TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?

AutoSharing Option
უნდა წავიდეს თუ არა საქართველოს დელეგაცია სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე? - ეს კითხვა ქართულმა ტელეარხებმა ერთბაშად აიტაცეს. ამ თემაზე პოლიტიკურ წრეებშიც გაუთავებელი პოლემიკა მიმდინარეობს...

მოკლედ, მოცლილი თუ მოუცლელი სოჭში ქართველი სპორტსმენების გამოსვლის მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობს.

* * *
ყველაფერი საქართველო-რუსეთის ომით დაიწყო და ამასწინათ ოლიმპიური ჩირაღდნით გაგრძელდა. ეს წმინდა ცეცხლი 2008 წელს სამაჩაბლოს ომის რუს "გმირსაც" გადაეცა (გვარი და სახელი არ მაინტერესებს), რომლის თვითმფრინავის ბომბებს, ვინ იცის, რამდენი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობამ ეს განგებ საქართველოს დამცირებისთვის გააკეთა. სწორედ
ამიტომ გამოიწვია ჩვენში დიდი ვნებათაღელვა. იმასაც ამბობენ, მაინც თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენი გვყავს და ბოიკოტით ჩვენ რუსეთზე მეტი რა დაგვაკლდებაო?!

ვერ დავეთანხმები: ერთი სპორტსმენიც რომ გვყავდეს ოლიმპიადაზე, მის პროფესიონალიზმს პატივი უნდა ვცეთ. ის ხომ ოლიმპიადისთვის წლების განმავლობაში ემზადება და არავინ იცის, კიდევ როდის მოუწევს ასეთი დონის შეჯიბრებაში მონაწილეობა.

მაგალითსაც გეტყვით. ვეტერან კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინს რომ ვკითხე, კარიერაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული-მეთქი, მიპასუხა: საბჭოეთმა ლოს ანჯელესის ოლიმპიადას ბოიკოტი რომ გამოუცხადა, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით და მჯერა, მედლებსაც მოვიპოვებდით... ახლაც კარადაში მაქვს ლოს ანჯელესში წასასვლელად გუნდისთვის შეკერილი შარვალ-კოსტიუმიო.

შეგახსენებთ, რომ მას მერე 30 წელი გავიდა და ამ ფაქტს ბატონი ნიკოლოზი დღესაც დანანებით იხსენებს.

* * *
საქმეს სხვა კუთხით მივუდგეთ: თუ ბოიკოტს ვაცხადებთ, მხოლოდ ოლიმპიელები რატომ უნდა გამოაკლდნენ ასპარეზობას?

მხოლოდ მფრინავისთვის ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემას კი არ ვაპროტესტებთ, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჰოდა, არც ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ რუსეთის წინააღმდეგ, არც კალათბურთელებმა და არც მორაგბეებმა...

სამ წერტილთან უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ: რას გვაძლევს რაგბიში რუსეთთან არშეხვედრა? არაფერს! პირიქით, არ მოგვეცემა შანსი იმის დამტკიცებისა, რომ ვაჟკაცურ სპორტში 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია.

თუმცა მოედნის მიღმა ქართველი და რუსი სპორტსმენები ამხანაგები არიან. ვერ წარმოიდგენთ, 2011 წელს ლიტვაში რუს ანდრეი კირილენკოს რომ შევხვდი, როგორი სითბოთი ილაპარაკა ქართველებზე. ზაზა ფაჩულია მისი მეგობარია.

ჰოდა, ბოიკოტით პროტესტის პარალელურად საკუთარ თავს ვაქცევთ იზოლაციაში, ხოლო თუ მეტ რუსს დავუახლოვდებით მოედანსა თუ მის მიღმა, მეტი შანსი მოგვეცემა იმის თქმისა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, მეტი პატივისცემა უნდა მოვიპოვოთ, თანამოაზრეებად გადავაქციოთ და მივახვედროთ, რომ საქართველოში აგრესორები კი არა, საკუთარი ქვეყნის ერთიანობაზე მზრუნველი ხალხი ცხოვრობს.

* * *
დავუბრუნდეთ სოჭის ოლიმპიადას. კიდევ გავიმეორებ, ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, ჩვენი დელეგაცია რუსეთში უნდა წავიდეს და მოხერხებულად, შესაფერის დროს გაუგზავნოს გზავნილი მსოფლიოს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ოლიმპიურ ქარტიაში მკაცრად იმიჯნება სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან, მაგრამ სიტყვა "მოხერხება" შემთხვევით როდი ვახსენე.

აგერ ბატონო, "იბერია სტარის" ფეხბურთელებმა (ფუტსალი) უნგრეთში "დიორი ეტოსთან" მატჩის შემდეგ გამოფინეს ბანერი - "დვანი და დიცი საქართველოა!" ლაპარაკია სამაჩაბლოს სოფლებზე.

Sportall.Ge

ჰოდა, ასეთივე ტიპის პლაკატის გამოტანა სოჭის ოლიმპიადის გახსნისასაც შეიძლება, არა მგონია, იმაზე უარესი სანქცია დაგვიწესოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ვიდრე ბოიკოტისას. სამაგიეროდ, მთელი მსოფლიოს მასმედიას მოივლის ქართველთა სურათ-ვიდეოები და თავის მისიასაც შეასრულებს.

ნახევრადხუმრობით ერთ აზრსაც მოგახსენებთ: თუ შეფარვით გვინდა რუსების მოქმედებაზე პასუხის გაცემა, გახსნის ცერემონიალზე მოვიმარჯვოთ სანთებელები და ჩამოვიაროთ სტადიონის სარბენ ბილიკებზე.

თუ ვინმე სოჭის ოლიმპიური ჩირაღდნის დაცინვას დაგვწამებს, ვუთხრათ: ვაპროტესტებთ წმინდა ცეცხლის სანთებელათი ანთებასო.

კიდევ უამრავი ხრიკის მოფიქრება შეიძლება...

* * *
ბოლოსთვის შემოვინახე მორაგბე მამუკა გორგოძის სიტყვები, რომელიც მან "ყველა სიახლის" ჟურნალისტ რატი შელეგიას უთხრა:
- თუ ომი იქნება, ვიომოთ! ბოიკოტი და მაიმუნობა კი ჩვენი საქმე არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სხვებისთვის სამაგალითო: "დვანი და დიცი საქართველოა!"
მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის
მკითხველის კომენტარები / 10 /
"არა არს წესი ჩვენი ქართველთა, რამეთუ უბრძოლველად მტერსა ზურგი ვაქციოთ."
ქართველი.
06:18 14-10-2013
0
გორგოძე!!! იმას ვენაცვალე სულში და გულში!! თქვე ტლიკინა ქალაჩუნებო თქვენ!!

"anti rusi " ქართველი თუ არა ხარ და გინდ ანტი-რუსი ყოფილხარ გინდ ციტრუსი! საქართველოში ვინც აუპატიურებდა ქართველ კაცს ისინი რომ უშიშრად დადიან დღეს ეგაა სირცხვილი თორემ ბრძოლა კი არა!! შენ ბრძოლა ცეკვა-თამაში ხომ არ გგონია! საბჭოთა კავშირის გუნდები რომ შიშით ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობდნენ და რამდენჯერ მოედანზე არ გასულან სათამშოდ გამზადებულები სუკის აგენტების მითითებით ეგ ჩვენ ჯიშში არაა!
ქართველი
03:00 14-10-2013
0

სიახლეები პოპულარული