საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები აგრძელებს მზადებას სეულში, ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც მათთან ერთად სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებიც ვარჯიშობს. გუშინ მათ მონღოლები და შვეიცარიელებიც შეუერთდნენ. ორივე მათგანი უძლიერესი შემადგენლობითაა ჩასული სეულში, თუმცა ამ კუთხით შვეიცარიელებისა რა გითხრათ და მონღოლეთი გაცილებით საინტერესოა.

როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, ჩვენს გუნდში ყველა ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დამაკმაყოფილებელია იმათი მდგომარეობაც, რომლებსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახისა თუ სირთულის ტრავმა აწუხებდათ. იქ ჩასვლისას მხოლოდ საკუთარი ხარჯით წასული ბექა შავდათუაშვილი (66) გაციებულა, თუმცა
უკვე ისიც გამოჯანმრთელებულა და ჩვეულებრივ ვარჯიშობს.

გუნდთან ამ დღეებში ნაკრების კორეელი კონსულტანტი კი-იონ ჯეონი მეუღლესთან ერთად მისულა და ბიჭებს გააცნო - ჩანს, კორეელი თავს ამ გუნდის წევრად მიიჩნევს და ქართულ წესზეც ცდილობს მოქცევას. თუმცა ამისი მცდელობა თურმე კორეულ ფედერაციას და ნაკრების ხელმძღვანელობასაც ეტყობა - მათ, გარდა იმისა, რომ წვრთნისა და ვარჯიშისთვის საუკეთესო პირობები დაახვედრეს ჩვენებს, თურმე არც ვარჯიშის გარეთ გვაკლებენ ყურადღებას და ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი პატივი გვცენ.

კორეული შეკრება კიდევ ერთი კვირით გაგრძელდება, მერე კი ირაკლი ცირეკიძის გუნდი იაპონიაში გადაინაცვლებს, სადაც კოდოკანში კიდევ ორკვირიან შეკრებას გაივლის. ისიც ერთობლივი ვარჯიში იქნება, ოღონდ, სავარაუდოდ, გაცილებით ფართო მასშტაბისა, რადგან "ღია კარის" დღე თავად იაპონიის ფედერაციამ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, ამ შეკრების შემდეგ ისინი კარებს ჩარაზავენ და უცხოელებს სავარჯიშოდ არ შეუშვებენ, რათა მშვიდ გარემოში მოემზადონ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამ პერიოდში უცხოელების მიღება კლუბებსაც კი ეკრძალებათ და იაპონური ფედერაცია გამონაკლისს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ დაუშვებს.

იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენს ნაკრებს მორიგი ერთობლივი შეკრება უკვე ესპანეთში ელოდება, სადაც ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კემპზე წავლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული