მტკივნეული მარცხი - ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
სამწუხაროდ, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 27 აგვისტოსაც უმედლოდ დავრჩით, თუმცა ეს წაგება ბევრად უფრო მტკივნეულია, რადგან ჩვენი გუნდის ლიდერი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) გამოდიოდა.

თანაც, პირველ დღეს, 26 აგვისტოს ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოსთვის თუ მაინც იჭიდავა, შავდათუაშვილი 1/16-ედფინალში დამარცხდა და სანუგეშოშიც ვერ გადავიდა.

მან დაკარგა შანსი, პირველხარისხოვანი ტურნირების საჩემპიონო სამკუთხედი შეეკრა, რაც ჯერ ქართველთაგან არავის მოუხერხებია.

დასანანია, რომ ამჯერადაც უფრო ჩვენივე შეცდომით წავაგეთ, ვიდრე მეტოქემ გვაჯობა. პირიქით - იმ საბედისწერო ეპიზოდამდე შავდათუაშვილი ბრიტანელ კოლინ
ოუტსს იუკოთი უგებდა და შეხვედრასაც აკონტროლებდა. არაფერი მოასწავებდა ისეთ დასასრულს, რაც საბოლოოდ მივიღეთ.

მართალია, ლაშას 3 გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ორი მაინც - საეჭვო ვითარებაში მიღებული. სამაგიეროდ, იუკოთი უგებდა - დასრულებამდე 2.50 წუთით ადრე ეფექტური გადავლებით გვერდზე დაიქნია. გაფრთხილებების მიუხედავად, ტაქტიკურად ჩვენებური უფრო სწორად ჭიდაობდა და ბრიტანელს გასაქანს არ აძლევდა, მაგრამ, ვფიქრობთ, ადრე დაიწყო დროის გაყვანაზე ფიქრი. ამან მსაჯს საშუალება მისცა, მესამედაც გაეფრთხილებინა - სასტვენამდე 1.20-ით ადრე.

შესაძლოა, ჩვენებური მოხსნის შიშმაც აიძულა, მეტოქეს ისე დაუფიქრებლად რომ მივარდა. ვფიქრობთ, ილეთი არ ჰქონდა მომზადებული, ისე წავიდა შეტევაზე. შედეგად, ოუტსმაც იოლად აიტაცა და იპონზე დააგდო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი შეხედვით, შავდათუაშვილი თითქოს ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ რიგ კომპონენტებში აკლდა ძველებური კონდიციები - სისწრაფე, ჟინი, ცოტა გამძლეობაც... მას მოსამზადებელ პერიოდში საზარდულის ტრავმა აწუხებდა, რამაც ტურნირებიც გააცდენინა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი თავის მართლება იქნება.

ის ცოტა შენელებული, ცოტა დუნე პირველ შეხვედრაშიც იყო ჩრდილოკორეელ იონგ სიკ ჩოესთან, მაგრამ მასთან პრობლემები არ შეჰქმნია - გაფრთხილებებით მოახსნევინა, თუმცა მანამდე ორი იუკოც აართვა. პირველი წუთ-ნახევარში მოიპოვა, როცა ქამრიდან კარგად აიტაცა და ბრუნზე დააბზრიალა, მეორედ კი 2.27 წამით ადრე გამოცელა.

ლაშამ კორეელთან ძალთა მინიმალური დაძაბვით იჭიდავა და არც დაღლილა, რადგან განსაკუთრებული მობილიზება საჭიროც არ იყო.

სამაგიეროდ, კონცენტრაცია იქ ვერ შეძლო, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. არადა, ოუტსს შარშან ოლიმპიადაზე მისსავე ტატამზე მოუგო. ბრიტანელმა მანამ ტიტულოვანი უზბეკი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი რიშოდ სობიროვი კი დაამარცხა, მაგრამ მან ეს ტიტულები ქვედა წონაში მოიპოვა, აქ კი ახალი გადმოსულია და ადაპტაცია უჭირს. სობიროვი იმ ძველი ლიდერის აჩრდილიღა იყო.

ოუტსი არ გვგონია ქართველის დონის ფალავანი, რაც წაგებას კიდევ უფრო დასანანს ხდის. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ კუნძულელი მომდევნო წრეშივე დამარცხდა ყაზახ აზამატ მუკანოვთან.

სატურნირო ამბები
მუკანოვი თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ამ ტურნირის აღმოჩენად, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ წონის ფინალი უსამართლოდ დასრულდა.

მუკანოვმა ძალიან ძლიერი ბადე გაიარა - მტკივნეულით გააგდო რუსი ალიმ გადანოვი, დაამარცხა სინგაპურელი ჯოელ ცენგი, ოუტსი, იაპონელი მასააკი ფუკუოკა, უკრაინელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი ზანთარაია და ფინალშიც გაფრთხილებით უგებდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ მასაში ებინუმას და ჭიდაობითაც გვარიანად ჯობდა.

შეხვედრის მიწურულს ყაზახმა მტკივნეულზე დაიჭირა ის, თუმცა იაპონელმა გაუძლო, მაგრამ ხელი სერიოზულად იტკინა და, ფაქტობრივად, ცალხელამ გააგრძელა ჭიდაობა. ტკივილისგან ატირდა კიდეც. ამის შემხედვარე მუკანოვი კი აშკარად გაჩერდა, დადგა.

ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თითქოს ორივე დროის გასვლას ელოდა, მაგრამ ებინუმამ მაინც შეუტია და იპონზეც გადააგდო. მაინც ვფიქრობთ, ის ტრავმა და მისი ცრემლები რომ არა, ყაზახი ტემპს არ დააგდებდა და შეხვედრას მოგებამდეც მიიყვანდა. ებინუმა ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ეს უმარილო წარმატებაა.

ტურნირზე მეორე საშეჯიბრო დღემაც აზიური კარნახით ჩაიარა - ვაჟებში კვლავაც იქაური ფინალი გაიმართა, თუმცა ამჯერად ევროპელებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს. ამას, ძირითადად, 22 წლის კოსოვოელ გოგოს - მაილინდა კელმენდის (52) უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ფინალში ბრაზილია დაამწუხრა ერიკა მირანდასთან გამარჯვებით.

რომ არა მირანდა, ბრაზილიას 27 აგვისტოს სხვა სასიხარულო არაფერი ექნებოდა, რადგან მათი ვაჟები კვლავაც უმედლოდ დარჩნენ. ახალ წონაში კარგად გაიარა ადაპტაცია ზანთარაიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1. მასაში ებინუმა (იაპონია); 2. აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი); 3. გიორგი ზანთარაია (უკრაინა), მასააკი ფუკუოკა (იაპონია).
ქალები
52 კგ. 1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო); 2. ერიკა მირანდა (ბრაზილია); 3. იუკი ჰაშიმოტო (იაპონია), მარეენ კრაე (გერმანია).

ახლა ვაჟთა ტურნირს იაპონია ლიდერობს, რომელსაც ორი წონიდან ორი აქვს. საერთო მონაგარით, ორი დღის შემდეგ აზიელებს 8 მედლიდან ვაჟებშიც 6 აქვთ, ქალებში - 5; ევროპას - ვაჟებში 2, ქალებში - 1; ამერიკის მონაგარი კი ქალთა 1 ვერცხლია.

დღეს იჭიდავებენ
28 აგვისტოს ვაჟთაგან 73 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ და პირველად ამ ტურნირზე, ორი მონაწილე გვეყოლება - ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი.

უფრო ძლიერი წილისყრაც რეხვიაშვილს შეხვდა. ის პირველ წრეში თავისუფალია, როგორც მისი მომავალი მეტოქე, დომინიკელი ფაუსტინო ბივიცა. სავარაუდოდ, ჩვენებურს მისი დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს, ამათში გამარჯვებულის მომდევნო კონკურენტი კი რუსი მურატ კოძოკოვისა და იტალიელი ანდრეა რეჯისის შეხვედრაში გამოვლინდება.

აქ ფავორიტი უფრო ევროპის 2011 წლის რუსი ვიცე-ჩემპიონი ჩანს, რომელთანაც რეხვიაშვილმა სულ ორჯერ იჭიდავა და ორივე მოუგო. ეს პაექრობები წლეულს გაიმართა - პარიზისა და მოსკოვის "დიდ მუზარადებზე". ისინი წლევანდელი ევროპის გუნდური პირველობის ფინალშიც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა გაირკვა, რომ გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენებთან უწევდათ, რუსებმა კოძოკოვი მუსა მოგუშკოვით შეცვალეს, თუმცა ამით მათთვის არაფერი შეიცვალა - რეხვიაშვილმა იმასაც იოლად აჯობა.

მეორე ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჩვენებური მერვედფინალშიც გავა, სადაც სავარაუდო მეტოქედ ევროპის სლოვენიელი მოქმედი ჩემპიონი როკ დრაკშიჩი ეყოლება - ის ისეთ წილისყრაშია, მხოლოდ ირანელი ელიას ალი აკბარი თუ შეაჩერებს, მაგრამ ესეც საეჭვოა.

რეხვიაშვილი სლოვენიელს ჯერ არ შეხვედრია, მეოთხედფინალის კართან კი კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტის, ბელგიელი ევროპის ექს-ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ დირკ ვან ტიჩელტის აჩრდილი იკვეთება!

მანამდე მას მასპინძელი ბრუნო მენდოსა ან, ჰა-ჰა, ბელორუსი ალექსეი რამანჩიკი თუ შეაჩერებენ. რეხვიაშვილი ბელგიელს სამჯერ შეხვდა და ორჯერ წააგო, თუმცა მოუგო ჯერჯერობით მთავარი ორთაბრძოლა - ბრინჯაოსთვის წლევანდელ ევროპირველობაზე. იმის შემდეგ მასთან მოსკოვის "მუზარადზეც" დამარცხდა, რაც მსაჯთა დამსახურება უფრო იყო.

ტატალაშვილი პირველად ჩილელ ტომას ბრინგასს ხვდება, მასთან სავსებით მოსალოდნელი წარმატების შემთხვევაში კი მეორე წრეში უნგრელი ატილა უნგვარი ელოდება, ვისთანაც წლეულს ევროპის გუნდურ პირველობაზე დამარცხდა.

მერვედფინალამდე ჩვენებურს ბოლო სეზონში სტაბილურად მოასპარეზე ებრაელი საგი მუკიც ელოდება. აი, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა სია კი გაცილებით სოლიდურია - მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი და ფრანგი მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი უგო ლეგრანი (ამასთან ორივე შეხვედრაში დამარცხდა).

ვფიქრობთ, სათვალავიდან ამოსაგდებნი არც უზბეკი მირალი შარიპოვი, ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო და ევროპის პრიზიორი, თურქი ჰასან ვანლიოღლუ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 7 /
და საერთოდ ლაშა სუსტად გამოვიდა,ამასთან არც ერთ ჩემპიონატზე არ ყოფილა ასეთ ძლიერ ჯგუფში,საერთოდ მგონია რომ ვერ იყო ფორმაში,მთავარია შრომა და მსოფლიოსაც მოიგებს!
ogama,
15:21 28-08-2013
0
მოკლედ ეს ჟურნალისტები გაგვაგიჟებთ რა,რას ქვია უმარილო იყო ებინუმას გამარჯვება?ან იპონზე გადააგდო,კი არ გადააგდო ამოსმული შეუსრულა ლამაზად და დააიპონა ფინალში,შენს მიერ ნაქები ყაზახი კი ძალისმიერი იყო და მხოლოდ მტკივნეულს აკეთებდა.
ogama
15:18 28-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული