Wings for Life-ის საქართველოს გამარჯვებული კალიფორნიაში ირბენს

AutoSharing Option
ანატოლი ოლეინიკოვი 2014 წლის საქართველოს Wings for Life მსოფლიო რბენის გამარჯვებულია. მან 52.65 კმ გაირბინა და ბოლო იყო მამაკაც მორბენლებს შორის, ვისაც ფინიშის მანქანა დაეწია.

- 2014 წელს, როცა Wings for Life მსოფლიო რბენის სტარტზე იდექით, ფიქრობდით, რომ საქართველოს გამარჯვებული გახდებოდით?
- ნებისმიერი სპორტსმენის მიზანი გამარჯვებაა. სტარტზე რომ ვიდექი, ვიცოდი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი. წინათგრძნობა არ მქონია, მაგრამ მქონდა დიდი იმედი. ვიცოდი, რომ თუ მომეცემოდა ამის შანსი, მოგებას აღარ გავუშვებდი ხელიდან და ასეც მოხდა.

- წელს კალიფორნიაში მიემგზავრებით. რატომ აირჩიეთ კალიფორნიის
სარბენი ბილიკი?

- ამერიკაში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ოცნების ასრულების ამაზე უკეთესი შესაძლებლობა ნამდვილად არ მექნებოდა.

- კალიფორნიაში რბენა დილის 04:00 საათზე იწყება. ხომ არ ქმნის ეს დამატებით სირთულეს?
- რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი იქნება. მომზადების ბოლო პერიოდში ვაპირებ, რომ გადავიდე დილის სირბილზე. ნელ-ნელა შევაჩვევ ორგანიზმს. კონსულტაციებს გავდივარ ექიმთან და მისი რჩევით რბენამდე 2 დღით ადრე ჩავდივარ კალიფორნიაში, რადგან მესამე დღის შემდეგ ორგანიზმი იწყებს გადაწყობას ახალ კლიმატზე და დროის ზონაზე, აკლიმატიზაციის დროს უფრო ძნელია ფიზიკური დატვირთვა. ამიტომ ვირბენ მანამდე, სანამ ეს პროცესი დაიწყება.

- 2015 წლის რბენისთვის რა მიზანი გაქვთ დასახული? რამდენი კილომეტრი გინდათ, რომ გაირბინოთ?
- 70 კილომეტრის გარბენას ვგეგმავ. ვნახოთ, რა გამოვა. პატარა ტრავმები მაქვს, მაგრამ იმედია, ეს ხელს არ შემიშლის სირბილში.

Sportall.Ge

- რას ეტყვით მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია მონაწილეობის მიღება რბენაში? თავად თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?
- მსოფლიო რბენის შესახებ ჩემმა წვრთნელმა, ჰამლეტ მაკოიანმა მიამბო, რომელიც შარშან მეორე ადგილზე გავიდა. მაშინვე დავინტერესდი, რადგან შორ მანძილზე სირბილი ყველაზე ძალიან მიყვარს.

მოგვიანებით, როდესაც რბენის მიზანი გავიგე, ყოველგვარი ეჭვი გამიქრა იმასთან დაკავშირებით, უნდა მიმეღო თუ არა რბენაში მონაწილეობა. კახეთში საოცარი სითბო და თანადგომა ტრიალებდა - ყველანი ერთად შევიკარით ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისა და განკურნების ძიების მხარდასაჭერად.

მსგავსი დაზიანებისგან არც ერთი ადამიანი არ არის დაცული. ამიტომ აუცილებლად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ რბენაში და ერთად უნდა დავდგეთ სტარტზე, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
70 კილომეტრი? ფეხები ამოუვა კისერში... საინტერესოა, რეკორდი რამდენია?
giorgi
20:30 02-04-2015
0

სიახლეები პოპულარული