ჩვენ ამ დოკუმენტს შიდა განხილვამდე გავეცანით. სამწუხაროდ და სავალალოდ, სპორტულ ფედერაციათა უმეტესობისთვის მსგავსი გეგმებისა თუ სტრატეგიების შემუშავება უცხო ხილია.
ძალზე ზუსტად ბრძანა ერთხელ ძიუდოში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ, ფედერაციები ტურისტულ ბიუროებად იქცნენ, რომელთა მთელი მოვალეობაც საერთაშორისო ტურნირებზე სპორტსმენთა გასაგზავნად ვიზების გამზადებააო.
ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ რეალობას, რომელშიც ქართული სპორტი ბოლო წლების განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და, საბედნიეროდ, ვითარება
სხვა საკითხია, რა დონისაა ეს პროგრამები და რამდენად პასუხობენ თანამედროვე სპორტის მოთხოვნებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ამგვარი მოთხოვნა გაჩნდა და თან, ეს ფურცელზეც უნდა გადაიტანონ, აღმასკომს წარუდგინონ განსახილველ-დასამტკიცებლად, ანუ ოფიციალური სახე მისცენ, წინა წლების უძრაობასთან შედარებით, პროგრესის თვალსაზრისით მაინც ბევრს ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ფედერაციებმა მსგავსი სტრატეგიების შემუშავებასა და ფურცელზე გადატანაზე ფიქრი სპორტის სამინისტროს მოთხოვნით დაიწყეს - ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ არ შეიძლება, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა მოიხსნას ფედერაციის დამოუკიდებლობის მოტივით.
არსებობს ოქროს შუალედი, რომელიც სახელმწიფომ უნდა იპოვოს მმართველობის ისეთი ფორმის შესამუშავებლად, რომ ეს არც დიქტატი იყოს, მაგრამ ფედერაციასაც მუჯლუგუნი წაჰკრას და "შეაღვიძოს", როცა "ჩაეძინება" და ვერ ახერხებს პროგრესს.
აბა, როცა წლიდან წლამდე ამა თუ იმ სახეობაში არ იზრდება კლუბების რაოდენობა, არ იზრდება მოვარჯიშეთა რიცხვი, ანუ მასობრიობა, გეოგრაფია; არ უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სანამ უნდა უყურო ასეთ ფედერაციას? არადა, გავიხსენოთ, რამდენი გვინახავს ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ხალხს ვხედავდით პრეზიდენტებად? საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში კანონი განსაზღვრავს განვითარების კრიტერიუმებს - ფედერაცია მათ თუ ვერ ასრულებს, მაშინ სახელმწიფო ერევა მის ფუნქციებში საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსი ინდულგენცია და თავდაცვის საშუალება არაა, როგორც ეს საქართველოში ბევრს ჰგონია. ბოლო-ბოლო, ფედერაციების დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.
ვერ დავიჩემებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი გეგმის პროექტი სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს - ამას დრო აჩვენებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მუშაობა დაიწყეს, მრავლისმთქმელია.
გვჯერა, როცა ამის სურვილი გაჩნდა, გზადაგზა ხარვეზებსაც დაინახავენ. თუ ეს გამოჩნდება და სირაქლემას პოზას არ მიიღებენ, ასეთი მიდგომა წინსვლის გარანტიაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"