ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა: მიზანი - სოჭის ოლიმპიადა

AutoSharing Option
ოთარ ჯაფარიძე დაიბადა 1987 წლის 23 დეკემბერს თბილისში.

ფიგურულ ციგურაობაში ვარჯიში დაიწყო 7 წლისამ მშობლების ხელმძღვანელობით (დედა - მარინე ცერცვაძე ფიგურულ ციგურაობაში საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელია, ყოფილ საბჭოეთში პირველმა შეასრულა სამმაგი სალტო, მამა - ირაკლი ჯაფარიძე - ვაჟებში საქართველოს პირველი ჩემპიონი (1961), ახალგაზრდებში საბჭოთა კავშირის 1963 წლის ჩემპიონი), მერე ელენა ვოდორეზოვასთან ვარჯიშობდა მოსკოვში.

2003 წლიდან ფიგურულ ცეკვებში ელენა ახმილოვსკაიას ჯგუფში გადავიდა. მისი პირველი პარტნიორი იყო მარინა შეიცინა, რომელთანაც ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობაზე (21-ე) იასპარეზა.

2004 წლიდან ალექსეი გორშკოვი ამეცადინებდა ახალ
მეწყვილე ეკატერინა ზაიკინასთან ერთად (გრან პრიზე მე-4, მსოფლიოს პირველობაზე მე-17 ადგილი).

2007 წლიდან ამერიკაში განაგრძო ვარჯიში ევგენი პლატოვთან, ჯერ იზაბელა ტობიასთან, შემდეგ ელისონ რიდთან შეწყვილებულმა. 2008 წელს მსოფლიოს პირველობაზე მე-14 იყო, მსოფლიოს ჩემპიონატზე - მე-18, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 22-ე, ავსტრიაში გრაცის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2011 წელს ელისონ რიდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მე-17 ადგილი დაიკავა. ამჟამად ახალი პარტნიორი ჰყავს - ანგელინა ტელეგინა. მასთან ერთად 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-20 იყო.

ანგელინა ტელეგინა - დაიბადა 1992 წლის 8 მარტს უკრაინაში. 1998 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. იქვე დაიწყო ფიგურულ სრიალში მეცადინეობა სვეტლანა ლუბუშინასთან. 2008-2011 წლებში ალექსეი გორშკოვი ავარჯიშებდა ცეკვებში.

ვალენტინ მოლოტოვთან ერთად რუსეთის ჩემპიონატში 2011 წელს მე-6 ადგილი დაიკავა. მერე პარტნიორებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და წყვილიც დაიშალა.

ოთარი: 2011 წლის მაისში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მე და ელისონ რიდი ერთმანეთს დავშორდით. ჩემს მეწყვილეს მწვრთნელის შეცვლა უნდოდა, მე კი პლატოვთან დარჩენა მერჩივნა, რადგან მისი მუშაობის სტილი მომწონს.

სხვა თუ არაფერი, პლატოვმა დამაყენა ფეხზე და ზურგი როგორ უნდა შემექცია. ვერ შევთანხმდით და დავშორდით ერთმანეთს. ჩემს ასაკში ახალი პარტნიორის ძებნა უპერსპექტივოდ მივიჩნიე და ჩემს მწვრთნელთან დავრჩი სამუშაოდ.

ანგელინა: ალბათ, ბედი იყო, მე და ვალენტინ მოლოტოვიც სწორედ 2011 წელს ჩავედით პლატოვთან. თუმცა ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ, სულ ვედავებოდით ერთმანეთს და არაფერი გამოგვდიოდა. პლატოვმაც ვერ შეძლო ჩვენი დუეტის შენარჩუნება. ვალენტინი რუსეთში დაბრუნდა, მე კი ამერიკაში დავრჩი.

- და შენ და ოთარი ყინულზე შემთხვევით ერთმანეთს შეეჯახეთ...

ანგელინა
(ეცინება). თქვენ საიდან იცით?

- ფილმებში მინახავს.

ანგელინა
: მართლაც ასე იყო. საციგურაოზე მორიგი ვარჯიშისას დავეჯახე. ოთარი ერთ შეგირდს უხსნიდა რაღაცას. ეს იყო 2011 წლის აგვისტოში.

იმ დღიდან ვაკვირდებოდი, როგორ ავარჯიშებდა მოციგურავეებს, თავად როგორ ასრულებდა რთულ ელემენტებს. მაშინ გავიფიქრე, რა იქნება, ჩვენი დუეტი შედგეს-მეთქი. ჩემი იდეა მოგვიანებით ოთარს გავანდე.

ოთარი: უკვე ვმუშაობდი პლატოვთან და დიდი სპორტისთვის, ფაქტობრივად, თავი დანებებული მქონდა. თუმცა ანგელინასთვის უარიც არ მითქვამს - ასეთი გოგო როგორ გამეწბილებინა.

ერთი-ორჯერ ვცადეთ კიდეც ერთად სრიალი. მისი სტილი ჩემთვის უცხო არ აღმოჩნდა - ჩვენ ხომ ორივე სხვადასხვა დროს ალექსეი გორშკოვთან ვვარჯიშობდით. მერე საქმეში პლატოვიც ჩაერია.

ქორეოგრაფებმა და სხვა მწვრთნელებმაც მირჩიეს, კარგი დუეტი იქნებითო. მეც დავუჯერე. შარშან მაისის ბოლოს პროგრამები შევადგინეთ და სერიოზული ვარჯიში დავიწყეთ.

- არ გაგიჭირდათ?

ოთარი
: როცა ახალი წყვილი დგება, როგორი ტექნიკაც უნდა გქონდეს, ძნელია შეგუება. მიფიქრია კიდეც, ღირდა კი ყველაფრის თავიდან დაწყება?! მაგრამ, რადგანაც დავთანხმდი, ყველა სიძნელე უნდა გადამელახა.

ანგელინა: თითქმის წელიწადი ინდივიდუალურად რომ ვვარჯიშობდი, პარტნიორთან ურთიერთობას გადავეჩვიე. მეც გამიძნელდა, მაგრამ ოთარი ძალიან ყურადღებიანია, რაც საქმეს მიიოლებდა. ორივეს მშვიდი ხასიათი აღმოგვაჩნდა, მალე შევეგუეთ ერთმანეთს. წყვილებსა და ცეკვებში ხომ პარტნიორის შეგრძნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- ახალ საქმეს რომ იწყებ, ცხადია, მიზანსაც ისახავ...

ოთარი: რა თქმა უნდა. უპირველესი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება იყო. ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის სათანადო სარეიტინგო ქულების მოგროვებაა საჭირო.

ფაქტობრივად, დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ მიზნისთვის მიგვეღწია. პირველად ბრატისლავაში B კატეგორიის სარეიტინგო ტურნირზე გამოვედით ოქტომბერში. დებიუტი მე-9 ადგილით აღვნიშნეთ.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ზაგრების სარეიტინგო შეჯიბრება იყო. იქ 19 მოცეკვავე წყვილს შორის მე-12 ადგილი დავიკავეთ და ევროპის ჩემპიონატში გამოსვლის უფლებაც მოვიპოვეთ.

- ზაგრებში კონტინენტის პირველობაზე მოკლე პროგრამით უკეთ იასპარეზეთ, ვიდრე თავისუფალი პროგრამით. მიზეზი რა იყო?

ანგელინა: შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება მოკლე პროგრამის დახვეწაზე გადავიტანეთ, რადგან ფინალში გამოსვლის უფლებას მისი შედეგი იძლევა. ასეც მოხდა - 26 წყვილს შორის მე-18 ადგილზე გავედით. ფინალის შემდეგ კი მე-20 ადგილი დავიკავეთ.

- მალე მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება კანადაში...

ოთარი: როგორც გითხარით, ჩვენმა საერთაშორისო ფედერაციამ, ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის ქულები დააწესა.

ევროპას შევწვდით, მსოფლიოსთვის კი ქულების დასაგროვებლად შეჯიბრებები არ გვყოფნის. ამიტომ ახლა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის მზადებას დავიწყებთ.

კანადის მსოფლიოს ჩემპიონატზე სოჭის ოლიმპიადის 19 საგზური გათამაშდება. რჩება 5 ვაკანტური ადგილი. მათი მფლობელები სექტემბერში გერმანული ობერსდორფის სალიცენზიო ტურნირზე გაირკვევა.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეებში შევხვდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ყოველმხრივი დახმარება აღგვითქვეს და ამ მხრივ პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.

განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ ჩვენი ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი, რომელიც ყურადღებას არ გვაკლებს და ყოველმხრივ გვეხმარება. აქტიურ სპორტს რომ დავუბრუნდი, ეს ქალბატონი მაკას დამსახურებაც არის.

- ანგელინა, იცით, რომ საქართველო-რუსეთს შორის, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, მაინცდამაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა არ არის. ოთართან დუეტის შექმნა რომ გადაწყვიტე, მშობლები წინააღმდეგი ხომ არ ყოფილან?
- რას ამბობთ. დედას და მამას ქართველი მეგობრებიც ჰყავთ, რომლებთანაც დღემდე ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას.

ჩვენი დუეტის შექმნა გაუხარდათ კიდეც. ახლა რომ გაიგეს, საქართველოში მოვემგზავრებოდი, სატელეფონო საუბარში ვიგრძენი, რომ ჩემი შეშურდათ - თავის დროზე ჩვენ ვერ მოვახერხეთო საქართველოში ჩასვლა.

აქ მართლაც საოცარი გარემოა. ასეთი მოსიყვარულე ხალხი იშვიათად მინახავს. თბილისი ძალიან ლამაზია. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ მოსკოვში და ჩემებს ვუამბობ აქაურ შთაბეჭდილებებს. უამრავი ფოტოც მიმაქვს თან.

- ახალი სეზონისთვის ვარჯიშს როდის დაიწყებთ?

ოთარი: ერთ კვირაში ამერიკაში დავბრუნდებით. მწვრთნელებთან და ქორეოგრაფთან ერთად ახალ პროგრამებსა და მუსიკებს შევარჩევთ.

მარტის ბოლოდან კი აქტიურ მზადებას დავიწყებთ. წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ობერსდორფის ტურნირამდე საერთაშორისო ასპარეზობები არ იქნება, ამიტომ ამერიკაშივე ადგილობრივ შეჯიბრებებში მოვსინჯავთ ძალებს

ანგელინა: ოთარს ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში გამოსვლის დიდი გამოცდილება აქვს, რაც საქმეს გაგვიადვილებს. თავს არ დავზოგავთ, რომ ქომაგები და ის ადამიანები არ გავაწბილოთ, რომლებიც ჩვენზე ამდენს ზრუნავენ. უბრალოდ, უფლება არ გვაქვს სოჭის საგზური რომ არ მოვიპოვოთ.

- გმადლობთ გულახდილი საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ.

ოთარი: მადლობა "ლელოს", რომ მოგვიწვია და ამდენი დრო დაგვითმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთარ ჯაფარიძისა და ანგელონა ტელეგინას წყვილს მე-20 ადგილი ერგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული