ქართველი კეთილი ნების ელჩები მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

AutoSharing Option
2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run-ი გაიმართება - საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად, იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა". როგორც კი "ფინიშ მანქანა" გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრებას. საქართველოში მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ და კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ
მანქანის" დაწევამდე.

ღონისძიებაში საქართველოდან არაერთი ცნობილი სახე მონაწილეობს. ისინი Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები არიან. მათი ნაწილი რბენისთვის უკვე ემზადება, რისთვისაც ისინი კუს ტბაზე შეიკრიბნენ.

Sportall.ge დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტეს ღონისძიებაში მონაწილეობა და როგორ ემზადებიან ქართველი კეთილი ნების ელჩები.

როგორც მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი ამბობს, მსოფლიო რბენაში მონაწილეობით ორმაგი სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი - საკუთარი ჯანმრთელობის გაკაჟება და იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვთ.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად ჰენრი კუპრაშვილი მონაწილეებს ურჩევს, იყვნენ მიზანდასახულები - "უნდა ივარჯიშონ სისტემატურად და მიაღწევენ სასურველ შედეგს, თუმცა ამ რბენაში შედეგი არ არის მთავარი, მთავარია მონაწილეობა", - ამბობს კუპრაშვილი. ის თავად დაახლოებით 10 კილომეტრის გარბენას აპირებს.

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა კი ბოლომდე სირბილს აპირებს - "ვირბენ ბოლომდე, სანამ არ დავეცემი", - ამბობს ქაცარავა და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი გაცილებით მეტია, ვიდრე მარათონი.

"მზად ვართ, დავეხმაროთ ადამიანებს ზურგის ტვინის დაზიანებით, გვერდში დავუდგეთ მათ - ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. გარდა ამისა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შენი, თუნდაც უმნიშვნელო სირბილით ეხმარები სხვა ადამიანს", - ამბობს ქაცარავა და საუკეთესო შედეგის მისაღწევად მონაწილეობის მსურველებს ყოველდღიურ ვარჯიშს ურჩევს.

კიდევ ერთი კეთილი ნების ელჩი, ტელეწამყვანი სამორი ბალდე კი მიიჩნევს, რომ რბენაში თვითმიზანი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა უნდა იყოს, რადგან ამით შესაძლებელია სწორედ იმ ადამიანების დახმარება, ვისაც არ შეუძლია სირბილი.

"მინდა, რომ ასეთ ისტორიულ და მნიშვნელოვან პროექტში ჩემი წვლილი შევიტანო. ვგეგმავ ძალიან ბევრი კილომეტრის გარბენას", - ამბობს სამორი.

მსოფლიო რბენაში გამარჯვებას გეგმავს იუმორისტი ნიკა გრიგოლია. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია სისტემატური ვარჯიში - "მე ვაპირებ გამარჯვებას, მჯერა, რომ გავიმარჯვებ!"

არ იცის, რამდენი კილომეტრის გარბენას შეძლებს, თუმცა ამბობს, რომ შეეცდება, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. I’ll try my best, - ამბობს მსახიობი ნინუცა მაყაშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, საქველმოქმედოა და ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. პირველ რიგში, ვეხმარებით ზურგის ძვლის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს და მეორე, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ვივარჯიშოთ".

"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - (ასაკი 18+). "მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან "ლელო week"-ი და "პალიტრა TV".

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life-ი და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას. მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

ნათია ლეშკაშელი
®
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული