ელიზბარ ოდიკაძემ "ტახტის თასზე" ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტოზე: გამარჯვებული ელიზბარ ოდიკაძე

ირანულ კერმანში 12 თებერვალს დაიწყო "ტახტის თასი" თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც საჭიდაო სამყაროში ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა.

უკვე გაიმართა შეხვედრები 4-4 წონაში ორივე საჭიდაო სტილში, ჩვენებურთა მონაგარი კი 4 მედალია - 1 ოქრო და 3 ბრინჯაო.

აქედან თითო ოქრო და ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაპოვარია. მათგან ჩემპიონი თბილისელი ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდა, მესამეზე კი ქუთაისელი ბექა ლომთაძე (61) გავიდა.

"ბერძენ-რომაელთაგან" ბრინჯაოს მედლები ბათუმელმა მარადი აბულაძემ (66) და წყალტუბოელმა ირაკლი ქაჯაიამ (98) მოიპოვეს.

ჩვენი ნაკრებები ირანში განსხვავებული
მისიით ასპარეზობენ - "თავისუფლები" ძირითადად ლიდერებით ჭიდაობენ, "ბერძენ-რომაელებმა" კი მესამე-მეოთხე ნომრები გაუშვეს გამოცდილების მისაღებად. ოდიკაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე თავდაპირველად თანაგუნდელი ზვიად მეტრეველი ჩამოიცილა.

ბადის ამავე მხარეს იყო ომარ გუსოშვილიც, მაგრამ ის პირველივე პაექრობაში გამოცდილ მასპინძელ საედ ებრაჰიმთან დამარცხდა - ჩვენებურმა ორჯერ იოლად შეუშვა მეტოქე ფეხში, ერთხელ კი ირანელმა კისრულზე დაიქნია.

შეხვედრის ბოლოს გუსოშვილმაც შეძლო ქულების აღება, მაგრამ მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა. ოდიკაძემ ებრაჰიმსაც იოლად მოუგო და ნახევარფინალშიც კიდევ ერთ მასპინძელ აბაზარ ესლამსაც, რომელიც წმინდად დაჯაბნა - 10:0. საჩემპიონო შერკინებაში ქართველმა ფალავანმა მასპინძელთა ჯილა, მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონი და შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ჰასან რაჰიმი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეეძლო მეტრეველსაც, ვინც დამამშვიდებლის ფინალში გავიდა, იქ კი საეჭვო პაექრობაში, 1:1-ზე დამარცხდა ზემოხსენებულ ებრაჰიმთან.

ბექა ლომთაძემ, ვინც ახალ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფალავანია, თავიდან ირანელ ბეზად ბეჰროზირადს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც 7:10 წააგო კიდევ ერთ მასპინძელთან, არაშ დანგესარაკისთან. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად მობილიზება მაინც შეძლო.

მესამეზე გასასვლელად ერთი მოგება დააკლდა ოთარ გოგავას (57), ვინც პირველ წრეში თანაგუნდელი ბექა ბუჯიაშვილი დაამარცხა.

"ბერძენ-რომაელთაგანაც" ორი კაცი გავიდა ნახევარფინალში - ქაჯაია და სანდრო დიხამინჯია (98), თუმცა მედალი მხოლოდ წყალტუბოელმა ფალავანმა მოიპოვა. ქაჯაიამ თასის ტახტზე ასასვლელად სვლა ეგვიპტელი მოჰამად აბდელლატიფის ძლევით დაიწყო, მისი მცდელობა კი ნახევარფინალში უკრაინელმა დიმიტრი ტიმჩენკომ დაამუხრუჭა.

დიხამინჯია იმავე ეტაპზე ირანელ ამირ გასემისთან 2:6 დამარცხდა, თუმცა ქართული წყვილიდან ძალების მოკრება მხოლოდ ქაჯაიამ შეძლო - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ირანელ მეტოქეს 11:3 მოუგო.

აბულაძე ძირითადი ბადიდან შედარებით ადრე გამოვარდა, მაგრამ სანუგეშოში იყოჩაღა, დამამშვიდებლის ფინალში კი მეტოქე არ გამოუცხადდა.

ტურნირში 13 თებერვალს დარჩენილი წონების წარმომადგენლები ჩაებმებიან, როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე - თავისუფალ ჭიდაობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დადეთ ხოლმე ჭიდაობის ვიდეოები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული