ ლორინცთან წავაგე, თუმცა საგზური უკვე განაღდებული მქონდა.
- საინტერესოა, ოლიმპიადაზე, როგორც დებიუტანტი, თავად რას გეგმავდით?
- ბუნებრივია, ჩემპიონობაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიყავი ჩემს თავში დაჯერებული. თან ძალიან დიდი კონკურენცია იყო - ამ წონაში მსოფლიოს შვიდი და ორი ოლიმპიური ჩემპიონი, იგივე ალბიევი და ირანელი ომიდ ნოროოზი გამოდიოდნენ.
რიოში რომ ჩავედი, აკლიმატიზაცია კარგად გავიარეთ, მომზადებულიც კარგად ვიყავით, თავსაც კარგად ვგრძნობდი და იმედი მქონდა, რომ კარგ შედეგს მივაღწევდი
- ხომ არ გაგიჭირდათ, უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას, როგორ წარიმართა ის?
- მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა შეჯიბრება მძიმედ დავიწყეთ - პირველ დღეს ზურაბ დათუნაშვილმა წააგო, რამაც ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. მერე, სხვებიც დამარცხდნენ იმის მიუხედავად, რომ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. მესამე დღეს ვჭიდაობდი რევაზ ნადარეიშვილთან ერთად. პირველად ფინელ ტერო ვალიმაეკის ვხვდებოდი. ეს ჩემთვის პირველი ოლიმპიური პაექრობა იყო და გასვლამდე ცოტათი ვნერვიულობდი. თუმცა, მას კარგად ვიცნობდი - შეკრებებზე მივარჯიშია ამასთან და ვგრძნობდი, მოვუგებდი. დარწმუნებული ვიყავი, შემწევდა ამის ძალა, მაგრამ განცდა მაინც იყო. სამაგიეროდ, მასთან მოგებამ მეორე შეხვედრაში ირანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ნოროოზისთან დიდი სტიმული მომცა. ვგრძნობდი, მასთან მოგებაც შემეძლო და უკვე არ ვფიქრობდი მის ტიტულზე, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ვეჭიდავებოდი. ვფიქრობდი მხოლოდ იმას, რომ ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე უნდა გამეკეთებინა და ცდა არ დამეკლო. საბედნიეროდ, ასეც გამოვიდა და შევძელი ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება.
- მწვრთნელებმა რა დავალება მოგცეს, როგორ უნდა გეჭიდავათ მასთან?
- თავიდანვე შემტევ სტილში უნდა მეჭიდავა. სხვათა შორის, ისიც ჩემნაირი სტილისაა, შემტევია, მაგრამ მასთან შედარებით ახალგაზრდა ვარ, ის კი 30 წლისაა. მეც ჩემი ენერგიულობის ხარჯზე დავამარცხე - აქტიურობით ვაჯობე, ჩოქბჯენში თავი დავიცავი და პირველი კი მე გამაფრთხილეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაფრთხილებებით მოვუგე.
ასეთ მეტოქესთან გამარჯვების შემდეგ თავი კიდევ უფრო თავისუფლად ვიგრძენი და ასევე ვიგრძენი, რომ ჩემპიონობაც შემეძლო. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამაც იგივე მითხრა, ეს ბოლო შეხვედრაც გადავლახოთ და ფინალში გავიდეთ, შეგიძლია, დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გახდეო.
- და მართლაც იყო ფინალში გასვლის რეალური შანსი...
- სერბი დავორ სტეფანეკი მსოფლიოს ჩემპიონია. მასთან ოფიციალურ ტურნირზე ნაჭიდავები არ ვიყავი, მხოლოდ ვარჯიშებიდან ვიცნობდი, მაგრამ ერთობლივ შეკრებებზე არავინ გაჩვენებს თავის რეალურ ძალას. მასთანაც იმავე ტაქტიკით უნდა მეჭიდავა - თავიდანვე მეაქტიურა და შემეტია.
ასეც დავიწყე, მაგრამ მსაჯმა უმიზეზოდ გამაფრთხილა - მე ვაქტიურობდი, ვუტევდი, არ ვიყავი პასიური. ერთ წუთში ორჯერ გამაფრთხილეს და ჩოქბჯენში ჩამაყენეს. მეორე გაფრთხილება იმდენად მოულოდნელი იყო, უცებ ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა და თავიდან მეგონა, სერბს აფრთხილებდნენ.
ჩოქბჯენში რომ დავიწყეთ ჭიდაობა, იქაც წესის დარღვევით მეჭიდავა - 5 წამის მეტად არ შეიძლება, "თავი აგიღოს", აკრძალული ხერხით მომიჭირა კისერზე და გავითიშე. რომ გადამაგდო, მერე მოვედი გრძნობაზე. სხვათა შორის, სერბს მერე ფინალიც მოაგებინეს.
- თუმცა, საბედნიეროდ, ამ წაგებამ ფსიქოლოგიურად ვერ გაგტეხათ და მესამე ადგილისთვის ისევ შემართებით იჭიდავეთ.
- ის შეხვედრა ჭიდაობით არ წამიგია, მსაჯებმა დამათმობინეს. ფსიქოლოგიურად ამიტომ არ გავტყდი და გავაგრძელე ბრძოლა. ჩემი თავი კარგად განვაწყე და მოვემზადე, რომ ბრინჯაოს მედალი მომეპოვებინა. ორსაათიანი შესვენება იყო და კარგადაც დავისვენე.
ეს იაპონელი ტომოჰირო ინუე კარგი ბიჭი იყო. მან გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონ ფრენკ სტაბლერს მოუგო და იმ შეხვედრას პირადად ვუყურე, რადგან მათში გამარჯვებულს ვხვდებოდი - მაინტერესებდა, როგორ ჭიდაობდა მომავალი მეტოქე. იაპონელიც დაახლოებით ჩემი სტილისაა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მაინც უნდა დამეჯაბნა.
მედლის მოპოვება მთელი სულით და გულით მინდოდა და ამაში ყველაფერი ჩავდე. ცხადია, ეს მედალი ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამას არ დავჯერდები და უკვე ტოკიოს ოლიმპიადაზე ვფიქრობ, რომ ჩემპიონი იქ გავხდე.
- ინუესთან შეხვედრაზე და ზოგადად, თქვენი გამოსვლისას ხულოში რა ხდებოდა, იცოდით?
- ბრაზილიაში წასვლამდე მითხრეს, რომ დიდ ეკრანზე აპირებდნენ ჩემს ქომაგობას და მხოლოდ ეს ვიცოდი. ისე კი მთელი ხულო ყოფილა შეკრებილი და მქომაგობდნენ, როგორც მთელი საქართველო. აი, ამის შეგრძნება, რომ მთელი ქვეყანა უყურებდა ჩემს ჭიდაობას, დიდ სტიმულს მაძლევდა, რათა გამეხარებინა ჩემი სამშობლო.
- ჭიდაობაში ვისი დამსახურებით მოხვდით, სხვა გატაცება თუ გქონდათ?
- ჭიდაობაზე მოხვედრა მამაჩემის, რამინ ბოლქვაძის დამსახურებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამ სიხარულს - ერთი წლის წინ გარდაიცვალა. თავის დროზე თვითონაც სპორტსმენი იყო, ოღონდ სპორტის რამდენიმე სახეობაში სცადა ბედი - ჭიდაობა, ფეხბურთი, სხვაც. მას ძალიან უნდოდა, მოჭიდავე გამოვსულიყავი და 2000 წელს ხულოს სპორტსკოლაში მიმიყვანა ავთანდილ აბულაძესთან. 2008 წლამდე იქ ვვარჯიშობდი, მერე კი მამაჩემმა თბილისში გადმომიყვანა, გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. აქ ვაჟა კრავეიშვილი და მარად აბულაძე მავარჯიშებენ. მათთან ერთად ეს წარმატება ნაკრების მწვრთნელების - ბეგი დარჩიას, ჯემალ ბაკურიძის, ოთარ ტატიშვილის დიდი დამსახურებაა.
ცხადია, ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამა იყო. მისი საფიქრალი და საზრუნავი ჩემი კარიერა იყო. 2014 წელს, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, მეუბნებოდა, ახლა უნდა მოვუმატოთ, რიოს ოლიმპიადაზე მოვხვდეთ და გავაკეთოთ შედეგიო. მიხარია, რომ ეს შევძელი.
- ძმებიც ხომ არ ჭიდაობენ?
- სხვათა შორის, დედაჩემიც სპორტსმენი იყო - მოთხილამურე. ამდენად, სპორტული ოჯახიდან ვარ. ძმა ერთი მყავს, რომელიც ჯერ პატარაა და ფეხბურთზე დადის, ჭიდაობაშიც დამყავს, თუმცა საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, რომელს გაჰყვეს. ისე კი, ცხადია, ჩემი სურვილია, ჭიდაობა აირჩიოს. ერთი დაც მყავს, მაგრამ ოჯახში მხოლოდ ის არაა სპორტსმენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"