TimeLine: XXL - რას ნიშნავს ლელო?

AutoSharing Option
10 თებერვალს ზაზა ფაჩულია 30 წლის გახდა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან უამრავი მილოცვა მიიღო. დღის ბოლოს მან ოთხი ფოტო შეაწება და "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა მინაწერით: ჩემი დაბადების დღის "ჰაილაითები".

სამ ფოტოს კომენტარი არ სჭირდება, ქვედა მარჯვენა კუთხეში კი ტიმ დანკანის მაისურაა "სან ანტონიოს" კალათბურთელთა ხელმოწერით.

ტიმი NBA-ს ოთხგზის ჩემპიონია და ზაზა ფაჩულიას თანაკლუბელი არასოდეს ყოფილა. სწორედ ამიტომაა მისი საჩუქარი მეტად ღირებული. ქართველებმა კი უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენიანს მსოფლიოს N1 ლიგაში მოწინააღმდეგეებიც ასე აფასებენ.

Sportall.Ge

XXL დესერტი
დაბადების დღემდე მცირე ხნით ადრე ფაჩულიამ ერთი
მადისაღმძვრელი ფოტო გამოაქვეყნა. სათაურიც შესაბამისი მოუგონა - XXL დესერტი.

Sportall.Ge

ხორვატიული ვახშამი
რადგან სასუსნავზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ხუთშაბათ დილას გავრცელებულ ფოტოსაც შემოგთავაზებთ. იგი ხორვატიის ქალაქ ზაგრებშია გადაღებული "ცედევიტა"-"სარაგოსას" მატჩის შემდეგ.

Sportall.Ge

ქეიფის საბაბი სარაგოსელებს ნამდვილად ჰქონდათ: ის იყო, თამაში ოვერტაიმში უნდა გადასულიყო, რომ ხორვატმა დამიან რუდეზმა მასპინძლებს სამქულიანი მახვილი ჩასცა და თანამემამულეები 77:74 დაამარცხა.

ხინკალი VS პელმენი
მადა მხოლოდ კალათბურთელებს როდი აქვთ... რაგბისა და ხინკლის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საინტერესო პლაკატი დაამზადა, რომელიც 22 თებერვალს "დინამო არენისკენ" მოგვიწოდებს.

ამ დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსებს უმასპინძლებს. წესითა და რიგით, ძალთა პლაკატისეული შეფარდება უნდა ვიხილოთ.

ბურთაობა
კალათბურთზე დავწერეთ, რაგბიზეც, ახლა ფეხბურთის ჯერია, რასაც მოჰყვება ვირბურთი და ძალოსნობა...

ჯერ პუბლიკაციას შემოგთავაზებთ და შემდეგ მივაწერთ, რომელ წელს სად არის დაბეჭდილი.

"ბათუმში პირველად ბურთაობა გაიმართა 24 აპრილს. დიდძალმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. მობურთავენი ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილნი: ცალ მხარეს მეგრელნი და მეორეს - გურულნი.

მეგრელნი ერთიორად მეტი იყვნენ გურულებზედ, მაგრამ მაინც გული არ გაიტეხეს და დიდის ხალისით დაიწყეს თამაშობა. ბინდამდე გასტანა ამ ამბავმა და ბოლოს ვიღაც პირშავმა კაცმა გასჭრა ბურთი გურულების საზღვარზედ.

ბათუმის ნავთ-სადგურში მუდამ რამდენიმე ცეცხლის გემი სდგას უცხოელებისა. რამდენიმე ინგლისელი გადმოვიდა ნაპირად და, ბურთაობა რომ დაინახა, ისე შეექმნათ იმათაც გული, რომ თვითონაც ჩაერივნენ: ისე თამაშობდნენ ისინი ბურთაობას, რომ ჩვენებურები გეგონებოდათ. აღტაცებაში იყვნენ ასეთის დროის გატარებით."

Sportall.Ge

მოკლედ, "პირველი მერცხლის" სიუჟეტია... თუმცა კითხვის ნიშანი უამრავია. მთავარი შეკითხვა: სპორტის რა სახეობაზეა ლაპარაკი? ჯერ პუბლიკაციის წარმომავლობა გავარკვიოთ - გაზეთი "ივერია", 1894 წლის N89. სადაც ეს მინიშნებაა, იქვე წერია: "პირველი ფეხბურთი ბათუმში".

რას ნიშნავს ლელო?
მაინც საკითხავია - რაგბის ტიპის თამაშთან ხომ არ გვაქვს საქმე? ამის სასარგებლოდ ერთი ნიუანსი მეტყველებს: პუბლიკაციის ავტორი ამბობს, რომ ინგლისელებიც ჩვენებურებივით ათამაშდნენო. ვითომ 1894 წელს ფეხბურთს ინგლისელებზე უკეთ ვთამაშობდით?

უმჯობესია, გადავშალოთ "ვიკიპედია": "ლელო - სპორტის სახეობა, რაგბის ქართული წინამორბედი. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა, გუნდური თამაში ბურთით.

აკადემიკოს ნიკო მარის მიხედვით, ლელოს მსგავსი თამაში გავრცელებული ყოფილა ბასკეთშიც, სადაც გამარჯვებული გუნდის წევრები ლელოს გატანის დროს სიხარულს გამოხატავდნენ საბრძოლო შეძახილით - "ლელო!" რაც მზის კულტთან დაკავშირებული წარმართული ღვთაების სახელი იყო. გურია-სამეგრელოში ლელოს თამაში ბოლო დრომდე შემორჩა".

დასკვნები თავად გამოიტანეთ.

ვირბურთი
მკითხველს კიდევ უფრო გაუჭირდება სპორტის იმ სახეობის დადგენა, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული.

Sportall.Ge

ეს სურათი "ფეისბუქზე" რომ გამოქვეყნდა, უამრავი კომენტარი მოჰყვა. ზოგმა ვირკალათა უწოდა, ზოგმა ვირაობა, შაურმბურთი, ვირბურთი...

ძნელი განსასაზღვრია, რომელი ქვეყანაა, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის სახეობასთან გვაქვს საქმე. თუ არ გჯერათ, შეხედეთ დარბაზში გამოკიდებულ ტაბლოს. საფინალო სირენამდე დარჩენილია 4:03 წუთი, ანგარიშია 6:2. წითლები იგებენ თუ ლურჯები, ამას ვეღარ გეტყვით...

დავიტოვოთ იმედი, რომ საქმე ცივილიზებულ ხალხთან გვაქვს და წაგებულ ვირებს შაურმად არ აქცევენ.

ეს კი ძალოსნობაა
ზემოთ "პირველი მერცხალი" ვახსენეთ. ამ ქვეთავის ამბავი კი პირდაპირ პარალელს პოულობს კიდევ ერთ ქართულ ფილმთან, "რეკორდთან". აი, თუ არ გჯერათ:

"დედოფლისწყაროს რაიონში 84 წლის გიორგი მჭედლიშვილი გინესის რეკორდსმენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

როგორც "პირველს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, სასამართლომ გიორგი მჭედლიშვილი 2007 წელს 5-ტონიანი ავზის ქურდობისთვის გაასამართლა და დამნაშავედ სცნო. ამასთან, ბრალდების თანახმად, მოხუცმა დანაშაული მარტომ ჩაიდინა.

Sportall.Ge

"დამცველის რჩევით, დაპატიმრების თავიდან აცილების მიზნით მოხუცმა ჩაუდენელი დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და გასაჩივრებას არ ექვემდებარება" - აცხადებენ კახეთის საინფორმაციო ცენტრში. მოხუცი კი სასამართლოს ამ განაჩენის საფუძველზე გინესის რეკორდსმენობაზე პრეტენზიას აცხადებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული