ძიუდო. კემპი: ვაჟებმა გეგმები შეცვალეს, ავსტრიაში მხოლოდ ქალები მიდიან

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სეზონის დასაწყისშივე შეცვალა გეგმა - ავსტრიულ მიტერშილში აღარ მიდიან ერთობლივ კემპზე, სანაცვლოდ კი ორშაბათს, 9 იანვარს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში დაიწყებენ საწვრთნელ შეკრებას.

ის შერეული ტიპისა იქნება, ანუ ფიზიკურადაც მოემზადებიან და ტატამზეც ივარჯიშებენ. მას იქვე მეორესაც მიაყოლებენ, ოღონდ ის მაინც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეკრება იქნება, რადგან მას უკვე კორეელი კონსულტანტი კი-იონ ჯეონიც დაესწრება. კორეელის კონტრაქტის დეტალებიც სწორედ მაშინ გაირკვევა.

ამ შეკრებებზე ჩვენი ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა იქნება - საქართველოს ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მედალოსანი, რომლებსაც ისინიც დაემატებიან, ვინც
ქვეყნის პირველობაზე გათავისუფლებული იყო (ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100) და სხვა).

ჩვენი ვაჟთა ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გეგმების შეცვლის სანაცვლოდ დაგეგმილზე გაცილებით მეტი ერთობლივი შეკრება გაიაროს ევროპაში და აქცენტი თებერვალზე გადაიტანა, რადგან მაშინ ისედაც უწევთ ევროპაში რამდენიმე სოლიდურ ტურნირზე გამოსვლა. 11-12 თებერვალს პარიზში გამოვლენ "დიდ მუზარადზე" და მისი დასრულების შემდეგაც გაივლიან ერთობლივ ვარჯიშებს, საფრანგეთიდან კი გერმანიაში გადავლენ, სადაც 24-26 თებერვალს "დიდ პრიზზე"გამოვლენ, თუმცა მის დაწყებამდეც გაივლიან ერთობლივ შეკრებას, ხოლო ტურნირის დასრულების შემდეგ იქვე დარჩებიან პარიზის მსგავს ერთობლივ წვრთნებზე.

ამათ შორის განსხვავება ისაა, რომ ასეთი დიდი მასშტაბის შეჯიბრებათა შემდეგ 4-5-დღიანი ერთობლივი შეკრება ისედაც ეწყობა (ეს სავალდებულოა, რაც ამ რანგის შეჯიბრებათა მასპინძლობისთვის პირდაპირაა ჩაწერილი კონტრაქტში), ხოლო გერმანული ტურნირის დაწყებამდე რაც უნდა გაიარონ, იქ ჩვენი ფედერაციის ხარჯით მიდიან.

თუმცა ამ ორ შეჯიბრებაზე ძირითადად ნაკრების ლიდერები წავლენ - პირველ-მეორე ნომრები, დანარჩენებისთვის კი მანამდეც იქნება ერთი ტურნირი - 4-5 თებერვალს პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში "ევროპის ღია კონტინენტური თასი" ტარდება ვაჟებში და იქ გამოვლენ.

სხვათა შორის, პორტუგალიაში წასასვლელი ფულიც ავსტრიულ შეკრებაზე უარის თქმით დაიზოგა და აკი გაფართოებული შემადგენლობა - დაახლოებით 15 კაცი იგზავნება. იქ ჭიდაობით სატურნირო პრაქტიკას ძირითადად ისინი მიიღებენ, რომლებსაც მთავარ გუნდში პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე ხშირად მოხვედრის შანსი ნაკლებად აქვთ, ანუ ეს სათადარიგოებზე ზრუნვის მაგალითია. თუმცა საკითხავია, კემპზე უარის თქმა დანაკლისი ხომ არაა ლიდერებისთვის, რომლებსაც იქ საშუალება ექნებოდათ, უმთავრეს ვარსკვლავებთან ერთად გაევლოთ სპარინგები. ოღონდ ისიც სათქმელია, რომ წლის განმავლობაში ნაკრების ხელმძღვანელობას რამდენიმე კემპი აქვს კალენდარში ჩასმული.

ვაჟებისგან განსხვავებით, გეგმას არ ცვლის და ავსტრიაში კემპზე მიდის ქალთა ნაკრები. თუმცა რაღა ქალთა - უკლებლივ ყველა მათგანი ჯერ ისევ ასაკობრივი გუნდის - ახალგაზრდების და ერთიც ჭაბუკთა ნაკრების წევრია.

ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს ავსტრიაში ექვსი შეგირდი მიჰყავს: ოლიკო ალადოშვილი (48), მზია ბებოშვილი, მარიამ ჯანაშვილი, სალომე მარგიანი (სამივე - 52), ხატია ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57). ამათგან სწორედ ლიპარტელიანია ჭაბუკთა ნაკრების წევრი.

ვაჟებისგან განსხვავებით, გოგოებს არჩევანიც არ აქვთ - მათ აკლიათ სპარინგები, ამ დეფიციტის შესავსებად კი ყველაზე კარგი საშუალება უცხოური შეკრებებია. ეს ყველაზე მეტად მარიამ ჯანაშვილს სჭირდება, რომელიც უკვე იმ დონემდე გაიზარდა, აქაურები ჯეროვან სპარინგებს ვეღარ უწევენ, შედეგად კი ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი სპორტული თვალსაზრისით ვეღარ იზრდება, ერთ ადგილზე გაჩერების საშიშროება ემუქრება.

თუმცა მარიამ ჯანაშვილი და ბებოშვილი წონითი კატეგორიების შეცვლის რეალობის წინაშეც დგანან. ოღონდ ბებოშვილს ტრავმებით და ოპერაციებით გამოწვეულ უქმობის პერიოდში ძალიან გაექცა წონა, ჯანაშვილი კი ძველ პარამეტრებს ინარჩუნებს, მაგრამ აქ საქმეში ძიუდოს წესებში შესატანი სავარაუდო რეფორმა ჩაერია - თუ მართლაც დაამტკიცეს ვაჟებისა და ქალების გაერთიანებული გუნდური პირველობა, მაშინ წონის შეცვლა მოუწევს. საქმე ისაა, რომ ახალი რეფორმით, გუნდურში სამი ვაჟების წონა იქნება და სამიც - ქალებისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ქალების წონა 57 კილოგრამია და არა - 52 და ამიტომ სურთ ჯანაშვილის ზედა წონაში გადაყვანა.

თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას - იქნებ ბებოშვილმა ვერ დაიკლოს წონა და ის გადაიყვანონ ზედა წონაში, ჯანაშვილი კი დარჩეს 52-ში. ჯერ ჯანაშვილიც მოზარდია, მაგრამ ეტყობა, მან უკვე მიაღწია ოპტიმალურ წონას და იმდენად არ იმატებს; ბებოშვილი კი მასზე უმცროსია და, სავარაუდოდ, მას უფრო მოემატება წონა.

ჯერჯერობით ისევ ძალაშია ქალთა ნაკრების ადრინდელი გეგმები - ავსტრიული კემპი 16 იანვარს მთავრდება, იქიდან დაბრუნებულებს, სავარაუდოდ, 23 იანვარს ბაკურიანში სურთ ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი შეკრების დაწყება, სადაც გაფართოებული შემადგენლობით ივარჯიშებენ, 6-9 თებერვალს კი ბელგიის ქალაქ სპაში სურთ ერთობლივ კემპზე წასვლა.

ოღონდ ეს მათი გეგმაა, რომელიც ჯერ ფედერაციას არ დაუმტკიცებია. თავის მხრივ, ფედერაცია სპორტის სამინისტროს ელოდება, როდის განიხილავს მათ მიერ წარდგენილ ბიუჯეტს და უცვლელად დაამტკიცებს მას თუ რაიმე კორექტივებს შეიტანს (ანალოგიურ დღეშია ფედერაციათა უმეტესობა). თენაძესაც ამის შემდეგ გასცემენ საბოლოო პასუხს, თუმცა ფედერაცია აიმედებს, რომ მაინც დაუფინანსებს კალენდარს.

ჩვენები ავსტრიაში 8 იანვარს, გამთენიისას სტამბოლის გავლით გაემგზავრებიან, ამასობაში კი ძიუდოს ცენტრი ბაქოშია გადატანილი, სადაც გუშინ დაიწყო და სწორედ 8 იანვარს დამთავრდება მსაჯთა და მწვრთნელთა სემინარი - სწორედ იქ უნდა განიხილონ წესებში შესატანი ზემოხსენებული ცვლილებები და კენჭიც უნდა უყარონ, რა დაამტკიცონ და რა შეცვალონ.

- ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს

ბაქოში საქართველოდან ოთხი კაცია წარგზავნილი - 2 მსაჯი და ამდენივე მწვრთნელი. მსაჯთა კორპუსს წარმოადგენენ ოლიმპიური კატეგორიის არბიტრი ვლადიმერ ნუცუბიძე და უმაღლესი კატეგორიის მსაჯი ამირან ტოტიკაშვილი, მწვრთნელთაგან კი - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე და ჭაბუკთა გუნდის თავკაცი გიორგი ყიზილაშვილი.

იმედია, სემინარის მონაწილენი ისეთ რეფორმებს დაუჭერენ მხარს, რაც ძიუდოს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის და ტექნიკურ ჭიდაობასაც მეტ გასაქანს მისცემს, რაც დიდი შვება იქნება ჩვენი ფალავნებისთვის, რომლებსაც ქართული ჭიდაობის ილეთების გამოყენება უფრო აქტიურად შეეძლებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უხ შენ გენაცვალე! აი მესმის კომენტარი. წარმომიდგენია რამდენი საქმე გაქვს და ალბათ ძლივს მოახერხე ორი წამით შემორბენა საიტზე რომ ეგ გენიალური კომენტარი დაგეტოვებინა.
fraternity
17:08 09-01-2017
0
ძიუდო არა იხვის ტოლმა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული