ზვიად პატარიძის დიდი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
სერბულ სრენჯანინში 20 აგვისტოს დაწყებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩინებული სტარტი აიღო ჩვენმა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა - დავით ბედინაძის შეგირდებმა თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონი ზვიად პატარიძე (100) გახდა, მესამე ადგილზე კი ლევან ქავჟარაძე (54) გავიდა.

ბუნებრივია, რაოდენობრივად მეტი მედალი, თუნდაც ბრინჯაოსი, გაცილებით კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლანდელი დასაწყისიც წარმატებული შედეგია - 20 აგვისტოს მოასპარეზე 5 კაციდან 2-მა მედალი მოიპოვა და, რაც მთავარია, ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონაში გაგვიხდა.

მისასალმებელია, რომ ქართულ საჭიდაო სახეობებში ტენდენციად წამოვიდა ძლიერი მძიმეწონოსნები. საინტერესოა,
რომ ზემოთ დასახელებული ორივე მედალოსანი წლეულს ჭაბუკებში ევროპის პრიზიორიც გახდა - ქავჟარაძემ ვერცხლი მოიპოვა, პატარიძემ - ბრინჯაო.

ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ სერბეთში ძალზე ძნელი გზა გაიარა საჩემპიონო კვარცხლბეკამდე.

წესისამებრ, ტურნირის დასაწყისში ფავორიტებს უმეტესად უმართლებთ და შედარებით სუსტებთან უწევთ პაექრობა, რის ხარჯზეც ცოტას ისვენებენ, მაგრამ ჩვენებურს არ გაუმართლა და თავიდან ბოლომდე ძლიერი ბადე ერგო - ჯერ აზიის ყაზახი ვიცე-ჩემპიონი სალავატ ახმეტკალიევი, მერე ბულგარელი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ევგენი გენჩევი, ბოლოს კი ფინალში ევროპის ასევე მოქმედი ვერცხლისმედალოსანი, სერბი ბობან ზივანოვიჩი დაუხვდა.

ნაკლებად ძლიერი მეტოქეები არც შუალედში ჰყავდა, ანუ მთელი ტურნირი ბოლომდე და თავდაუზოგავად საბრძოლველი იყო, ერთ შეხვედრაშიც კი არ ჰქონდა ამოსუნთქვის საშუალება.

საბედნიეროდ, ჩვენებურმა ეგზომ ძნელ ამოცანას თავი იოლად გაართვა, თუმცა ტურნირი წაგებით დაიწყო - ყაზახთან პირველი პერიოდი 0:1 დათმო. სამაგიეროდ, მეორეში მოწოდების სიმაღლეზე დადგა და 3:0 იმარჯვა, ბულგარელთან კი დაამტკიცა, რომ ის დაკარგული ქულა შემთხვევითობა იყო - გენჩევს წმინდად მოუგო, 6:0.

პატარიძის მომდევნო ორი მეტოქე - მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ადამბეკ სიდიკოვი და ნახევარფინალში რუსი ვლას დუბროვინი ჯერჯერობით ტიტულებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ორივე ძლიერ საჭიდაო სკოლას წარმოადგენს და გასაგებია, რომ იოლად ვერც მათთან გაისეირნებდა.

ეს უფრო რუსზე ითქმის, რომელთანაც პირველი პერიოდი 3:3 დასრულდა და ჩვენებურმა მხოლოდ მეორეში გატეხა მისი წინააღმდეგობა - 2:0, თორემ აზერბაიჯანელს ბევრად უფრო იოლად და დამაჯერებლად მოუგო - 1:0; 7:0.

პატარიძისთვის ზივანოვიჩთან ფინალური შეხვედრა ორმაგ დატვირთვას ატარებდა - გარდა იმისა, რომ სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (ანუ ჯერჯერობით კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა) იდო, ჩვენებური წლევანდელ ევროპირველობაზე სწორედ სერბთან დამარცხდა და რევანშიც ჰქონდა ასაღები.

ცხადია, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური დატვირთვაც იყო. ბუნებრივია, იგივე ტვირთი ზივანოვიჩსაც აწვა, ოღონდ ის, როგორც წინა ურთიერთშეხვედრის მომგები, პატარიძეზე უკეთეს დღეში იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ქუთაისელმა ამ დაწოლასაც გაუძლო და 6:3 მოიგო, რითაც მსოფლიოს ოქრო დაისაკუთრა, ზივანოვიჩი კი ვერც ამჯერად გადაახტა ვერცხლს.

ღირსეული რევანში ქავჟარაძემაც აიღო - სომეხი არმენ მელიქიანი, ვისთანაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალი წააგო, ამჯერად მეორე წრეში 7:2 დაამარცხა, თუმცა ფინალში გასასვლელად (ანუ იმ შედეგის, მინიმუმ, გასამეორებლად) ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქავჟარაძემ მანამდე ყირგიზი ელმარ ტალანბეკ ვულუც იოლად დაჯაბნა - 7:0, მაგრამ მეოთხედფინალში გერმანელთა მომავალ ჩემპიონ ეტიენ კინსინგერთან ვერაფერს გახდა - 0:2; 0:8 წააგო.

სამაგიეროდ, დანაკლისი დამამშვიდებელში აინაზღაურა - უზბეკ მირზობეკ რახმატოვს ორი პერიოდის ჯამში 10:0 მოუგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რუს რუსლან ვარდანიანს წმინდად აჯობა, 7:0.

სამწუხაროდ, 20 აგვისტოს ჩვენი გუნდის სხვა წევრები უმედლოდ დარჩნენ. ცხადია, ყველას მარცხი დასანანია, მაგრამ ევროპის წლევანდელ ფინალისტ გიორგი კურტანიძის (54) ნაადრევი გავარდნა განსაკუთრებით საწყენია, რადგან ევროპის პირველობის მსგავსად, ახლაც უკრაინელ მაქსიმ ევტუშენკოსთან წააგო.

ოღონდ, მაშინ თუ ფინალამდე არ გადაეყარა მას, ამჯერად მეორე წრეში არგუნა წილისყრამ. წაგება ერთია და, ევტუშენკოც მეორე წრეშივე დამარცხდა, თუმცა თვითონ საბოლოოდ ბრინჯაო მაინც მოიპოვა, ჩვენებური კი დაემშვიდობა ტურნირს და აქტივში მხოლოდ თურქ ჰუსეინ საინსთან მოგება (9:4) დარჩა.

ორი გამარჯვებით დაასრულა ტურნირი დებიუტანტმა დავით მარკოიძემ (50) - პოლონელ ბარტოლომეი კლიმეკთან 3:0 - ორ პერიოდში, ბელორუს ანდრეი სოლოვეისთან - 2:1, მერე კი უზბეკ აზიის ვიცე-ჩემპიონ კამარიდინ ზაინიდინოვთან სუფთა წაგებით (0:7) ტურნირიდანაც გავარდა.

ასევე ორჯერ იმარჯვა მინდია ბოლქვაძემაც (63) - ბულგარელ კრასიმირ კრუმოვთან 1:0 და მექსიკელ ხორხე ანტირო ლოპეს მარტინესთან 8:1, მაგრამ 0:7 დამარცხდა სომეხთა მომავალ მესამეპრიზიორ ამირიან კორიუნთან.

დღეს იასპარეზებენ...
მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატების მოპოვებას 21 აგვისტოს მორიგი ქართული ხუთეული შეეცდება.

დებიუტანტი ნუგზარ წურწუმია (42) პირველ შეხვედრას რუს ვლადისლავ გუდოზნიკოვთან გამართავს.

მომდევნო წრეში გასვლის შემთხვევაში ჩვენებურს ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ყაზახთა აზიის ვიცე-ჩემპიონი ზელიმხან უსმანოვი ელოდება.

ბადის ამავე მხარესაა აზერბაიჯანელთა ევროპის მესამეპრიზიორი სეიმურ ჰუსეინოვი, თუმცა ის ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება.

ვფიქრობთ, წურწუმიას მაინც გაუმართლა, რადგან ევროპის წლევანდელი უკრაინელი გამარჯვებული ემინ საფერშაევი და სომეხი ფინალისტი სლავიკ გალსტიანი ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ და თან, პირველივე წრეში ერთმანეთს ხვდებიან.

ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი თემურ შავაძე (46) ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება ამერიკელ ტანერ კოქსთან შეხვედრით.

მეორე წრეში სავარაუდო მეტოქედ სომეხი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ედგარ თამაზიანი ჰყავს, ვისთანაც ევროპაზე ნახევარფინალში წააგო.

ირაკლი ჩხარტიშვილი (69) პირველ წრეში უნგრელ ევროპის მოქმედ პრიზიორ ედუარდ რაკოლტას ეჭიდავება, ნუკრი შავაძე (76) - ინდოელ სუმიტ ტომარის, გიგა ქოქოლაძე (85) - თურქ ევროპის წლევანდელ ბრინჯაოსმედალოსან მუჰამედ ცანბიცაკს.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. მიხაილ რახმანოვი (აზერბაიჯანი); 2. არტურ პოლიტაიევი (უკრაინა); 3. ნუზურბეკ ტოპჩუნბაევი (ყირგიზეთი), კამარიდდინ ზაინიდინოვი (უზბეკეთი); 8. დავით მარკოიძე (საქართველო).
54 კგ. 1. კაზუია კოიანაგი (იაპონია); 2. კირილ გორშენინი (რუსეთი); 3. მაქსიმ ევტუშენკო (უკრაინა), ჰორტი მიკლოში (სერბეთი). 8. გიორგი კურტანიძე (საქართველო).
58 კგ. 1. ეტიენ კინსინგერი (გერმანია); 2. პავლო მოლნარი (უკრაინა); 3. ლევან ქავჟარაძე (საქართველო), ერიკ ტორბა (უნგრეთი).
63 კგ. 1. აზამატ ტაკოევი (რუსეთი); 2. პაულიუს გალკინასი (ლიტვა); 3. ამირიან კორიუნი (სომხეთი), ულადზიმირ საიკოუ (ბელორუსი). 7. მინდია ბოლქვაძე (საქართველო).
100 კგ. ზვიად პატარიძე (საქართველო); 2. ბობან ზივანოვიჩი (სერბეთი); 3. ბეკსულთან მახმუდოვი (ყირგიზეთი), ევგენი გენჩევი (ბულგარეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული