ჭიდაობა. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: სრული კომპლექტით

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკოლოზ ჭიკაიძე
გუშინ, 26 აგვისტოს, საქართველოს ჭაბუკ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი, ამჯერად ბრინჯაო შემატა თავის მონაგარს სარაევოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. მორიგი ჯილდო სართიჭალელმა ნიკოლოზ ჭიკაიძემ (69) მოიპოვა.

გუშინ ბრინჯაოს მოპოვება კიდევ ერთ ქართველს შეეძლო, მაგრამ თემურ ჭკუასელიძე (76) მეხუთეზე დარჩა.

ამდენად, სარაევოში ჩვენმა ნაკრებმა მედლების სრული კომპლექტი შეკრა. შეგახსენებთ, რომ გუშინწინ მსოფლიოს ჩემპიონი ასევე სართიჭალელი აივენგო რიკაძე (63) გახდა, რომელმაც წლეულს ევროპის პირველობაც მოიგო; ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი, ხობელი ნუგზარ წურწუმია (54) კი ვერცხლს დასჯერდა.


ჭიკაიძე მეორე წრეში 1:2 დამარცხდა პოლონელ ნორბერტ დასკიევიჩთან, მანამდე კი უნგრელი მორის კისმონი 3:1 დაამარცხა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა მიყოლებით გაიარა ეგვიპტელი ელსაიდ გლისადი - 3:0; ირანელი შაიან აფიფი - 8:5 და უზბეკი აბუდაკრ ალიმოვი - 2:1.

ჭკუასელიძე ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორია, სარაევოში კი ძირითად ბადეში პირველივე პაექრობა დათმო უკრაინელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ დმიტრო კილაშოკთან, რომელიც მერე ჩემპიონიც გახდა. სანუგეშოში ბორჯომელმა ფალავანმა ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი 12:6 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი რუს ასტემა ბარაგუნოვთან მინიმალური სხვაობით, 9:10 დათმო.

არადა, ცუდად ნამდვილად არ უჭიდავია, ერთხელ ჯვარედინი მოვლებით მშვენიერ 4-ქულიანზეც გადააგდო და რამდენჯერმე ის თავზე გადახტომაც სცადა, რასაც ეროვნული ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი შედეგიანად იყენებს.

სამწუხაროდ, გუშინ ჩვენებს სხვა წარმატება არ ჰქონიათ. ირაკლი ნაკაშია (42) პირველივე წრეში დამარცხდა იაპონელ კენსუკე შიმიზუსთან, თუმცა კი შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა. ასევე პირველივე პაექრობაში დამარცხდა გიორგი ქაცანაშვილიც (85) - უზბეკ თემურ მირზო მამაჯანოვთან, 0:4.

წაგებულთაგან გიორგი მეფიშვილი (46) აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც სანუგეშოში გადავიდა - ამერიკელ ბრედ კოენთან 8:0 მოგების შემდეგ ისიც 0:4 დამარცხდა ასევე უზბეკთან, ოღონდ მომავალ ჩემპიონ ტურაბეკ ტირკაშევთან. ჩვენებური სანუგეშოში ლიტველ აისტის ლაუგმინასთან მოგების შემდეგ ყაზახ სულთან ოლჟასთან დამარცხდა და მეშვიდეზე დარჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული