რა წამახალისებელი თანხა გამოუყო მთავრობამ სპორტსმენებს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სპორტსმენთა და ნაკრები გუნდების პრემირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

სამინისტროს ცნობით, მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5 297 115 ლარი სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისებისა და ასევე, სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების
მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

"ვინაიდან ზემოაღნიშნული განკარგულება ითვალისწინებდა მხოლოდ 2013 წლის 1-ელ ნოემბრამდე გამართული შეჯიბრებების მიხედვით წახალისებას, მიმდინარე წლის ღონისძიებების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ 2013 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ მიღწეული ანალოგიური შედეგებისთვისაც მოხდეს საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების, მწვრთნელების (მათ შორის, პირადი მწვრთნელების), საექიმო პერსონალის (ასევე, სათამაშო სახეობებში ადმინისტრაციული პერსონალის) წახალისება ზუსტად იგივე პრინციპების საფუძველზე, როგორც ეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის #1978 განკარგულებაშია მითითებული", - აცხადებენ სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, 2013 წლის 1-ელი ნოემბრიდან ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს წარმატებებს თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში, ტანვარჯიშში, კრივსა და სამბოში.

ასევე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება ორ სარეიტინგო მატჩში კანადისა და სამოას ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან.

შესაბამისად, სამინისტროს განცხადებით, მოცემულ შემთხვევაშიც იგივე ოდენობის თანხები უნდა იქნეს გამოყოფილი წახალისებისთვის, რაც ანალოგიური შედეგებისთვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის #1978 განკარგულებით არის გათვალისწინებული.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადებულ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ".

პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნდა გამოუყოს 680 850 ლარი, მათ შორის 420 240 ლარი - სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ტანვარჯიში (ბატუტზე ხტომა), კრივი) 2013 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 141 610 ლარი - სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში (სამბო) 2013 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 119 000 ლარი - სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში (რაგბი) 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით", - აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა წარმატებას მიაღწიეს რომ ფეხბურთს პრემიები გამოუყონ?
aleqsandre
13:29 27-12-2013
0
ამათ საერთოდ ეტყობა ფეხბურთი უკაცრავად და ფეხებზე კიდიათ
0

სიახლეები პოპულარული