საგზური ყველაზე მჩატე წონაში - 59 კილოგრამში დაგვაკლდა, ოღონდ იქაც ახლოს ვიყავით მოპოვებასთან - გუნდის ვეტერანმა და ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, წინა ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში ჩატარებულ მეორე საკვალიფიკაციო ტურნირში ბრინჯაოს მედალი კი მოიპოვა, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, იქ სამი საგზური
საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადის ხუთი საგზური მოიპოვა, რაც სხვადასხვა სალიცენზიო შეჯიბრებებში შმაგი ბოლქვაძემ (66), ზურაბ დათუნაშვილმა (75), რობერტ კობლიაშვილმა (85), რევაზ ნადარეიშვილმა (98) და იაკობ ქაჯაიამ (130) შეძლეს. გუნდის თავკაცმა ბეგი დარჩიამაც რიო დე ჟანეიროში ეს ხუთეული წაიყვანა, რადგან კაცმა რომ თქვას, სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა.
არადა, ჯერ კიდევ შარშან ამ გუნდისგან ამდენსაც ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ ულიცენზიოდ დარჩნენ. გუნდმა ლოს ანჟელესში გამართული ეს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება, ფაქტობრივად, ჩააგდო - ერთი ბრინჯაო კი მოიპოვა, მაგრამ ისიც არაოლიმპიურ წონაში, 80 კილოგრამში ლაშა გობაძემ მოინადავლა, დანარჩენთა ჭიდაობა კი, სამწუხაროდ, კრიტიკას ვერ უძლებდა.
თუმცა გუნდმა არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი, არამედ მთელი სეზონი ჩააგდო - ივნისში თავად ვესწრებოდი ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებს და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მეც გაკვირვებული ვიყავი ნაკრების უილაჯობით, რომელსაც ჭიდაობის კი არა, ელემენტარულად, გადაადგილების თავი არ ჰქონდა.
ბეგი დარჩიამ და მისმა კრებულმა პირველი იმედი რიგაში, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ჩაგვისახეს, სადაც რიგიანად გამოვიდნენ და 3 მედალიც მოიპოვეს, თითო სამივე ხარისხისა. ჩემპიონი დათუნაშვილი გახდა, კობლიაშვილმა მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო, ბრინჯაო კი ბოლქვაძემ მოიპოვა. გუნდმა ლატვიაში ნამდვილი რეინკარნაცია გვაჩვენა.
ამათგან რიო დე ჟანეიროში წარმატებით მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდამ, 22 წლის ბოლქვაძემ იჭიდავა და ისევ ბრინჯაო მოიპოვა, დანარჩენთაგან კი ქაჯაია მე-7 ადგილზე გავიდა, კობლიაშვილი მე-9 იყო, ნადარეიშვილი კი - მე-10. ყველაზე დასანანი დათუნაშვილის წაგება იყო, ვინც პირველივე წრიდან გამოვარდა. მას წონის პრობლემა აწუხებს და უკვე გაცხადებულია, რომ ახალ ოლიმპიურ ციკლში 80 კილოგრამში გადავა. სავარაუდოდ, ბრაზილიაში ის წონის დაკლებამ გამოფიტა, თუმცა, შესაძლოა, ფორმის პიკს ევროპაზე უწია და აგვისტოში ხელახლა იმ კონდიციამდე მისვლა ვერ მოახერხა.
აშკარაა, რომ გუნდის ოლიმპიადაზე ცუდად გამოვიდა. აქ საქებარი მხოლოდ ბოლქვაძეზე ითქმის, თორემ სხვებს ბევრად მეტი შეეძლოთ, გუნდის პოტენციალი გაცილებით მაღალი იყო. ჟინიანი, ტექნიკური და ფიზიკურად კარგად მომზადებული ბოლქვაძე რიოშიც თავისი საუკეთესო კუთხით წარმოჩნდა, თუმცა, მე თუ მკითხავთ, მან საწადელს მებრძოლი, შემტევი და უკან დაუხეველი ხასიათის ხარჯზე მიაღწია. სწორედ ამის ხარჯზე დაამარცხა მან ირანელთა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ომიდ ნოოროზი.
ასეთი მებრძოლი ხასიათი მთლიანად ქართულ ოლიმპიურ დელეგაციაში მხოლოდ რამდენიმე ათლეტმა თუ გამოავლინა. ვფიქრობ, დანარჩენებს სწორედ ეს თვისება დააკლდათ საბოლოო წარმატებამდე. სხვებსაც მეტი შეეძლოთ, მაგრამ განსაკუთრებით - ქაჯაიას, ვინც გაზაფხულზე ტრიუმფით მოიგო 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი. იქ მან პატარა ბავშვებივით აბურთავა მეტოქეები და მასაც ისე ვერ დაუდგა წინ ვერავინ, როგორც ზვავს ვერ დაუდგებიან. ამ ფონზე ის რიოში, მე ვიტყოდი, ინერტულიც კი იყო. წარმოუდგენელი იყო მისი მარცხი რუს სერგეი სემენოვთან, ვინც შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს ფინალში ზვიად პატარიძემ უღვთოდ "ათრია".
გაკვირვებას იწვევს გუნდის ეს არათანაბარი გამოსვლაც, რაც ბოლო წლებში დასჩემდათ, როცა ცალკეულ ფალავანთა შემთხვევაში აღმაფრენით ჩატარებულ ტურნირს ისეთი უღიმღამო გამოსვლა მოსდევს, ვერაფრით წარმოიდგენ, ამ ორ შეჯიბრებას ერთი და იგივე ფალავანი თუ ჭიდაობს.
რაშია საქმე, რატომ ხდება ეს? ფაქტია, ორგანიზმი გარკვეულ მომენტში ვერ ასწრებს აღდგენას, ენერგიის მოკრებას, მაგრამ რატომ, რის გამო?
ეს ყველაფერი ძალიან არ ჰგავს ფიზიკურ გადაღლას - თუ მართლა ესაა მიზეზი, მაშინ მოუკლებენ დატვირთვას, ცოტას დაასვენებენ, მაგრამ ფაქტია, საქმე ასე მარტივად არაა. ვეჭვობ, მიზეზი ის საკვები დანამატები ან ფარმაკოლოგია ხომ არაა, რასაც სპორტსმენები ხშირად ექიმთა დაუკითხავად იღებენ? ორგანიზმს აღდგენა ძირითადად ასეთი მანიპულაციების შემდეგ უჭირს, თორემ ფიზიკური დატვირთვა ბევრად იოლად მოგვარდება.
ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია ფრაზა, ნაკრებს გადაადგილების თავი არ ჰქონდა-მეთქი - ბაქოში ერთ-ერთი ჩვენი სპორტსმენი ხალიჩიდან გასვლისას წაიქცა და ექიმებმა გადასხმა გაუკეთეს, კარგა ხანს იწვა იქვე, არენის კიდესთან, მედპუნქტშიც ვერ გაიყვანეს დიდხანს. ამ უცნაურ სავარჯიშო სისტემას პერიოდულად რომელიმე ახალგაზრდა ორგანიზმი გაუძლებს, გადაიტანს, თორემ ერთიანი გუნდი ვერ ჰყვება მას. ასე გაუძლო შარშან მსოფლიოზე გობაძემ, წლეულს ოლიმპიადაზე - ბოლქვაძემ, მაგრამ ეს არაა სტაბილურობა, ეს ინდივიდუალური გამონათებაა.
სამწუხაროდ და საუბედუროდ, იმის გამეორებაც კიდევ ერთხელ გვიწევს, რომ თანდათან ვკარგავთ საჭიდაო სკოლასაც და სამწვრთნელოსაც. პერსპექტიული ახალგაზრდები, იცოცხლეთ, ბლომად მოდიან და ამ ნაკრებშიც ყველა ახალგაზრდა იყო, ბოლქვაძე, კობლიაშვილი და ქაჯაია კი ეს-ესაა, გადმოვიდნენ ასაკობრივიდან ეროვნულში. ჩვენებურთა ნიჭიერების დასტურად მარტო ისიც გამოდგება, რომ ახალგაზრდებში მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატიდან 4-4 ოქრო მოგვაქვს, მაგრამ ამ ნიჭს ჯერჯერობით ეროვნულში რეალიზება ვერ მოაქვს.
კი ბატონო, ამ ბიჭებს დრო სჭირდებათ გასაზრდელად, ჯერ პატარები არიან, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ პატარიძის "ნათრევი" სემენოვი რუსებმა რამდენიმე თვეში ოლიმპიური პრიზიორი გახადეს, ხოლო საქართველოდან წასული დავით ჩაკვეტაძე, ვინც აქ ახალგაზრდებშიც არ იყო მყარად ჩამოყალიბებული, პირველი ნომერი, სამ წელიწადში ოლიმპიურ ჩემპიონად აქციეს?
ვიცი, ბევრი გამახსენებს რუსების მიერ ტურნირებზე დოლარებით გაძიძგნილი კეისების ჩატანას, მაგრამ არ მგონია, მიზეზი მხოლოდ ეს იყოს. ფულს მართლაც დიდი ძალა აქვს და ვიცით, რომ ჯოჯოხეთსაც ანათებს, მაგრამ ფაქტია - ისინი გაცილებით უკეთაც ჭიდაობენ, ჩვენებს კი ბევრი აქვთ დასახვეწი. სხვანაირად დიდი წარმატება არც ტოკიოს ოლიმპიადაზე გვექნება და არც იქამდე ჩასატარებელ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"