მონღოლეთში იაკობაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი 4:1 დაამარცხა წონის კლებით გაწამებული სომეხთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი დავიდ საფარიანი. ჩვენებურმა მეოთხედფინალში ფრანგი იური სიმაკინი 3:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი დაძაბულ პაექრობაში 5:4 აჯობა ბულგარელ ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვს. ფინალში ჩვენებურმა 1:3 დათმო ამჟამად ბაჰრეინის სახელით მოჭიდავე ადამ ბატიროვთან, თუმცა
ულან ბატორში ერთი ლიცენზია ჩვენმა "ბერძენ-რომაელებმაც" მოიპოვეს - რევაზ ნადარეიშვილმა 98 კილოგრამში.
მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიელი მარტინ ჰამლეტ ნილსენი 3:1 დაამარცხა, მერვედფინალში ყირგიზ უზურ ჯუზუპბეკოვს 6:0 მოუგო, პოლონელ რადოსლავ პაველ გრჟიბსკისაც იმავე ანგარიშით აჯობა, ნახევარფინალში კი ჩოქბჯენიდან ორჯერ დაატრიალა შვედი კარლ ფრედრიკს სტეფან შოენი: 4:0. მეორე პერიოდში წრიდან გასვლისთვის 1 ქულა დაკარგა, თუმცა ეს შეგნებული ტაქტიკური სვლა იყო, დროის გასაყვანად გამიზნული. საბოლოოდ, 4:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა, რითაც ოლიმპიადის ლიცენზია ავტომატურად გაინაღდა, ამ არაფრისმომცემ ფინალში კი ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვიცკისთან 0:8 დამარცხდა.
ეს ჩვენი "ბერძენ-რომაელებისთვის" მესამე საგზურია. თუმცა ულან ბატორში ლიცენზიის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება დააკლდა რევაზ ლაშხს (59) - ბრინჯაოს მედალი კი მოიპოვა უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდა მეორე ბრინჯაოს მფლობელთან, უზბეკ ელმურატ ტაშმურადოვთან.
ულან ბატორში 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით მომგები იაკობ ქაჯაიაც (130) გამოდიოდა, მაგრამ, მოულოდნელად, ნახევარფინალში, ლიცენზიამდე ასე ერთი ხელის გაწვდენაზე ჩინელ ქიან მენთან 1:2 დამარცხდა. ამას ისიც დაემატა, რომ დამამშვიდებელშიც წააგო ბულგარელ მიროსლავ მეთოდიევთან.
მონღოლეთში ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილიც (85) ჭიდაობდა და ორი შეხვედრაც მოიგო: პოლონელ დამიან იანიკოვსკისთან 8:3, ხოლო იტალიელ ფაბიო პარიზისთან - 4:3, მაგრამ შემდეგ გერმანელ რამზინ აზიზსირთან 0:7 წააგო და გამოვარდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"