ქართველმა მოციგავემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ლატვიის ქალაქ სიგულდაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშების მე-4 ეტაპზე საციგაო სპორტში იუნიორთა შორის მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს ახალგაზრდა ქართველმა მოციგავეებმა.

10 იანვარს გამართულ ტურნირზე, რომელიც, ამავე დროს, იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატიც გახლდათ, ერთადგილიანი ციგით გიორგი სოღოიანმა და ვიქტორ ფერაძემ მოსინჯეს ძალები.

სოღოიანმა, როგორც მსოფლიო თასის ჩათვლაში, ასევე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველ სპორტსმენს იტალიელმა მოწინააღმდეგემ მხოლოდ წამის 2 მეათასედით აჯობა და შესაბამისად, სოღოიანს ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე მხოლოდ ნახევარი სანტიმეტრი დააკლდა. პირველი ადგილი ავსტრიელმა სპორტსმენმა დაიკავა, მეორე პოზიციაზე კი ლატვიელი მოციგავე
გავიდა.

ვიქტორ ფერაძემ მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე მე-15 ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილი გამოდგა. მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე 17 ქვეყნის 50-მდე მოციგავე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო თასზე მონაწილეობის მისაღებად 3 თვის მანძილზე ნორვეგიასა და ლატვიაში ემზადებოდნენ. ახალგაზრდა მოციგავეები მწვრთნელ - ფელიქს ქუმარიტაშვილთან ერთად, საქართველოში რამდენიმე დღეა, რაც დაბრუნდნენ და ამჟამად ბაკურიანში არიან. მოციგავეები უახლოეს პერიოდში საწვრთნელ შეკრებას გერმანიასა და ლატვიაში გაივლიან, რითიც მიმდინარე წლის სპორტულ სეზონს დაასრულებენ და ახალი სპორტული სეზონისათვის დაიწყებენ მზადებას.

ფელიქს ქუმარიტაშვილი: "ლატვიაში გამართულ მსოფლიო თასის მე-4 ეტაპზე, რომელიც, ამავე დროს, იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონატიც იყო, საკმაოდ სერიოზული კონკურენცია დაგვხვდა. სპორტსმენებს 1050-მეტრიან და 13-მოსახვევიან ტრასაზე უწევდათ გამოსვლა. გიორგი სოღოიანის მიერ ნაჩვენები შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დონის ტურნირზე მე-4 ადგილი მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ მედლის მოპოვებამდე გიორგის სულ მცირედი დააკლდა.

როგორც ცნობილია, ტრასის არქონის გამო ჩვენს სპორტსმენებს მზადება უცხოეთში უწევთ. ამ მხრივ, დიდ დახმარებას გვიწევენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი. მათი მხარდაჭერით, შედეგიც სახეზეა და სამომავლო გეგმების დასახვის საშუალებაც მოგვეცა. ახალ სპორტულ სეზონზე მსოფლიო თასის ექვსივე ეტაპზე და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ვგეგმავთ, რომელიც 2015 წელს ავსტრიაში ჩატარდება, კიდევ უფრო სამომავლო გეგმებში კი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება შედის.

რაც შეეხება ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით, საციგაო ტრასა 2014 წელს უნდა აშენდეს. ტრასა 380-მეტრიანი იქნება და საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს".


გიორგი სოღოიანი: "ლატვიაში გამართული მსოფლიო თასის მე-4 ეტაპისათვის სერიოზულად ვემზადებოდით. 3-თვიანი შეკრებები გავიარეთ ნორვეგიასა და ლატვიაში. მსოფლიო თასზე უძლიერესი სპორტსმენები გამოდიოდნენ და ასეთ მაღალ კონკურენციაში მე-4 ადგილის დაკავება ჩემთვის მაქსიმალურად მაღალი შედეგია.

სამომავლოდ უფრო მეტი მონდომებით მოვემზადებით. წინ სერიოზული ტურნირები გველის. ასევე ვიბრძოლებთ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად"
.

წყარო: msy.gov.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული